Accessibility links

logo-print logo-print

მასშტაბური ძარცვა ევროპაში - რას ნიშნავს "ქართული მეთოდი"?


„ქართული მეთოდი“ - ასე მოიხსენიებს იტალიური მედია ბინების ძარცვის სპეციფიკურ ხელწერას, რომელიც სპეცოპერაცია „კანონიერი ქურდის“ ფარგლებში დაკავებულ მძარცველებს ახასიათებდათ. ქართველების ხელწერის შესახებ წერს ფრანგულენოვანი მედიაც.

საქართველოს შს სამინისტროს ცნობით, ევროპის ქვეყნებში 9 თებერვალს საქართველოს 45 მოქალაქე დააკავეს. განსხვავებულია იტალიისა და საფრანგეთის მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია.

  • კონკრეტულად რა ხელწერით მოქმედებდა დანაშაულებრივი დაჯგუფება ევროპის ქალაქებში?
  • საიდან მოდის და რამდენად მართებულია ლაპარაკი ძარცვის „ქართულ მეთოდზე“?

„ძარცვა „ქართული მეთოდით“ - მასშტაბური საპოლიციო ოპერაცია. დაკავებულია 62 პირი. დაჯგუფებას შეეძლო გაეხსნა ბინის შესასვლელი კარები და სეიფები სპეციალურად მომზადებული ინსტრუმენტებით, კვალის დატოვების გარეშე“ - წერს იტალიური გამოცემა „GENOVATODEY“.

იტალიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში დაკავებულ 62 სავარაუდო დამნაშავეზე იუწყებიან სხვა მედიასაშუალებებიც. პუბლიკაციების თანახმად, დაკავებულთაგან 58 პირი საპატიმროშია, ხოლო კიდევ 4-ს შინაპატიმრობა აქვს მისჯილი და ისინი სავარაუდოდ წარმოადგენენ „ქართული წარმოშობის ტრანსნაციონალური დანაშაულებრივ ორ დაჯგუფებას“, რომლებიც პირდაპირ კავშირშია „კანონიერი ქურდების“ დანაშაულებრივ გაერთიანებასთან. მედიის ცნობით, 62-დან 36 პირის დაკავება იტალიის ფარგლებს გარეთ მოხდა.

ევროპული მედია ასევე საუბრობს უკრაინულ დაჯგუფებაზეც, რომლის წევრებსაც, თავიანთი გადამზიდავი თუ საკურიერო კომპანიების დახმარებით, ქართველების მიერ ნაქურდალი ძვირფასეულობა გასაყიდად უკრაინაში გადაჰქონდათ. ხმაურიან საქმესთან დაკავშირებულ აბსოლუტურად ყველა პუბლიკაციაში ყურადღება მაინც ქართველების ნამოქმედარზე გამახვილებული.

„ქართული მაფია“ ფიგურირებს ერთ-ერთი ფრანგული გამოცემის სათაურში; ხოლო ტექსტში ლაპარაკია საფრანგეთში 9 თებერვალს ჩატარებულ კიდევ ერთ სპეცოპერაციაზე, რომლის ფარგლებშიც, ჯამში, 26 პირი დააკავეს. სტატიის ავტორის ინფორმაციით, დაკავებული 24 პირი საფრანგეთში საქართველოდან არის ჩასული.

საქართველოს შს სამინისტროს მიერ 10 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში ლაპარაკია ორი სპეცოპერაციის („კანონიერი ქურდი“ და „BRATVA-35“) ფარგლებში დაკავებულ საქართველოს 45 მოქალაქეზე.​

რატომ არის ასეთი განსხვავება იტალიასა და საქართველოში გავრცელებულ მონაცემებს შორის და არიან თუ არა დაკავებულებს შორის ქართველი ეროვნების პირები, რომლებიც შესაძლოა ამჟამად არ არიან საქართველოს მოქალაქეები? შს სამინისტროში დამატებითი ინფორმაცია ვერ მივიღეთ. გვითხრეს მხოლოდ ის, რომ ევროპის ქვეყნებში ორი ოპერაცია ერთსა და იმავე დღეს. მაგრამ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩატარდა და ოფიციალურ განცხადებაში ლაპარაკია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე.

როგორ მოქმედებდნენ მძარცველები

იტალიური მედია, რომელიც საგამოძიებო მასალებსა და ორგანიზებული დანაშაულის მკვლევრების შეფასებებს ეყრდნობა, წერს, რომ „ქართული მეთოდი“ კარგად ორგანიზებულ და ფრთხილ მოქმედებებს გულისხმობს; კერძოდ:

  • დაჯგუფება წინასწარ შეისწავლიდა თითოეულ გასაძარცვ ბინასთან დაკავშირებულ ინფორმაციას;
  • 3-4 კაციან ჯგუფებს ადგილზე ხელმძღვანელობდნენ გამოცდილი პირები;
  • ჯგუფის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტს წარმოადგენდა წინასწარ დამზადებული გასაღები, რომელიც ბინის კარის შეუმჩნევლად გახსნა-დაკეტვის შესაძლებლობას იძლეოდა;
  • ჯგუფი იმდენად ფრთხილად მუშაობდა, რომ ერთ-ერთმა დაზარალებულმა საკუთარი ბინის ძარცვის ფაქტი მას შემდეგ გაიგო, რაც მას სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები დაუბრუნეს;
  • ჯგუფი მზად იყო, დაკვეთის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს სწრაფად და ოპერატიულად გადაადგილებულიყო როგორც იტალიის ქალაქებში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებშიც.

იტალიისგან განსხვავებით, საფრანგეთის მედიასაშუალებებში გავრცელებულ ცნობებში ქართველებს მხოლოდ ბინების ძარცვა არ ბრალდებათ. ამ შემთხვევაში ლაპარაკია მსხვილი საწარმოების ძარცვაზე, ავტომობილების გატაცებასა თუ თამბაქოს კონტრაბანდაზე.

კავშირი ქურდულ სამყაროსთან

ამ დღეებში ევროპულ მედიასაშუალებებში ხშირად წააწყდებოდით ლათინური ასოებით დაწერილ ქართულ სიტყვებს „კანონიერი ქურდი“ – იმის ასახსნელად, რომ დაკავებულები რუსული ფესვების მქონე („Воры в законе“, „Вор в законе“) ქართული კრიმინალური გაერთიანების წარმომადგენლები არიან. რით მტკიცდება ეს?

  • გამოძიება მათ სხეულებზე გამოსახული ე.წ. ქურდული სიმბოლიკის ტატუებითა და ფარული მიყურადების დროს მათ საუბარში აღრიცხული მრავალი ჟარგონის მიხედვით მსჯელობს.
  • ფარული მიყურადების დროს ასევე დადგინდა, რომ ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ რეჯო-ემილიაში 2016 წელს ერთ-ერთი მეთაური, ანუ ქურდი ჩასულა, რომლის სანახავად და საჩუქრების მისართმევად, ქართველები იტალიის სხვა არაერთი ქალაქიდანაც შეგროვილან.

მედიის თანახმად, ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება 2015 წელს დაიწყო, ხოლო დაკავებულ პირებს 2020 წლის შემოდგომიდან უთვალთვალებდნენ.

სამართალდამცველები თუ ექსპერტები ამ დღეებში მედიას აქტიურად უხსნიდნენ ქურდული სამყაროს სპეციფიკასა და ნიუანსებს. მაგალითად იმას, რომ თავიდან ქურდები ოჯახებს არ ქმნიდნენ, ხოლო შემდეგ წესი შეცვალეს, რადგან მიხვდნენ, რომ ქორწინების შემთხვევაში ისინი ნაკლებად მიიქცევდნენ ყურადღებას. განიმარტა "ქურდული კოდექსიც", რომ ქურდული სამყაროს წევრი მაგალითად დაისჯებოდა სახალხოდ ჩხუბისთვის ანდა, ვთქვათ, ბავშვის კუთვნილი ფულის აღებისთვის.

არსებობს თუ არა ძარცვის „ქართული მეთოდი“?

თსუ-ს „სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის“ წამყვანი მეცნიერ-თანაშრომელი, სისხლის სამართლისა და კრიმინალოგიის სპეციალისტი გიორგი ღლონტი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ძარცვის „ქართულ მეთოდად“ წოდებული სქემა საკუთრივ ქართულად ვერ ჩაითვლება, რადგან ორგანიზებული დანაშაულის ჭრილში ერთნაირი ხელწერაა დამახასიათებელი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, რომელიც დროთა განმავლობაში თანამედროვე ხდება.

გიორგი ღლონტის თქმით:

  • განსაკუთრებული არაფერია - ისინი მოქმედებენ მდიდარ ქვეყნებში, წინასწარ კარგად გათვლილი სქემითა და ნაკლები კვალის დატოვების გზით;
  • თუკი ქურდების დიდი ნაწილი ძარცვის წინ კარს ამტვრევს, პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლები კარს სპეციალური გასაღებებით, შეუმჩნევლად აღებენ;
  • ჯგუფებში აუცილებლად ჰყავთ სპეციალისტები, რომლებიც რთულ შემთხვევებს იოლად გაუმკლავდებიან;
  • წინასწარ ხდება თითოეული ოჯახის შესწავლა - რა აქვთ სახლში მეპატრონეებს, რამდენი ხნით ტოვებენ ბინას, აქვთ თუ არა დაცვის სისტემა, კეტავენ თუ არა ავტომობილს და ასე შემდეგ;
  • ისინი მოქმედებენ წინასწარი შეკვეთითაც და ხანდახან ისე, რომ შესაძლოა, მოპარული ნივთის ღირებულება თავადაც არ იცოდნენ;
  • აქტიურ კავშირში არიან პოსტსაბჭოთა სხვა ქვეყნების დაჯგუფებებთან, ეხმარებიან ერთმანეთს და იცავენ ქურდული სამყაროსთვის დამახასიათებელ წესებს;
  • 30-40-კაციან ჯგუფებს ჰყავთ ლიდერები, რომლებიც აუცილებლად ე.წ. „ავტორიტეტები“ არიან და ისინი ურთიერთობენ სხვა ჯგუფებთან, ინაწილებენ ტერიტორიებს და ასე შემდეგ.~

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსაც. მათ ვინაობის გამხელა არ ისურვეს.

  • მილანში მცხოვრები რესპონდენტი - გიორგი, გვეუბნება, რომ ბინების ძარცვის პროცესში ქართველების ჩართულობაზე ადგილობრივები საკმაოდ ხშირად ლაპარაკობენ, ასეთი ფაქტები მასთან თანამშრომლებსაც არაერთხელ უხსენებიათ და ორი თვის წინ ძარცვის ბრალდებით საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს, რაც საქართველოში არ გახმაურებულა.
  • ამჟამად ბოლონიასთან ახლოს მცხოვრები მეორე რესპონდენტი - ნინო გვეუბნება, რომ არ იცნობს, მაგრამ სხვადასხვა დროს არაერთხელ სმენია ბინების ძარცვის პროცესებში ჩართული ქართველების შესახებ, რომლებიც ნაქურდალ ნივთებს ყიდდნენ და წინასწარ შეკვეთებსაც იღებდნენ; თუმცა ამ ფაქტების გამო იტალიელებისგან უარყოფითი დამოკიდებულება არასოდეს უგრძვნია.

იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთსა თუ ევროპის სხვა ქვეყნებში, მათ შორის - ჯგუფური ძარცვის გამო, ადრეც არაერთხელ დაუკავებიათ საქართველოს მოქალაქეები. თუმცა როგორც გიორგი ღლონტი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ეს არ ნიშნავს, რომ ევროპის მასშტაბით დაკავებული საქართველოს მოქალაქეები რიცხვობრივად აღემატებიან დიდი ქვეყნიდან, მაგალითად, თურქეთიდან თუ არაბული ქვეყნებიდან ჩასულ დამნაშავეებს.

სხვა საკითხია, რომ ორგანიზებული დანაშაული მეტად საფრთხილოა საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვის და ინტერესებისთვის, მათ შორის - ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნების კუთხითაც. როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, გიორგი გობრონიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ასეთი ფაქტები მეტ საზრდოს აძლევს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სკეპტიკოსებსაც.

გობრონიძე ამბობს, რომ პრობლემაა ქართველების, როგორც დამნაშავეების სტიგმატიზება და შესაძლოა, ეს პროცესი გარკვეულწილად რუსეთის ინტერესების შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის ნაწილადაც განვიხილოთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG