Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აიათოლა ხამენეი აცხადებს, რომ აშშ-მა უნდა გააუქმოს ირანის მიმართ სანქციები


ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ აშშ-მა უნდა გააუქმოს ირანის მიმართ დაწესებული სანქციები და დაუბრუნდეს დასავლეთის სახელმწიფოებისა და ირანის ბირთვულ შეთანხმებას.

„თუ მათ სურთ, რომ ირანი დაუბრუნდეს თავის ვალდებულებებს, მაშინ აშშ-მა ნამდვილად უნდა გააუქმოს ყველა სანქცია, შემდეგ ჩვენ ჩავატარებთ შემოწმებას და თუ დავრწმუნდებით, რომ სანქციები სწორად არის გაუქმებული, დავუბრუნდებით ვალდებულებების შესრულებას“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ შაბათს, სახელმწიფო ტელევიზიით გაკეთებულ მიმართვაში.

ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ეს არის ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერის პირველი საჯარო გამოსვლა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ. მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა ვაშინგტონს, დაბრუნდეს 2015 წელს ხელმოწერილ საერთაშორისო შეთანხმებაში, რომელიც აშშ-მა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით 2018 წელს დატოვა და ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესა თეირანს.
პასუხად ირანმა განაცხადა, რომ აღარ აწვევს ვალდებულების ტვირთი და თანდათანობით დაიწყო შეთანხმების პირობების დარღვევა.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სწავლობს საერთაშორისო შეთანხმებაში დაბრუნების გზებს. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ ირანი შეთანხმების პირობების შესრულებას დაიწყებს, მაშინ ვაშინგტონი მის მაგალითს მიბაძავს.

XS
SM
MD
LG