Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქნახშირი მეშახტეთა პროტესტს იანვრის თვის შედეგების შეჯამებას უკავშირებს


იანვრის თვის ხელფასის განახევრების გამო 10-ზე მეტი მეშახტის პროტესტს „საქნახშირი“ სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში „საქნახშირი“ დასაქმებულების პროტესტს უკავშირებს N4 ნახშირმომპოვებელი უბნის იანვრის თვის შედეგების შეჯამებას.

განცხადებაში კომპანია აქვეყნებს უბნების მიერ მოპოვებული ნახშირის რაოდენობას და აღნიშნავს, რომ მეოთხე უბანმა გეგმა სხვებისგან განსხვავებით, მხოლოდ 77 პროცენტით შეასრულა:

„აღსანიშნავია, რომ VI და II უბნის თანამშრომლებმა იანვრის თვეში გადაჭარბებით შეასრულეს გეგმა და შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, მათ ანაზღაურებას ბონუსიც დაემატა. IV უბანმა კი გეგმის მხოლოდ 77.7 % შეასრულეს რაც შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად (რომელიც თანამშრომლებსა და კომპანიას შორის არის გაფორმებული) მათ გამომუშავებულ ანაზღაურებაზე აისახა.“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის მიხედვითაც N4 ნახშირმომპოვებელ უბნის თანამშრომლებისა და „საქნახშირის“ ადმინისტრაციის ერთობლივი ინიციატივით, შედგა სპეციალური კომისია, რომელიც უახლოესი 10 დღის ვადაში შეისწავლის იმ გარემოებებს, რის გამოც IV უბნის თანამშრომლებმა ვერ შეასრულეს გეგმა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ N4 ნახშირმომპოვებელი უბნის თანამშრომლებმა შახტიდან ამოსვლაზე უარით დაარღვიეს უსაფრთხოების წესები და ავარიული სიტუაცია შექმნეს.

ტყიბულში N4 ნახშირმომპოვებელი უბნის მეშახტეთა ნაწილი ცვლის დასრულების შემდეგ შახტში ჩაიკეტა და ამოსვლაზე უარს ამბობს. ისინი იანვრის თვის სახელფასო ანაზღაურების განახევრებას აპროტესტებენ.

როგორც მეშახტეთა ადგილობრივი პროფკავშირების წარმომადგენელი, მინდელის სახელობის შახტის ცვლის უფროსი, ხვიჩა გაბუნია რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, ადმინისტრაციის ინფორმაციით, მე-17 უბანში ქვანახშირის მოპოვების თვიური გეგმა ვერ შესრულდა, რის გამოც შახტში დასაქმებულებს იანვრის თვის ხელფასი გაუნახევრდათ.

გაბუნია არ გამორიცხავს მოლაპარაკების არასასურველ შედეგით დასრულების შემთხვევაში პროტესტს სხვა მეშახტეებიც შეუერთდნენ.

ძიძიგურის შახტში 10-ზე მეტი მუშა 10 თებერვალს მეოთხე ცვლის შემდეგ დარჩა.

ტყიბულის მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტებს 12 წლის განმავლობაში ფლობდა „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“, რომელმაც 2019 წლის შემოდგომაზე აქტივები გადასცა უკრაინულ-ქართულ ბიზნეს-ჯგუფს "საქნახშირს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG