Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიში და სიძულვილი ვაჭრობისა და კეთილდღეობის წინააღმდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 


მთიანი ყარაბაღისთვის ომის შემდეგ სომხეთის პირდაპირ კავშირს აზერბაიჯანსა და თურქეთთან რეგიონში მტკიცე მშვიდობის საკვანძო პირობად მიიჩნევენ მიმომხილველები, მაგრამ საამისოდ შიში და მტრობა ადამიანებში ჯერ კიდევ ძალიან ღრმადაა გამჯდარი. 

ლუსინე ალეხანიანი
ლუსინე ალეხანიანი

სურსათს ყიდის - პურს, ყველს, წვენებს, სიგარეტს, ალკოჰოლიან სასმელს - სიუნიქში, სამხრეთ სომხეთში. სოფელ შურნუხში მდებარე მისი მაღაზიიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე რამდენიმე მეტრია.

რუსეთის სამშვიდობო ძალების ჯარისკაცები და აზერბაიჯანელი სამხედროები შურნუხში შარშან, წლის ბოლოს მოვიდნენ, მთიანი ყარაბაღისთვის ომის დასრულების პირობებზე შეთანხმების თანახმად.

გლობალური ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სისტემით (GPS) დადგინდა, რომ შურნუხში მდებარე 12 სახლი ღუბადლიშია, აზერბაიჯანის იმ რაიონებიდან ერთ-ერთში, რომლებიც 1990-იანი წლებიდან სომხური ძალების მიერ იყო ოკუპირებული.

ადრე აქ საზღვარი საერთოდ არ იყო. ის გადიოდა სოფლებსა და გზებზე და საბჭოთა პერიოდის ორ პროვინციას ერთმანეთისგან ყოფდა სომხეთის ქალაქ გორისის სამხრეთით.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი გადის სოფელ შურნუხზე
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი გადის სოფელ შურნუხზე

გამშვები პუნქტი არც ახლაა აქ. შურნუხის მცხოვრებლებს იოლად შეუძლიათ გადაკვეთონ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვარი. მხოლოდ აზერბაიჯანელი ჯარისკაცების მიერ აღმართული მაჩვენებელი გამცნობთ, რომ აქ საზღვარი გადის.
ლუსინე ალეხანიანი თავისი მაღაზიიდან ხედავს აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის დროშებს.
ის პროდუქტს რუს სამხედროსაც მიჰყიდის და აზერბაიჯანელ ჯარისკაცსაც, რატომაც არაო, ეუბნება ის რადიო თავისუფლების კორესპონდენტს. „მე მაღაზია მაქვს და ყველას მივყიდი - ქართველს, სომეხს თუ აზერბაიჯანელს“, თუ აქ შემოვლენო.

ცოლის ნათქვამი რომ გაიგონა ალეხანიანის ქმარმა, არუთიუნ ღაზარიანმა, განრისხებულმა მიმართა ცოლს: „თუ აზერბაიჯანელი შემოვა აქ, ვესვრი და შენც მოგკლავ“.

ჯერჯერობით აზერბაიჯანელი ჯარისკაცი მის მაღაზიაში არ შესულა.

ალეხანიანი ამბობს, რომ სომხეთის სხვა რაიონებში ლაპარაკობენ, შურნუხელებს ბარტერული ვაჭრობა ჰქონიათ ახლად ჩამოსულ აზერბაიჯანელებთან და მათთვის საწვავი შეშა მიუციათო, თუმცა თვითონ და სხვა თანასოფლელებს ამ ხმების არ სჯერათ.
„შეიძლება ერთ ან ორ წელიწადში ასეთი რამ მოხდეს, მაგრამ ახლა, ჯერჯერობით, არა. ვითარება ემოციურად ძალიან დაძაბულია“, ამბობს ლუსინე ალეხანიანი.

აზერბაიჯანის ჯარები სასაზღვრო სოფელ შურნუხში
აზერბაიჯანის ჯარები სასაზღვრო სოფელ შურნუხში

თომას დე ვაალი, კარნეგის ევროპის ფონდის ექსპერტი კავკასიის საკითხებში, ამბობს, რომ არ უკვირს ეს მითქმა-მოთქმა ბარტერული ვაჭრობის შესახებ სასაზღვრო სოფლებში, როგორიცაა შურნუხი, მიუხედავად იმ შიშის და მტრობისა, რომელსაც ხალხი საზღვრის ორივე მხარეს გამოხატავს.

"ვისაც ამ რეგიონში რაღაც ხანი გაუტარებია, იცის, რომ სომხებსა და აზერბაიჯანელებს ერთმანეთს შორის ვაჭრობის დიდი ხნის ტრადიცია აქვთ, განსაკუთრებით, მეზობელ საქართველოში", განუცხადა დე ვაალმა რადიო თავისუფლებას.

დე ვაალი აღნიშნავს, რომ გახურებული ვაჭრობა იყო სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის საქართველოში, სომხეთისა და აზერბაიჯანის სიახლოვეს, ბაზრობაზე, სანამ ის საბაჟომ არ დახურა.

"ვიყავი ბაზრობაზე სადახლოში, საქართველოში, მაშინ, როცა იქ ყვაოდა ვაჭრობა, როცა ჯერ კიდევ ღია იყო ის, და იქ ქართველები კი არა, მხოლოდ სომხები და აზერბაიჯანელები იყვნენ", თქვა დე ვაალმა. "ცოტა ხნის წინ თქვენ გაიგებდით, რომ სომხებსა და აზერბაიჯანელებს მანქანების ბიზნესი აქვთ რუსთავში, საქართველოში, ნახმარი მანქანებისა".

"ვფიქრობ, ბევრ სომეხსა და აზერბაიჯანელს აქვს ერთმანეთს შორის ვაჭრობის კარგი გამოცდილება", განაგრძო მან. "თუ პოლიტიკოსები ხელს არ შეუშლიან და თუ ისინი თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ, ვფიქრობ, სავსებით შესაძლებელია ასეთი ურთიერთობა გაგრძელდეს".

სადახლო - საზღვარი სომხეთსა და საქართველოს შორის
სადახლო - საზღვარი სომხეთსა და საქართველოს შორის

"ცხადია, რომ ეს არ არის ადვილი, ყველა იმ სიმწარის გათვალისწინებით, ადამიანების სიკვდილის, ტრაგედიების გათვალისწინებით, რაც ხალხმა გადაიტანა", თქვა მან. "მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია. მთავარია, ეს ორივე მხარისთვის მომგებიანი იყოს, რომ ეს ვაჭრობა ცალმხრივი დამოკიდებულება კი არა, ურთიერთდამოკიდებულება იყოს, რათა თითოეული მხარე გრძნობდეს, რომ ის სარგებელს იღებს ამ ვაჭრობისგან".

სასაზღვრო ბლოკადა

სასაზღვრო ბაზრობა სადახლოში - სოფელში, რომელიც უმეტესად ეთნიკური აზერებითაა დასახლებული - რეგიონალური ვაჭრობის ცხელი წერტილი გახდა მას შემდეგ, რაც 1990-იანი წლების დასაწყისში მთიანი ყარაბაღის ომის გამო, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პირდაპირი კავშირები გაწყდა.
შემდეგ, სომხური შეიარაღებული ძალების მიერ ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპაციის საპასუხოდ, თურქეთმაც დაკეტა თავისი საზღვარი სომხეთთან.

2009 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიზანი იყო თურქეთსა და სომხეთს შორის კავშირების აღდგენა და, ასევე, მათი საერთო საზღვრის გახსნა, მაგრამ 2018 წელს ეს შეთანხმება ჩაიშალა ისე, რომ არ განხორციელებულა.

ერევანი თურქულ-სომხური ურთიერთობის ნორმალიზების წარუმატებლობას საუკუნოვან მტრობას აბრალებს, რომლის მიზეზი ოსმალთა არმიის მიერ სომხების მასობრივი ხოცვა-ჟლეტაა პირველი მსოფლიო ომის დროს და ომის შემდგომ წლებში.

თურქეთი უარყოფს სომხების ორგანიზებულ სხოცვა-ჟლეტას, რასაც დაჟინებით ამტკიცებს ერევანი და რაც საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყანამაც დაადასტურა.

ამ უთანხმოების გამო სომხეთს მხოლოდ ორი სახმელეთო გზა დარჩა იმპორტისა და ექსპორტისათვის - საქართველოს გავლით ჩრდილოეთისკენ და ირანის გავლით სამხრეთისკენ.

ამასობაში, ის სატრანზიტო მარშრუტები, რომლებიც ბაქოს თურქეთთან აკავშირებს, სომხეთისთვის გვერდის ავლით ვითარდება ისეთი პროექტების მეშვეობით, როგორიცაა ჩინეთის ინიციატივა -"ერთი სარტყელი, ერთი გზა" და ტრანსანატოლიური მილსადენი, რომელიც საქართველოზე გადის.

აშშ-ს ყოფილი ელჩი მეთიუ ბრაიზა
აშშ-ს ყოფილი ელჩი მეთიუ ბრაიზა

მეთიუ ბრაიზა, ამერიკის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში, რომელიც ათზე მეტი წლის წინ ყარაბაღის კონფლიქტში შუამავლის როლს ასრულებდა, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე აშშ-დან, ამბობს, რომ ნოემბრის სამშვიდობო შეთანხმებას აქვს იმის პოტენციალი, რომ ბიძგი მისცეს ეკონომიკურ ზრდას კავკასიაში.


ბრაიზამ, რომელიც ახლა სტამბოლში ცხოვრობს და თურქული ენერგეტიკული კომპანიის, Turcas petrol-ის, მმართველ გუნდშია, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ აზერბაიჯანისთვის ყარაბაღის გარშემო მისი ტერიტორიის დაბრუნებამ შესაძლებელია გზა გაუკვალოს სომხეთის დიდი ხნის წინ გაწყვეტილი კავშირების აღდგენას თურქეთსა და აზერბაიჯანთან.

Atlantic Council-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ბრაიზა აღნიშნავს, რომ სამშვიდობო შეთანხმება "არა მხოლოდ დაასრულებს ერთ-ერთ ყველაზე უფრო ხანგრძლივ კონფლიქტს მსოფლიოში, არამედ, შესაძლოა, ასევე კატალიზატორის როლი შეასრულოს სხვა დიპლომატიური და ეკონომიკური შეთანხმებებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის აღდგენა მთელ რეგიონში".

მარცხნივ აზერბაიჯანის პრეზიდენტი - ილჰამ ალიევი, მის გვერდით რუსეთის პრეზიდენტი - ვლადიმერ პუტინი, მარჯვნივ სომხეთის პრემიერ-მინისტრი - ნიკოლ ფაშინიანი 11იანვარი 2021 წელი.
მარცხნივ აზერბაიჯანის პრეზიდენტი - ილჰამ ალიევი, მის გვერდით რუსეთის პრეზიდენტი - ვლადიმერ პუტინი, მარჯვნივ სომხეთის პრემიერ-მინისტრი - ნიკოლ ფაშინიანი 11იანვარი 2021 წელი.

11 იანვარს სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, შეხვდნენ ვლადიმირ პუტინს მოსკოვში იმ დეტალების განსახილველად, რომლებიც რუსეთის შუამავლობით დადებული შეთანხმებით გადაუწყვეტელი დარჩა - მათ შორის ის, თუ როგორ უნდა აღდგეს სარკინიგზო, საგზაო და საკომუნიკაციო კავშირები.

ერთ-ერთი პროექტი, რომელიც მათ გამოაცხადეს, იყო საბჭოთა პერიოდის სარკინიგზო ხაზის აღდგენა, რომელიც ერევანს რუსეთთან აკავშირებდა და გადიოდა აზერბაიჯანის ნახჭევანის ექსკლავზე, სანამ კვლავ გადაკვეთდა სამხრეთ სომხეთსა და შემდეგ საკუთრივ აზერბაიჯანს.

ეს პროექტი ასევე უზრუნველყოფს აზერბაიჯანს პირდაპირი სარკინიგზო კავშირით მის ახლო მოკავშირე თურქეთთან, ნახჭევანის გავლით, იმავე გზიდან განტოტვის მეშვეობით.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა, განაცხადა, რომ ირანსაც სურს დაამყაროს სარკინიგზო კავშირი სომხეთთან, ნახჭევანის გავლით.

"ეს საერთო მოთხოვნაა ირანისთვისაც და სომხეთისთვისაც, ისევე როგორც მთელი რეგიონისთვის, და ჩვენ ვმუშაობთ სომხეთთან, აზერბაიჯანსა და რუსეთთან", განაცხადა ზარიფმა 27 იანვარს, ფაშინიანთან მოლაპარაკების შემდეგ, ერევანში.

ამასობაში, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ვიცე-პრემიერები ერთმანეთს შეხვდნენ მოსკოვში, უფრო ფართო ინფრასტრუქტურული ინიციატივის ფარგლებში.

ვაჭრობის ტრადიცია

ამ კვირაში მათ შექმნეს სამუშაო ჯგუფები, რომლებიც 5 თებერვლისთვის არის დაგეგმილი, რათა უფრო ჩაუღრმავდნენ დეტალებს.

დე ვაალის თქმით, მას მიაჩნია, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფს და სხვა საერთაშორისო ორგანოებს შეუძლიათ, ასევე, ტრანსპორტისა და სასაზღვრო ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის დიდად საჭირო ფინანსების მოზიდვაში დახმარება.

"ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა სწორედ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი", განუცხადა დე ვაალმა რადიო თავისუფლებას. "ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ სარგებელი მოუტანოს არამხოლოდ აზერბაიჯანს, თურქეთსა და რუსეთს. სომხებმა უნდა იგრძნონ, მათ შორის ყარაბაღელმა სომხებმაც, რომ მათთვის სასარგებლოა ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა“.

დე ვაალი გამოყოფს აზერბაიჯანის დასავლეთში მდებარე ქალბაჩარის პროვინციას, ერთ-ერთს იმ შვიდიდან, რომლებიც ახლახან დაუბრუნდა ბაქოს კონტროლს. ის მისთვის ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეიძლება ორმხრივი ვაჭრობა წაადგეს ორსავე მხარეს, სომხურსაც და აზერბაიჯანულსაც.

„ქალბაჩარის რეგიონი ძალიან იზოლირებულია“, ამბობს დე ვაალი. „ძნელი წარმოსადგენია მისი ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა ყარაბაღსა და სომხეთთან ვაჭრობის გარეშე. თუ მინსკის ჯგუფს და საერთაშორისო მოთამაშეებს სურთ ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში რამის გაკეთება, ეს იქნებოდა კარგი პროექტი“.

თომას დე ვაალი - კავკასიის საკითხებზე მომუშავე ექსპერტი
თომას დე ვაალი - კავკასიის საკითხებზე მომუშავე ექსპერტი

ომისშემდგომი მშვიდობის სარგებელი

დიდი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ომის შემდგომი მშვიდობის განმტკიცებისა და სტაბილურობის მიღწევის საუკეთესო გზაა ყოფილ მოწინააღმდეგეებს შორის ეკონომიკური კავშირ-ურთიერთობების აწყობა.
მსოფლიო ბანკი ამბობს, რომ ეს უნდა მოხდეს არა მხოლოდ სახელმწიფოთა მთავრობების პოლიტიკის საშუალებით, არამედ, განსაკუთრებით, სავაჭრო კავშირებისა და თანამშრომლობის განვითარებით საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებთაშორის.

ამ მოდელმა იმუშავა მეორე მსოფლო ომის შემდეგ საფრანგეთსა და გერმანიას შორის სადავო ელზას-ლოტარინგიის რეგიონში, რომლის მფლობელიც ისტორიულად ხან გერმანია იყო და ხან საფრანგეთი.
ეს მოდელი გამოიყენეს აგრეთვე იუგოსლავიის დაშლისა და ომების შემდეგ ბალკანეთის აღდგენის მიზნით.

მაგრამ ყოფილ დაპირისპირებულ მხარეებს შორის უნდობლობა და მტრობა მთავრობების მხრიდან თანამშრომლობის პროექტებისთვის თანხების გამოყოფას აყოვნებს, რაც განაპირობებს სასაზღვრო არეალებში ტვირთების სწრაფი მიმოქცევისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის სიმცირეს.

„პრაგმატულად რომ ვთქვათ, სომხური ძალების გაყვანა აზერბაიჯანის [მთიანი ყარაბაღის] შვიდი რაიონიდან ნიშნავს, რომ სომხურ-თურქული ურთიერთობის ნორმალიზებისა და მათ შორის საზღვრის გახსნის ხელის შემშლელი ფაქტორი აღარ უნდა არსებობდეს“, ამბობს დე ვაალი და განმარტავს, რომ ეს იყო „თურქეთის მთავარი პრობლემა სომხეთთან“. მაგრამ, მისი თქმით, ანკარასა და ერევანს შორის ურთიერთობა ძალიან ცუდია იმის გამო, რომ თურქეთი ბაქოს დაეხმარა ომის დროს.
დე ვაალმა იცის, რომ ისტორიული უკმაყოფილება სომხეთში ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია. ის ვარაუდობს, რომ თურქულ-სომხური საზღვარი გაიხსნება და მათ შორის გარკვეული ვაჭრობა და ეკონომიკური ურთიერთობა დაიწყება, თუმცა ფიქრობს, რომ ამას დრო დასჭირდება. სომხები არ ჩქარობენ და ამას, ალბათ, არ გააკეთებენ, სანამ ხელისუფლება რეჯეპ ტაიპ ერდოანის ხელშია.
ამ დროს კი, მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგების თანახმად, თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ ერევნისთვის ბლოკადის მოხსნით „პოტენციური სარგებლობა მშვიდობისგან განსაკუთრებით დიდი იქნებოდა სომხეთისთვის“ და დაეხმარებოდა მას გაეორმაგებინა ექსპორტი.

მის მიუხედავად, მთავრობა ერევანში, ჩანს, ჯერ არ არის მზად ვაჭრობის გაჩაღებისთვის თურქეთთან.

წლის დასაწყისიდან სომხეთში თურქული პროდუქტის გაყიდვა აიკრძალა. ამის თაობაზე ცნობილი გახდა უკვე ოქტომბერში, როცა ომი მიმდინარეობდა და როცა სომხეთის მთავრობამ გამოაცხადა მიზეზი: თურქეთის ღია მხარდაჭერა აზერბაიჯანისთვის.

აკრძალვამ დიდად აზარალა სომეხი მოვაჭრეები, რომლებსაც საქართველოს გზით შეჰქონდათ თურქული საქონელი.
ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (რუსეთის მეთაურობით მოქმედი ორგანიზაცია) წევრ სომხეთს ცალმხრივად ასეთი აკრძალვის დაწესება შეუძლია მხოლოდ ექვსი თვით, მაგრამ აკრძალვის ვადის გაგრძელება ნებისმიერი გზითაა შესაძლებელი.

დე ვაალი თვლის, რომ ყარსის რეგიონში საზღვრის გახსნა ეკონომიკურად სასარგებლო იქნებოდა ორივე მხარისთვის - როგორც თურქეთის, ასევე სომხეთისთვის. მაგრამ, პოლიტოლოგის თქმით, ცნობილია, რომ აქ დიდ როლს თამაშობს წარსული. სომხებისთვის მხოლოდ ეკონომიკური სარგებელი არ იქნებოდა საკმარისი, ფიქრობს ის. სხვა ნაბიჯებიც უნდა გადაიდგას სომხეთის მიმართ: „არ ვამბობ, რომ [ანკარამ] გენოციდი უნდა აღიაროს, მაგრამ ხსოვნა რომ მიაგოს სომეხთა გენოციდს რაიმე ფორმით. [ასევე] გარკვეული შეთავაზება [თურქეთის მთავრობის მხრიდან] სომხური ეკლესიისთვის [თურქეთში]. ვფიქრობ, ამ თემებზეც საჭიროა საუბარი“, ამბობს თომას დე ვაალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG