Accessibility links

site logo site logo

ასეთი ივერიაც გაბრწყინდება, ოღონდ...


საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ რომელიმე იმედისმომცემი არხიდან ან აღმა-დაღმა მქექავი გაზეთიდან მალე დაახლოებით ასეთი შინაარსის ტექსტით მოგვილოცავენ მართლმსაჯულების ზეიმს:

„მთელი ჩვენი ქვეყანა დაძაბული ყურადღებით ადევნებდა თვალყურს პროცესს, საბრალდებო დასკვნას, სასამართლოს ანგარიშს, რომელიც ჩვენს პრესაში ყოველდღე ქვეყნდებოდა, სახელმწიფო ბრალმდებლისა და დამცველთა სიტყვებს - ყოველივე ამას იხილავდნენ ქვეყნის ყველა კუთხეში. და ათასჯერ მართალი იყო პროკურორი, როდესაც მან თავის ბრწყინვალე საბრალმდებლო სიტყვაში, ბრალდებულთათვის სასჯელის ღონისძიების ჩამოყალიბებისას, განაცხადა, რომ ეს არის არა მარტო მისი მოთხოვნა, არამედ მთელი ხალხის ნება-სურვილიც“.

ცხადია, ამ ცნობას სოციალური ქსელების „ფხიზელი ამხანაგებიც“ აიტაცებენ და ივერი მელაშვილს, ნატალია ილიჩოვას, მათ ადვოკატებსა და ქომაგებს კიდევ ერთხელ უწოდებენ „დამნაშავეთა გათახსირებულ ბანდას“, „გარეწართა ხროვას“, „ხალხის მტრებს“, „ნაძირალა მავნებლებს“, „გველური გესლით გაჟღენთილ არამზადებს“, „სისხლიან აგენტებს“ და ა.შ.

უწოდებენო, ვიწინასწარმეტყველეთ, მაგრამ სინამდვილეში უკვე უწოდეს... ასეთი და უარესი ეპითეტებით ამკობენ ორგანიზებულ პროპაგანდაში ჩართული ადამიანები განსასჯელებს ისე, რომ განაჩენს არ ელოდებიან; აცხადებენ მათ „დამნაშავეებად ხალხისა და სამშობლოს წინაშე“, ხალხის სახელით გამოხატავენ „რისხვასა და ზიზღს“ მათ მიმართ...

ყველაფერი რაც ზემოთ ვთქვით, უფრო სწორად, რაც ბრჭყალებშია ჩასმული და გამუქებული, საქართველოს მწერალთა კავშირის ყოველთვიურ ჟურნალ „ჩვენ თაობაში“ (1937 წლის 1 იანვარი) გამოქვეყნებული ორი წერილიდან არის ამოკრებილი. პირველი წერილის სათაურია „ქვეყანა მიესალმება სამართლიან განაჩენს“, მეორისა კი - „საქართველოს საბჭოთა მწერლების მიმართვა ამხ. ლავრენტი ბერიასადმი.“

საბჭოთა პერიოდიკიდან მოხმობილ ციტატებში უმნიშვნელო ცვლილებებია შეტანილი: „ხალხის“ ნაცვლად ორიგინალში „საბჭოთა ხალხია“ გამოყენებული, პროკურორის ნაცვლად - „ამხანაგი ვიშინსკი“.

ბერიასადმი მიწერილ წერილს ისეთი მწერლები აწერენ ხელს, რომელთა ნაწილსაც რამდენიმე თვეში ანალოგიური ბრალდებებით დახვრეტენ, სხვა მწერლები კი კვლავ მიესალმებიან „მავნებლებისა და ხალხის მტრების სამართლიან განაჩენს“.

ჩვენივე წარსულიდან გამომდინარე, კარგად ვიცით, რას ნიშნავს პოლიტიკურ ბრძოლაში მართლმსაჯულების ჩართვა, პოლიტიკური ოპონენტებისა და სხვა არასასურველი ელემენტების მავნებლებად, ხალხის მტრებად, სამშობლოს მოღალატეებად გამოცხადება; ვიცით, რას ნიშნავს ორგანიზებული, კარგად მართული „ლინჩის სასამართლო“, რომელშიც ხალხს (საზოგადოებას) მიკუთვნებული აქვს მკაცრი პროკურორისა და ჯალათის როლი, ნაცვლად ადვოკატირებისა, ნაცვლად მართლმსაჯულების ხარვეზებზე შფოთვისა, რომ სისტემამ, ნებსით თუ უნებლიეთ, არ დასაჯოს უდანაშაულო ადამიანი.

თუ არა ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესი (ოპონენტს ბრალი დასდოს ეროვნული ინტერესების ღალატში, რათა აწარმოოს ხელსაყრელი საარჩევნო კამპანია და ამ მიზნით გამოიყენოს მართლმსაჯულება) ან 1937 წლის მორალის ნარჩენები საზოგადოების ქვეცნობიერში, რა საჭიროა პროკურორზე მეტი პროკურორობა?

ახალი საქართველოსა და მისი მართლმსაჯულების 30 წლიანი ისტორია უტყუარად ადასტურებს, რომ დამნაშავე მხოლოდ იმ შემთხვევაში დააღწევს მართლმსაჯულებას თავს, თუკი თვითონ არის სისტემის ნაწილი ან თუ სისტემა დაინტერესებულია მისი გამართლებით.

როგორც წესი, თუ საქართველოში, სასამართლო დავაში რამე სახით ჩართულია პოლიტიკური ელემენტი, განაჩენი ისეთი იქნება, როგორიც წარმოუდგენია პროკურორს და არა - ადვოკატს. ეს ასეა და ამის დამადასტურებული უამრავი მაგალითი თუ კვლევა არსებობს. აბა, მაშინ რა საჭიროა ბრალდების მხარდამჭერი ეს დაუსრულებელი ისტერია სახელისუფლებო მედიებსა და სოციალურ ქსელებში? რა საჭიროა ქვის სროლა, როცა ისედაც შეყენებულია ჩახმახი?

საქმეც ის არის, რომ „კარტოგრაფების საქმე“ და მასთან დაკავშირებული სასამართლო დავა ძალიან გავს იმ დიდი პოლიტიკური პროცესის ნაწილს, რომელიც ხელისუფლებამ საარჩევნოდ წამოიწყო „მორიგი ტრუკის“ სახით და, რომელშიც ბრალდებულთა დანაშაულის დამტკიცება მხოლოდ საშუალებაა, მიზანი კი - შეიძლება მრავალი იყოს, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების დემონიზაცია (თითქოსდა, ბრალდებულები მათი დავალებით სჩადიოდნენ დანაშაულს) და ურთიერთობის შესაძლო გაფუჭება სტრატეგიულ პარტნიორთან. აკი, ამ უკანასკნელ საფრთხეზე ილაპარაკა კიდეც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, როცა განაცხადა:

"ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ გარეჯის მომავალსაც და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობასაც... რამოდენიმეჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დავით გარეჯის საკითხის ნებისმიერ სახით, ნებისმიერი მხარის მიერ პოლიტიზირება არის უაღრესად მაღალი რისკის შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იმდენად სენსიტიური საკითხია, ყველას უნდა გვეყოს პასუხისმგებლობა და დაველოდოთ იმ საგამოძიებო პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს“.

ეყო კი ხელისუფლებას და მმართველ პარტიას პასუხისმგებლობა, როცა ბრალდებულები სპეციალურად საარჩევნოდ დაიჭირა, შემდეგ კი აწარმოა აგრესიული საარჩევნო კამპანია დევიზით „გარეჯი საქართველოა“, თითქოს რომელიმე პოლიტიკური ოპონენტი წინააღმდეგი იყო ამისა?

ახლაც, ყოფნის კი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას, როცა აგრესიული პროპაგანდით (რომელშიც ჩართული არიან სახელისუფლებო და ხელისუფლებასთან დაკავშირებული მედიები და ფეისბუკ ანგარიშები, საჯარო მოხელეები, ულტრანაციონალისტი ჯგუფები, სასულიერო პირები და ა.შ.) მორალურ სასამართლოს უწყობს ბრალდებულებს და საზოგადოებას უბიძგებს მათზე ძალადობრივი იერიშისკენ?

ვინ იფიქრებდა, რომ საქართველოში 21-ე საუკუნეში კვლავ დაბრუნდებოდა ანომალური „იურიდიული ტერმინები“ „მავნებლების“, „ხალხის მტრებისა“ და „სამშობლოს გამყიდველების“ სახით?

ალბათ, ასეთი ივერიაც გაბრწყინდება, ოღონდ გაბრწყინდება კრემლის ხუთქიმიანი ვარსკვლავით, რომლის ნათება, ისედაც ბევრს ჰგონია, რომ მრავალს უხარებს გულს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაში.

ასევე ბევრს, გვახსოვს ასეთი განათებული ივერია. მას საბჭოთა საქართველო ერქვა და მაშინაც, ვინც ხელისუფლების მხარეს არ იყო „ხალხის მტრად“ და „მავნე ელემენტად“ იწოდებოდა; მაშინაც ფორმალურად არსებობდა სასამართლო და მაშინაც პროკურორის - სახელმწიფო ბრალმდებლის ნება იყო გადამწყვეტი... იმ ივერიაშიც მთავარი მმართველი პარტია და ხელისუფლება იყვნენ; იმ ივერიაშიც, თუ პარტიას დასჭირდებოდა, „ივერებს“ და „ნატალიებს“ ანადგურებდნენ როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. რაღაც მსგავსის მომსწრე ვართ ახლაც. დროში გაწელილ მორალურ განადგურებას ვადევნებთ თვალს, მაგრამ ბევრისთვის, როგორც ჩანს, ესეც არ არის საკმარისი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG