Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა დაიწყო ვაქცინაციის კამპანია Sputnik V-ით


ირანმა დაიწყო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია რუსული წარმოების ვაქცინა Sputnik V-ით.

ჯანდაცვის მინისტრის, საიდ ნამაკის თქმით, პირველი ადამიანი, ვისაც უკეთდება ირანში ეს ვაქცინა, მისი შვილია.

მინისტრის მოადგილის, ალირეზა რაისის თქმით, ვაქცინა პირველ რიგში გაუკეთდება სამედიცინო პერსონალს, რომელიც COVID-19-ით დაავადებულებს მკურნალობს, ასევე ხანდაზმულებს, შშმ პირებსა და ვეტერანებს.

Sputnik V-ის პირველი პარტია ირანში 4 თებერვალს ჩავიდა. ირანის ხელისუფლების თქმით, დაგეგმილია კიდევ ორი პარტიის ჩატანა 18 და 28 თებერვალს.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, კიანუშ ჯაჰანპურმა AFP-ს განუცხადა, რომ ირანმა ვაქცინის 2 მილიონი დოზა შეიძინა.

2 თებერვალს ავტორიტეტიანმა სამეცნიერო ჟურნალმა Lancet-მა გამოაქვეყნა Sputnik V-ის გამოცდის მესამე სტადიის შუალედური შედეგები. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ პრეპარატის ეფექტიანობამ 91,6% შეადგინა.

ოფიციალური ინფორმაციით, ირანში დღემდე გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 1,4 მილიონი შემთხვევა. გარდაიცვალა 58500.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG