Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენი: აშშ მტკიცედ უპასუხებს რუსეთის ქმედებებს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ


ენტონი ბლინკენი
ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია „მტკიცედ“ უპასუხებს რუსეთის ქმედებებს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.

სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ბლინკენმა ეს გაფრთხილება 4 თებერვალს გამოთქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბარში.

ენტონი ბლინკენმა სხვა საკითხებთან ერთად დააყენა აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევა, მისი სამხედრო აგრესია უკრაინასა და საქართველოში და ალექსეი ნავალნის მოწამვლა.

„სახელმწიფო მდივანმა გაიმეორა პრეზიდენტ ბაიდენის მყარი პოზიცია, დაიცვას ამერიკის მოქალაქეები და მტკიცედ იმოქმედოს აშშ-ის ინტერესების დასაცავად, რუსეთის მოქმედებების საპასუხოდ, რომლებიც ზიანს გვაყენებს ჩვენ და ჩვენს მოკავშირეებს“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

„ეს ეხება პოლ უილენისა და ტრევორ რიდის განთავისუფლებას, რათა მათ საშუალება მიეცეთ, დაბრუნდნენ შინ საკუთარ ოჯახებში შეერთებულ შტატებში“, დასძენს სახელმწიფო დეპარტამენტი.

2020 წლის ივნისში რუსეთის სასამართლომ აშშ-ის ყოფილ საზღვაო ქვეითს, უილენს, 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჯაშუშობაში ბრალდებით, რასაც ის კატეგორიულად უარყოფს.

აშშ-ის კიდევ ერთ ყოფილ საზღვაო ქვეითს, რიდს, ივლისში შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯა ორ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რასაც რიდი არ აღიარებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ლავროვმა ბლინკეს უთხრა, რომ მოსკოვი გახსნილია ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG