Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Twitter-მა დაადასტურა ტრამპის ანგარიშის სამუდამო აკრძალვა


Twitter შეინარჩუნებს სამუდამო აკრძალვას დონალდ ტრამპის ანგარიშზე იმ შემთხვევაშიც კი თუ იგი კვლავ შეეცდება იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე ან გაიმარჯვოს საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის თაობაზე სოციალური ქსელის ფინანსურმა დირექტორმა ნედ სიგალმა CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი ეს პასუხი მოჰყვა შეკითხვას, შეიძლება თუ არა დონალდ ტრამპს გაუჩნდეს პლატფორმაზე დაბრუნების შესაძლებლობა.

ნედ სიგალის განცხადებით, Twitter-ის წესების მიმართ, რაც ძალადობისაკენ მოწოდების აკრძალვას შეეხება, თანაბარია ყველა, მიმომხილველებიდან დაწყებული, სახელმწიფო მოხელეებით დამთავრებული.

დონალდ ტრამპს Twitter-მა, Facebook-მა და Instagram-მა ანგარიშები ვაშინგტონში, მასობრივი არეულობების და კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მხარდამჭერთა შეჭრის გამო დაუბლოკეს.

6 იანვარს, ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციების დროს, დემონსტრანტების ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა. ამ დროს მიმდინარეობდა კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებული სხდომა, რომელზეც 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დადასტურების საკითხი განიხილებოდა. შენობაში შეჭრილები მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.

პოლიციას დაახლოებით ოთხი საათი დასჭირდა კაპიტოლიუმის შენობაში წესრიგის აღსადგენად, რის შემდეგაც კონგრესის სხდომა გაგრძელდა.

ვაშინგტონში მასობრივი არეულობებისას 5 ადამიანი დაიღუპა.

აშშ-ის სენატში გრძელდება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეორე იმპიჩმენტის პროცესი, რომელმაც უნდა დაადგინოს, არის თუ არა ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავე „ამბოხისკენ წაქეზებაში“ და რა როლი მიუძღვის მას იმ სისხლიან არეულობაში, რაც მოჰყვა არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების დამადასტურებელი ბოლო კენჭისყრის დროს კაპიტოლიუმზე იერიშს.

XS
SM
MD
LG