Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის დაპატიმრების შემდეგ რუსეთში ინტერნეტის ბლოკირებაზე ალაპარაკდნენ


ალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნის დაპატიმრების შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების აღკვეთის მიზნით რუსეთის ხელისუფლებაში განიხილავენ იმ სოციალური ქსელების ბლოკირებას, რომლებიც, კრემლთან დაახლოებული რუსი კანონმდებლების აზრით, მოქალაქეებს უკანონო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

სოციალური ქსელების შესაძლო ბლოკირების თაობაზე საუბარია რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობის კომიტეტის სპეციალურ განცხადებაში, რომელიც 4 თებერვალს ჟურნალისტებს ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსეი პუშკოვმა, გააცნო.

სოციალურ მედიაზე კონტროლის გაძლიერებისკენ მიმართული ეს ძალისხმევა ჯერჯერობით ბოლოა რუსეთის ხელისუფლების მიერ მანამდე გადადგმულ ნაბიჯთა შორის, რაც კიდევ უფრო მეტად ართულებს დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, ერთ-ერთ ყველაზე არათავისუფალ ქვეყანაში.

პუშკოვის ინიციატივა

„ისეთი ინტერნეტპლატფორმები, როგორებიცაა „Facebook“-ი, Twitter-ი, Instagram-ი, Telegram-ი და TikTok-ი, რუსეთის მოქალაქეებს შორის მასობრივი არეულობისკენ მოწოდებისა და ისეთი ინფორმაციების გავრცელების წყაროდ იქცნენ, რომლებიც მათ (მოქალაქეებს) უბიძგებს არაკანონიერი, მათ შორის, სხვა მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საზიანო ქმედებების ჩადენისკენ“, - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობის კომიტეტის სპეციალურ განცხადებაში, რომელიც 4 თებერვალს ჟურნალისტებს ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსეი პუშკოვმა გააცნო.

ზემოხსენებული სამართალდარღვევებისათვის კომისია სავალდებულოდ თვლის ჯერ ჯარიმის დაწესებას, შემდეგ ინტერნეტპლატფორმის დროებით ან სამუდამო ბლოკირებას.

„არაკანონიერ“ ქმედებებად ფედერალური საბჭოს კომისია მიიჩნევს რუსეთში 23 და 31 იანვარს ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების ადგილის, მასში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ გაბერილი რიცხვებისა და სამართალდამცველების მხრიდან დემონსტრანტების მიმართ გამოჩენილი სისასტიკის შესახებ ყალბი ცნობების გავრცელებას ზემოხსნებული ინტერნეტპლატფორმებით.

ანუ პუშკოვი და მისი თანამოაზრე სენატორები „ფეიკნიუსებად“ მიიჩნევენ იმას, რაც მთელმა მსოფლიომ პირდაპირ ეთერში იხილა.

გასული ათი დღის განმავლობაში პოლიციამ და ეროვნულმა გვარდიამ რუსეთის ქალაქებში არაერთხელ სასტიკად დაარბიეს ნავალნის მხარდამჭერთა აქციები და 10 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

მათ შორის იყო სოსო ღლონტი - ბლოგერი და ფიტნესინსტრუქტორი.

სოსო 31 იანვარს მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს, სადაც ათიათასობით ადამიანი ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის, განთავისუფლებას მოითხოვდა.

ტელეკომპანია “Настоящее Время”-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ, რომ დაკავების დროს პოლიციელებმა მის წინააღმდეგ ელექტროშოკერი რამდენჯერმე გამოიყენეს. კადრებში ჩანს, რომ სპეცრაზმელები სოსოს დენს მას შემდეგაც ურტყამდნენ, რაც იგი მიწაზე დაეცა.

„დენს ნუღარ მირტყამთ! ისედაც მოგყვებით, გეყოფათ!” - ვიდეოზე ისმის, როგორ უყვირის სოსო სპეცრაზმელებს.

რუსეთი უარყოფს რეპრესიების არსებობას ქვეყანაში და აცხადებს, რომ მასობრივი საპროტესტო აქციების დროს დაკავებულები თავად არიან დამნაშავენი იმაში, რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდნენ.

„ამ ვითარების პროვოცირება სამართალდამცველებს არ მოუხდენიათ. ეს ვითარება პროვოცირებულია არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობით. პირველ რიგში, ამაზეა საჭირო ლაპარაკი“, განაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა. მან კომენტარი გაუკეთა ცნობებს იმის თაობაზე, რომ აქციების დროს დაკავებულები ცუდ პირობებში იმყოფებიან. მრავალრიცხოვან დაკავებულთა თქმით, მათ საათობით უხდებათ პოლიციის ავტობუსებში ცდა, საკნებში არ არის საკმარისი ადგილი, პრობლემებია მათთვის ამანათების გადაცემასა და წყლით მომარაგებაშიც კი.

ჯერჯერობით უცნობია, იქცევა თუ არა კანონად ალექსეი პუშკოვის კომიტეტის მიერ ინიცირებული წინადადება ფედერაციის საბჭოში, სადაც მანამდე თითქმის ერთხმად მიიღეს, ოპონენტების შეფასებით, დემოკრატიული პროცესების ძირგამომთხრელი კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ, რომელიც შარშან დეკემბერში კიდევ უფრო გაფართოვდა.

თუ 2012 წელს არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ კანონში შესული შესწორებებით „უცხოეთის აგენტებად“ მხოლოდ უცხოეთიდან დაფინანსებული და პოლიტიკით დაკავებული არაკომერციული ორგანიზაციები უნდა დარეგისტრირებულიყვნენ, 2017 წელს გაკეთებული შესწორებების მიხედვით, „უცხოეთის აგენტის“ იარლიყი მიეკერა უცხოეთიდან დაფინანსებულ მედიაორგანიზაციებს (მათ შორის, რადიო თავისუფლების რამდენიმე სამსახურს).

რუსეთის მედიის მარეგულირებელმა „როსკომნადზორმა“ 2020 წლის 30 ოქტომბრიდან საგრძნობლად გაამკაცრა ყველა პლატფორმაზე კონტენტის მარკირების წესები. 2021 წელს კი მოსკოვის სასამართლომ პირველი განაჩენი გამოიტანა „როსკომნადზორის“ მიერ დაწესებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ შედგენილი ოქმების მიხედვით და, საერთო ჯამში, 1 მილიონ 100 ათასი რუბლით დააჯარიმა მედიაკორპორაცია რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება (რთე/რთ) და მისი პროექტები.

სულ ახლახან, 1 თებერვალს, რუსეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც სოციალურ ქსელებში აწესებს მთელ რიგ შეზღუდვებს, მათ შორის, მომხმარებლებს უკრძალავს ბილწი, საგინებელი სიტყვების გამოყენებას.

კანონის თანახმად, სოციალური ქსელები უკვე ვალდებულნი არიან, დამოუკიდებლად განსაზღვრონ და დაბლოკონ „აკრძალული კონტენტი“ და წაშალონ შესაბამისი პოსტები, ხოლო ხელისუფლების მიერ აკრძალული პუბლიკაციების წაშლაზე უარის თქმის შემთხვევაში, საიტის მფლობელმა (ფიზიკურმა პირმა) უნდა გადაიხადოს ჯარიმა 100 ათასი რუბლი, ან 3-დან 8 მილიონ რუბლამდე. განმეორებითი დარღვევის გამო, ქსელის მფლობელმა შეიძლება დაკარგოს წლიური შემოსავლის 20 პროცენტი.

რას იტყვის ბორელი?

პოლიტიკურ ოპოზიციასა და თავისუფალ მედიაზე განხორციელებული უპრეცედენტო პრესინგის ფონზე, მოსკოვში სამდღიან ოფიციალურ ვიზიტს იწყებს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი.

ჟოზეპ ბორელი, რომელიც რუსეთში პირველად ჩადის, ვიზიტის დროს დაგეგმილ შეხვედრებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე გაამახვილებს ყურადღებას.

ვიზიტის წინა დღით რუსული გამოცემა „ინტერფაქსისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ჟოზეპ ბორელმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, საპატიმროდან გაათავისუფლონ ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი, და „ათასობით დემონსტრანტი“.

ბორელმა კვლავ გაიმეორა, რომ პოლიტიზებულად მიიჩნევს ნავალნის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს „ივ როშეს“ საქმეზე, რის გამოც 2 თებერვალს სასამართლომ კრემლის კრიტიკოსს თითქმის სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა იმ მიზეზით, რომ მან პირობითი სასჯელის მოხდის ნორმები დაარღვია, როცა აგვისტოში ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ, გერმანიაში მკურნალობდა.

3 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, დასავლეთი დაადანაშაულა ნავალნის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებაზე რეაგირების გადაჭარბებაში.

ევროკავშირი კი რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.

ასეთ კრიტიკას უსაფუძვლოდ მიიჩნევს ჟოზეპ ბორელი, რომელიც ბრიუსელის კრიტიკოს რუს პოლიტიკოსებს შეახსენებს, რომ ევროკავშირის მიერ გამოხატული პოზიცია არ შეიძლება იყოს რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევა, ვინაიდან რუსეთი ვალდებულია შეასრულოს თავის მიერვე ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის თანახმად, ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვიზიტის წინ საკუთარი მოსაზრება გამოხატა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისა და რუსი მეცნიერების მიერ შემუშავებულ კორონავირუსის ვაქცინა „სპუტნიკ V“-ის შესახებ.

ჟოზეპ ბორელის სიტყვებით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არ არის საერთო-ევროპული პროექტი და მისი ბედი გაზსადენის მშენებლობაში მონაწილე ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ. ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელმა უარყო რუსეთის ოფიციალური პირების მტკიცება, თითქოს დასავლეთი ხელს უშლიდეს რუსული ვაქცინის გავრცელებას. ჟოზეპ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირმა, შესაძლოა, მხარი დაუჭიროს „სპუტნიკ V“-ის გამოყენებას, თუ სპეციალისტები დარწმუნდებიან ვაქცინის ხარისხსა და ეფექტიანობაში.

რუსეთში თავისი პირველი ვიზიტის განმავლობაში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი აპირებს როგორც ხელისუფლების, ისე სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან შეხვედრას.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ჟოზეპ ბორელის შეხვედრა არ იგეგმება. ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა ის საპატიმროში მყოფი ალექსეი ნავალნის მონახულებას.

მისი ამ სურვილის პასუხად რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ ასეთი შეხვედრის თაობაზე გადაწყვეტილება რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა უნდა მიიღოს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG