Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში განიხილეს ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის საკითხი


ზაზა გახელაძე
ზაზა გახელაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივების საკითხი განიხილეს.

დღის წესრიგის - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ მიხედვით, გახელაძის საკითხის განხილვის ინიციატორი საქართველო იყო. საგარეო უწყების ცნობით, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა წევრ ქვეყნებს მიაწოდა ინფორმაცია ცხინვალის რეგიონში, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების თაობაზე. მან ასევე ისაუბრა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდების მხარე 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. დღევანდელი განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს კოლეგიაში.

საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ გახელაძემ სამხედრო მოსამსახურეს ესროლა, თუმცა, სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG