Accessibility links

site logo site logo

გარდაბნის მუნიციპალიტეტს 8 მანქანით უნდა ესარგებლა, თუმცა 92-ს იყენებდა - აუდიტი


გარდაბნის მუნიციპალიტეტი მთავრობის რეკომენდაციით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობაზე 84-ით მეტ მანქანას იყენებდა. ასეთია აუდიტის სამსახურის 2018-2019 წლის საქმიანობაზე დასკვნა, რომელიც 2021 წლის 5 თებერვალს გამოქვეყნდა.

დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 8 ერთეული მანქანის გამოყენება, თუმცა მუნიციპალიტეტი სარგებლობდა:

  • 2018 წელს ბალანსზე რიცხული 23 სამორიგეო და 69 კერძო საკუთრებაში არსებული მანქანით;
  • 2019 წელს − 19 სამორიგეო და 76 კერძო საკუთრებაში არსებული ავტომობილით.

2018-2019 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტმა გახარჯა 823,7 ათასი ლარის ღირებულების 393,6 ტონა საწვავი. აუდიტის სამსახურმა საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით არაერთი საეჭვო გარემოება გამოავლინა. მაგალითად:

  • 5 ტონამდე საწვავი გახარჯულია თანამშრომლების შვებულებაში ყოფნის დროს კერძო საკუთრებაში მყოფ ავტომობილებში;
  • ასევე გამოვლინდა, რომ 500 ლიტრამდე საწვავი დახარჯულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში მყოფი პირების სარგებლობაში არსებულ მანქანებზე;
  • 6 ტონამდე საწვავი ავტომობილებში ჩასხმულია სხვადასხვა ქალაქში ისეთ დროს, როდესაც მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირები არ იმყოფებოდნენ ქვეყნის შიგნით სამსახურებრივ მივლინებაში.

"მერიას არ გააჩნია რაციონალური მიდგომა საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით, რაც ხელს უწყობს საბიუჯეტო ასიგნებების არაეკონომიურ და არარაციონალურ ხარჯვას", - ვკითხულობთ დასკვნაში.

ამ საკითხზე რადიო თავისუფლება მუნიციპალიტეტის მერს დაუკავშირდა. მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, შეტყობინებით გვაცნობა, რომ შეხვედრაზე იყო. საკრებულოს თავმჯდომარ კი აცხადებს, რომ დეტალური ინფორმაცია არ აქვს ამ საკითხზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG