Accessibility links

site logo site logo

კორონავირუსის პრევენციის წესების დარღვევისთვის სანქციები მკაცრდება


საქართველოს მთავრობა აპირებს სანქციები გაამკაცროს იმ მოქალაქეებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილ წესებს დაარღვევენ.

მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შეღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი ზრდის მოქალაქეების და ბიზნესის პასუხისმგებლობასაც. გახარიას თქმით, მთავრობამ უნდა იზრუნოს წესების დაცვის გამკაცრებაზე, ამიტომ პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისთვის ჯარიმა გაორმაგდება.

საქართველოში დამცავი პირბადის გამოყენება სავალდებულოა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში და ამ წესის დარღვევისთვის ჯარიმა 20 ლარია.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი წესების მიზანმიმართული დარღვევისთვის, მთავრობა ახალ სანქციებს დაუწესებს კერძო კომპანიებსაც. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, „ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებას და დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით და ვეღარ მიიღებენ მომავალში სახელმწიფოს მხარდაჭერის ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობას“.

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც უმძიმეს ფინანსურ კრიზისზე საუბრობენ და წესების დაცვით ობიექტების გახსნას მოითხოვენ, 6 თებერვალს გეგმავენ დაუმორჩილებლობის აქციას და მუშაობის თვითნებურად განახლებას.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ 15 თებერვლიდან, შაბათ-კვირის გარდა, რესტორნები და კაფეები შეძლებენ სტუმრების ღია სივრცეში მიღებას.

გარდა ამისა, 8 თებერვლიდან, შაბათ-კვირის გარდა, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 15 თებერვლიდან სკოლებში სწავლა განახლდება საკლასო ოთახებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG