Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება ასაჩივრებს კონტენტის მონიშვნაზე რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას


მედიაკორპორაცია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ 5 თებერვალს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის, ტვერის რაიონის სასამართლოში შეიტანა სარჩელი სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეზე, რომელიც უკავშირდება რუსეთის მთავრობის მიერ „უცხოეთის აგენტებად“ მიჩნეული მედიასაშუალებების ჟურნალისტური მასალების - შინაარსის მონიშვნას.

Roskomnadzor-ის მიერ გამოცემული და 2020 წლის 30 ოქტომბერს ძალაში შესული ბრძანება, რომლის არშესრულება ედება ბრალად რადიო თავისუფლებას, არსებითად ამკაცრებს შინაარსის - კონტენტის მონიშვნას ყველა პლატფორმაზე, და როგორც რადიო თავისუფლებაში თვლიან, წარმოადგენს პირდაპირ ჩარევას ჟურნალისტების საქმიანობაში.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ახლად დანიშნულმა პრეზიდენტმა, ჯეიმი ფლაიმ განაცხადა, რომ „კრემლი ცდილობს, თავისუფალ ინფორმაციასთან წვდომა გაურთულოს ჩვენს მზარდ აუდიტორიას. თუ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება დაკარგავს რუსეთის ფედერაციაში მუშაობის შესაძლებლობას, რუსეთის ხალხმა შეიძლება დაკარგოს ახალი ამბების სანდო წყარო“.

Roskomnadzor-ი მოითხოვს, რომ სხვათა შორის, რადიო თავისუფლების ჟურნალისტების მიერ ნაწარმოებ ნებისმიერ აუდიო- და ვიდეომასალას წინ უძღოდეს 15-წამიანი ხმოვანი ფრაგმენტი ან ვიდეოტიტრი, რომელიც იტყობინება „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის შესახებ. ამგვარი მონიშვნა უნდა გაკეთდეს უგამონაკლისოდ ყველა ტექსტზე საიტებზე, ასევე ცნობებსა და პოსტებზე სოციალურ ქსელებში მათი მოცულობის მიუხედავად.

Roskomnadzor-ის ქმედება, ნათქვამია რადიო თავისუფლების იურისტების მიერ რაიონულ სასამართლოში გაგზავნილ ათგვერდიან დოკუმენტში, ეწინააღმდეგება ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას, უპირისპირდება რუსეთის კონსტიტუციას და მასმედიის შესახებ კანონს, ზღუდავს მედიაბაზარზე კონკურენციას.

სარჩელში წერია, რომ რუსეთში აკრძალულია ცენზურა, თუმცა Roskomnadzor-ის ბრძანებაში გამოთქმული ნორმატივები ამახინჯებს ინფორმაციის არსს, ცვლის აუდიტორიის მიერ მის აღქმას. ამ მოთხოვნების შესრულება ქმნის რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ცნობების და პროექტების მასალების მიმართ უნდობლობის განწყობას. უწყების ბრძანების შესრულება ბევრ შემთხვევაში ტექნიკურად შეუძლებელია, წაიკითხავთ სარჩელში.

რუსეთში რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ინტერესების წარმომადგენელ ორგანიზაციას Roskomnadzor-მა შარშან გაუგზავნა შეტყობინება მისი ბრძანების დარღვევის ასობით ოქმის არსებობის შესახებ. ჯარიმის საერთო რაოდენობა ასეულმილიონობით რუსული რუბლი შეიძლება იყოს. სასამართლომ უწყების მიერ შეტანილი საჩივარი მიიღო და მის წინააღმდეგ არის მიმართული რადიო თავისუფლების მიერ 5 თებერვალს შეტანილი სარჩელი.

XS
SM
MD
LG