Accessibility links

site logo site logo

რუსეთის მოქალაქეს ჯერ მიანიჭეს, შემდეგ ჩამოართვეს სტატუსი, რომელიც ექსტრადიციისგან იცავდა


ალექსანდრ ბანდიუკოვი

ალექსანდრ ბანდიუკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთში უსამართლოდ დევნიან და საქართველოს მფარველობას სთხოვს. ის შიშობს, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, რუსულ ციხეში მარტივად მოიშორებენ.

იუჟნი სახალინსკი-თბილისი​

62 წლის ალექსანდრ ბანდიუკოვი რუსეთის ფედერაციის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ იუჟნი-სახალინსკის მკვიდრი და ამავე ქალაქის მერიის ყოფილი ჩინოვნიკია. 2017 წელს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმე აღძრეს დიდი ოდენობით, 400 000 რუბლის (₾18 000) ქრთამის აღებისა და თაღლითობის ბრალდებით.

ბანდიუკოვი ამტკიცებს, რომ საქმე უხეშად ფალსიფიცირებული იყო, დევნის დაწყების რეალური მიზეზი კი თავისი პოლიტიკური შეხედულებებია. მისი თქმით, ის ერთადერთი ჩინოვნიკი იყო ქალაქის ადმინისტრაციაში, რომელიც რუსეთის მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ წევრი არ ყოფილა.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მისი დევნა დაიწო, ბანდიუკოვის თქმით, არის რუსეთის ძალოვანების ეჭვი, მისი ახლობლის ჯაშუშურ საქმიანობაზე.

„უნდოდათ მემხილებინა ის, როგორც ჯაშუში და სანაცვლოდ მოსკოვში სერიოზული თანამდებობა შემომთავაზეს. მე უარი ვთქვი“, - უყვება ალექსანდრ ბანდიუკოვი რადიო თავისუფლებას და განაგრძობს: „აქედან დაახლოებით ერთ თვეში აღძრეს საქმე ჩემს წინააღმდეგ“.

იუჟნი-სახალინსკში შინაპატიმრობაში გატარებული თვეების შემდეგ, ალექსანდრ ბანდიუკოვი მოსკოვში მიდის და ცდილობს ყველა უწყებას მიმართოს.

„4 თვე, როგორც სამსახურში, ისე დავდიოდი ყოველ დღე საგამოძიებო უწყებაში, ფედერალურ პროკურატურაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. 52 საჩივარი შევიტანე“, - ამბობს ბანდიუკოვი და განაგრძობს: „საბოლოოდ, პროკურორის ოფისში მივედი. მიმღებიდან რომ დაურეკეს და უთხრეს, რომ ველოდებოდი. იქედან კი უპასუხეს - „Да пошли ты его на х*й! Он нас всех уже за*бал своими жалобами! (ყ*ზე გაუშვი! შეგვ*ა თავისი საჩივრერბით!)“. არ ვიცი, იცოდა თუ არა, რომ ტელეფონი სპიკერზე იყო.“

ოთხ დღეში, 2018 წლის სექტემბერში ალექსანდრ ბანდიუკოვი ცოლ-შვილთან ერთად უკვე თბილისში იყო.

„წამოვედი დემოკრატიულ საქართველოში. იმედი მქონდა, რომ აქ სამართლიანი სასამართლო იქნებოდა“, - ამბობს ის.

ჰუმანიტარული სტატუსი

თბილისში ჩამოსვლისთანავე ალექსანდრ ბანდიუკოვმა საქართველოს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით მიმართა. პარალელურად, საქართველოს პროკურატურამ რუსეთის თხოვნის საფუძველზე ექსტრადიციის პროცედურები დაიწყო. 2019 წლის მაისში ალექსანდრ ბანდიუკოვი დააკავეს.

საერთო ჯამში, მან პატიმრობაში თითქმის 9 თვე გაატარა. საკანში მიღებული სტრესის ფონზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - გაიკეთა ნაღვლის ბუშტის ოპერაცია; ვენური შუნტირება, ხერხემლის ოპერაცია. ის 20 წელია, დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უარყო ალექსანდრ ბანდიუკოვის საქმეში პოლიტიკური მოტივი, თუმცა დაადასტურა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუთავსებელი იყო რუსეთის ფედერაციის საპატიმროებში არსებულ პირობებთან.

საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს, თუ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას მას ემუქრება წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; ან არსებობს პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე.

ევროსაბჭოს მონაცემებით, ყოველ 100 000 ადამიანზე პატიმართა რაოდენობით რუსეთი ევროპაში პირველ ადგილზეა. რუსული დამოუკიდებელი მედია „მედუზა“ წერს, რომ რუსეთში გამუდმებით აწამებენ ადამიანებს კოლონიების თანამშრომლები, პოლიციელები, გამომძიებლები

„სასამართლომ მიიჩნია, რომ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაციის საპატიმროებში შეზღუდულია წვდომა ჯანმრთელობის სერვისებზე და საკვებზე“, - ამბობს თამთა მიქელაძე.

რუსეთის მოქალაქეს ერთი წლით მიენიჭა ჰუმანიტარული სტატუსი, მისი ექსტრადიციის პროცედურა კი შეჩერდა.

უარი

ალექსანდრ ბანდიუკოვს ჰუმანიტარული სტატუსის ვადა ეწურება. საიმიგრაციო სამსახურმა მას სტატუსის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა, საექსტრადიციო პროცესი კი გაგრძელდა. არადა ერთადერთი რაც შეიცვალა ალექსანდრ ბანდიუკოვის ჯანმრთელობის მდგომარეობაა - ის უფრო გაუარესდა. რამდენიმე თვის წინ გადაიტანა გულის კუნთის ინფარქტი.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ის საფუძველი არსებობს, რის გამოც ადამიანს თავის დროზე მიენიჭა ჰუმანიტარული სტატუსი. ახლა უარესი ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს. რუსეთში არსებული მდგომარეობაც არ გამოსწორებულა. შესაბამისად, ყველა პირობა იყო იმისთვის, რომ გაგრძელებულიყო სტატუსი“, - ამბობს თამთა მიქელაძე და ამატებს, რომ გადაწყვეტილებაში მხოლოდ ფორმალურადაა მითითებული, რომ არ არსებობს ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელების პირობები.

პოლიტიკური კონტექსტი

თამთა მიქელაძე ამბობს, რომ ალექსანდრ ბანდიუკოვის საქმე კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის პროცედურების პრობლემურ გამარტივებას. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ამგვარი ლოიალობა რუსეთისადმი დაუშვებელია და ამას ადამიანის უფლებები ეწირება.

„საქართველო არ იზიარებს მეზობელ ქვეყნებში მძიმე პრაქტიკებს და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტიკას. ძალიან გახშირდა ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილებები რუსეთში. ეს, პირველ რიგში, ადამიანის უფლებების პრობლემაა, მაგრამ ამავდროულად არის პოლიტიკური პრობლემაც, რადგან სწორედ ამ პროცესებში ჩანს გარკვეული ლოიალობა რუსეთის ხელისუფლებასთან საქართველოს ხელისუფლების“, - ამბობს მიქელაძე.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა რუსეთისგან მიღებულ ძალიან დაბალ დიპლომატიურ გარანტიებს სჯერდება - როცა წერილობით დაპირებას იღებენ, რომ პირი არ გახდება წამების ან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნება სამართლიანი სასამართლოს უფლება.

მასალის მომზადების პროცესში, ალექსანდრ ბანდიუკოვმა რადიო თავისუფლებას შეატყობინა, რომ გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მასალის მომზადების პროცესში, ალექსანდრ ბანდიუკოვმა რადიო თავისუფლებას შეატყობინა, რომ გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ბუნებრივია, რომ ისეთ ავტორიტარულ რეჟიმებს, როგორიც პუტინისაა, არ შეიძლება ენდო. არაერთხელ გამოვითხოვეთ იუსტიციის სამინისტროსგან, როგორ ხდება ექსტრადირებულთა საქმეების მონიტორინგი და არ გვაწვდიან“ , - ამბობს თამთა მიქელაძე და განაგრძობს: „იცვლება რეალობა, როცა დისიდენტები თუ მართლმსაჯულების მსხვერპლი ადამიანები მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოს თავს აფარებდნენ და ქვეყანას მნიშვნელოვან გარანტორად მიიჩნევდნენ. ამ ტიპის პოლიტიკურ იმიჯს საქართველო კარგავს“.

„ყველა დოკუმენტი, რომელიც რუსეთიდან საქართველოს წარუდგინეს, აბსოლუტურად შეუსაბამოა ერთმანეთთან. ვიცი, რომ რუსეთში არ იქნება სამართლიანი სასამართლო. ვიცი, რომ მაშინვე გამანადგურებენ, რადგან სიმართლეს ვიტყვი რუსულ სასამართლოშიც. ეს კი არავის სჭირდება. ამიტომ, სიკვდილი მელის. ჩემი მოკვლა რთული არ იქნება. საკმარისია, სამი დღე არ მომცენ მედიკამენტები და საკვები და მოკვდები. შემდეგ კი დაწერენ, რომ ბუნებრივი სიკვდილი დადგა, ჩემი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“, - ამბობს ალექსანდრ ბანდიუკოვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG