Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიაში აიკრძალა ტელეარხ "როსია РТР"-ის მაუწყებლობა უკრაინის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების გამო


ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა
ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა

ლატვიის ელექტრონული მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) გადაწყვიტა, რომ 8 თებერვლიდან ერთი წლით შეაჩეროს რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული, ტელეკომპანია „როსია РТР“-ის მაუწყებლობა, მის ეთერში უკრაინის მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისა და სიძულვილის ენის გამოყენების გამო.

„ჩვენ ვიცავდით, ვიცავთ და კვლავ დავიცავთ ჩვენს საინფორმაციო სივრცეს“, - განაცხადა ამ გადაწყვეტილების კომენტირებისას ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელმა, აივარ აბოლინშმა.

ზაფხულში NEPLP-მა განაცხადა, რომ ზემოხსენებული ტელეარხის მიმართ აამოქმედა შეზღუდვის პროცედურა მას შემდეგ, რაც გადაცემა „60 წუთში“ ადგილი ჰქონდა სიძულვილის გაღვივების მცდელობას. გადაცემის მონაწილეებმა და, კერძოდ, წამყვანმა, ოლგა სკაბეევამ, უკრაინაზე საუბრის დროს მეზობელ ქვეყანას უწოდეს ტერორისტული სახელმწიფო, ხოლო ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს - ტერორისტი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლატვიაში იზღუდება ტელეკომპანია „როსია РТР“-ის მაუწყებლობა. 2019 წლის იანვარში აღნიშნულ ტელეკომპანიას სამი თვით აუკრძალეს ლატვიის ტერიტორიაზე მაუწყებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG