Accessibility links

site logo site logo

კონგრესის დემოკრატი წევრები და ტრამპის ადვოკატები იმპიჩმენტის პროცესის თაობაზე დავობენ


დონალდ ტრამპის ადვოკატები აცხადებენ, რომ აშშ-ის სენატს არ აქვს უფლებამოსილება იმპიჩმენტი გამოუცხადოს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, როგორც კერძო პირს. დემოკრატი კანონმდებლები კი დაჟინებით მოითხოვენ დონალდ ტრამპის გასამართლებას ამბოხის წაქეზებისათვის, რაც წინ უძღოდა გასულ თვეში კაპიტოლიუმზე განხორციელებულ სისხლიან იერიშს.

8 თებერვლისთვის დანიშნული იმპიჩმენტის პროცესამდე ტრამპის დაცვამ და წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა წევრებმა, რომლებიც ბრალმდებლების როლში იქნებიან, 2 თებერვალს სენატში მოკლე ჩანაწერები წარდგინეს.

წარმომადგენელთა პალატის 9 წევრი მიიჩნევს, რომ ტრამპმა „დატენილი ზარბაზანივით“ მიმართა ბრბო კონგრესისკენ, რის გამო იგი უნდა გასამართლდეს და ჩამოერთვას უფლება მომავალში კვლავ დაიკავოს სახელმწიფო პოსტი.

„ტრამპის საქციელი შეურაცხყოფს ყველაფერს, რაც კონსტიტუციის დაცვას ემსახურება“, - წერენ დემოკრატების მხრიდან იმპიჩმენტის ხელმძღვანელები.

ყოფილი პრეზიდენტის დაცვა კი უარჰყოფს ტრამპის რაიმე როლს სისხლიანი ამბოხის წაქეზებაში და იმპიჩმენტის თაობაზე სენატში დაგეგმილი პროცსესს არაკონსტიტუციურს უწოდებს.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე, 13 იანვარს. წარმომადგენელთა პალატის წევრთა უმრავლესობამ, მათ შორის 10-მა რესპუბლიკელმა, ამბოხებისკენ წაქეზებად შეაფასა 6 იანვარს მხარდამჭერთა მიტინგზე ტრამპის გამოსვლა, რის შემდეგაც მიტინგის ასეულობით მონაწილე კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა და მოითხოვდა, რომ კონგრესს არ ეღიარებინა 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობისას 5 ადამიანი დაიღუპა. იმპიჩმენტის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმას ხელი შეუწყო დონალდ ტრამპის განცხადებებმა არჩევნების გაყალბების შესახებ.


27 იანვარს, აშშ-ის სენატში ჩატარებული საპროცედურო კენჭისყრის შედეგად, 100 სენატორიდან 55-მა მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის განხილვის დაწყებას. წინააღმდეგი იყო 45. ისინი ყველა რესპუბლიკელები არიან. მომხრეთა შორის 50 დემოკრატი და 5 რესპუბლიკელი სენატორია. ის ფაქტი, რომ რესპუბლიკური პარტიის მხოლოდ 5-მა სენატორმა დაუჭირა მხარი განხილვის დაწყებას, მინიმუმამდე ამცირებს დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის საბოლოოდ გამოცხადების შანსს. რესპუბლიკელმა სენატორებმა განაცხადეს, რომ შეუძლებელია იმპიჩმენტი გამოუცხადონ პრეზიდენტს, რომელიც უკვე აღარ იმყოფება ხელისუფლებაში.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს, უფლებამოსილების ვადა 20 იანვარს ამოეწურა. თუ სენატი უკვე ყოფილ პრეზიდენტს დამნაშავედ ცნობს, ტრამპი ვეღარ ისარგებლებს აშშ-ის პრეზიდენტებისთვის მინიჭებული პრივილეგიებით და მომავალ არჩევნებში კენჭისყრის უფლებით.

დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა ორჯერ დაიწყო. 2019 წელს წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს უნდობლობა გამოუცხადა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით. საქმე ეხებოდა ვერსიას, რომ დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი მოწინააღმდეგის - ჯო ბაიდენის - ვაჟის ბიზნესსაქმიანობის გამოძიებას მოითხოვდა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისგან მუქარით, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კიევისთვის სამხედრო დახმარებას შეწყვეტდა. პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა სენატმა, სადაც 2019 წელს უმრავლესობაში რესპუბლიკელები იმყოფებოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG