Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსი ჰაკერის" საქმე: ადვოკატი ექსტრადიციის შეჩერებას მოითხოვს


აქცია მოთხოვნით, რომ საქართველომ რუსეთს არ გადასცეს 28 წლის საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი, იაროსლავ სუმბაევი, მისმა ადვოკატმა იუსტიციის სამინისტროსთან გამართა. იაროსლავ სუმბაევს რუსეთში კიბერთაღლითობასთან, დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაურობასა და გამომძიებლის მკვლელობასთან აკავშირებენ.

რუსეთში ექსტრადიციის კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა სუმბაევს შესაბამისი ბრძანება 2019 წლის 15 ოქტომბერს ჩაბარდა. სუმბაევის უფლებადამცველის თქმით, მან დაუყოვნებლივ მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

“დაუშვებელია ადამიანის ექსტრადიცია რუსეთის ფედერაციაში, სანამ ევროსასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას... რუსეთში მასობრივად ირღვევა ადამიანის უფლებები”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადვოკატი ივანე ნორაკიძე.

წითელი ცერკულარით ძებნილი სუმბაევი - 2018 წლის 5 ნოემბერს - თბილისში დააკავეს - ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენისა და ყალბი პასპორტის გამოყენების ბრალდებით.

რას ედავება რუსეთი იაროსლავ სუმბაევს?

BBC-ის ინფორმაციით, რუსული გამოძიება სუმბაევს მიიჩნევს ჰაკერების ჯგუფის ორგანიზატორად, რომლებიც ტუროპერატორების მონაცემებს იპარავდნენ და ყალბ სარკინიგზო ბილეთებს ყიდდნენ.

ბილეთების საქმეს იძიებდა გამომძიებელ ევგენი შიშკინას გუნდი. შიშკინა 2018 წლის 10 ოქტომბერს მოკლეს. 2019 წლის მარტში რუსმა სამართალდამცველებმა განაცხადეს მკვლელობის უშუალო შემსრულებლის, აბდულაზიზა აბდულაზიზოვისა და 17 წლის შუამავლის დაკავების შესახებ.

BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, ორივე დაკავებული ბრალს აღიარებს. ბრიტანული მაუწყებლის ინფორმაციით, მკვლელობა, შესაძლოა, ინტერნეტით იყო ორგანიზებული და მკვლელს 1 მილიონი რუბლი [45 000 ლარზე მეტი] გადაუხადეს, საიდანაც ნაწილი შუამავალმა დაიტოვა.

შიშკინას ოჯახის ადვოკატი BBC-სთან ამბობდა, რომ იაროსლავ სუმბაევი მთავარი ეჭვმიტანილია გამომძიებლის მკვლელობის ორგანიზებაში.

რას ამბობენ იაროსლავ სუმბაევი ​და მისი ადვოკატი?

ადვოკატი ივანე ნორაკიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არც ერთ ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, ეს საქმე არის შეთითხნილი, რადგან სუმბაევმა - როგორც სპეციალისტმა - რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს (ФСБ) თავის დროზე უარი უთხრა თანამშრომლობაზე.

“ამის შემდეგ იწყება მისი დევნა”, - ამბობს ნორაკიძე და აგრძელებს, რომ 2013 წლიდან სუმბაევი ჯერ ბელარუსში ცხოვრობდა, შემდეგ თურქეთში, 2017 წლის 6 ივნისს კი საქართველოში ჩამოვიდა.

რაც შეეხება საქართველოში წარდგენილ ბრალს, ადვოკატი ამბობს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის შენახვას სუმბაევს არ ედავება არც საქართველო და არც რუსეთი. ამასთან, ადვოკატი აღიარებს, რომ სუმბაევი საქართველოში ყალბ პასპორტს იყენებდა:

“ყალბი პასპორტის გამოყენება მოხდა ნამდვილად, რადგან ეს ადამიანი დევნილი იყო”.

რა მდგომარეობაშია პატიმართა უფლებები რუსეთში?

ევროსაბჭოს მონაცემებით, ყოველ 100 000 ადამიანზე პატიმართა რაოდენობით რუსეთი ევროპაში პირველ ადგილზეა.

რუსული დამოუკიდებელი მედია Meduza-ს ინფორმაციით, სანდო სტატისტიკა არ არსებობს. ამასთან, რუსულ მედიასა და უფლებადამცველებზე დაყრდნობით Meduza წერს, რომ 2018 წელს რუსეთში წამებით 100-მდე ადამიანი დაზარალდა. მათგან 6 დაიღუპა. Meduza-ს ​ინფორმაციით, ყველაზე ხშირად საუბრობენ სასჯელაღსრულების უწყების თანამშრომლების მხრიდან წამებაზე, თუმცა ყველაზე გახმაურებული შემთხვევები უკავშირდება ФСБ-ს თანამშრომლების მხრიდან წამებას.

მედუზა წერს, რომ რუსეთში გამუდმებით აწამებენ ადამიანებს კოლონიების თანამშრომლები, პოლიციელები, გამომძიებლები:

“ურტყამენ მუშტებს, ფეხებს, ჯოხებსა და წყლის ბოთლებს. აბამენ ხელბორკილებით, თოკებით. აწამებენ დენით, წამლავენ გაზით, არ უშვებენ ტუალეტში და ტანჯავენ წყურვილით”.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის ინფორმაციით, ზოგი პატიმარი, ერთი ციხიდან მეორეში ტრანსპორტირებისას, ერთ თვეს ან მეტს ატარებს გზაში, გადაჭედილ მატარებლებსა თუ ფურგონებში. ოჯახსა და ადვოკატებს კი მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

რას ამბობს იუსტიციის სამინისტრო?

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - რომელიც პასუხისმგებელია რუსეთის საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობასა და პატიმრების ექსტრადიციაზე - აცხადებს, რუსეთის ფედერაციისგან მიიღო გარანტიები, რომლებიც შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებსა და სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკას.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG