Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყიბულელი მეშახტეები განახევრებულ ხელფასს შახტში გამოკეტილები აპროტესტებენ


ტყიბულში N4 ნახშირმომპოვებელი უბნის მეშახტეთა ნაწილი ცვლის დასრულების შემდეგ შახტში ჩაიკეტა და ამოსვლაზე უარს ამბობს. ისინი იანვრის თვის სახელფასო ანაზღაურების განახევრებას აპროტესტებენ.

მეშახტეთა პროტესტს ადასტურებენ შახტის ადმინისტრაციაში და განმარტავენ, რომ მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

როგორც მეშახტეთა ადგილობრივი პროფკავშირების წარმომადგენელი, მინდელის სახელობის შახტის ცვლის უფროსი, ხვიჩა გაბუნია რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, ადმინისტრაციის ინფორმაციით, მე-17 უბანში ქვანახშირის მოპოვების თვიური გეგმა ვერ შესრულდა, რის გამოც შახტში დასაქმებულებს იანვრის თვის ხელფასი გაუნახევრდათ. ხვიჩა გაბუნიას განცხადებითვე, ხელშეკრულების მიხედვით, თუ ნახშირის მოპოვების თვიური გეგმა ვერ შესრულდება, მეშახტის დღიური ხელფასი 45 ლარითაა განსაზღვრული. მეშახტეები თვეში 20 დღე მუშაობენ, ხელფასს აკლდება საშემოსავლო გადასახადი და იანვრის თვის ხელფასი 720 ლარამდე უწევთ, რაც გეგმის შესრულების დროს თითქმის ორმაგია.

„ეს ხელშეკრულება არის კაბალური, რადგან ნახშირის მოპოვების გეგმის შეუსრულებლობა მხოლოდ მეშახტეებზე არ არის დამოკიდებული. ახლა გამოსავალი ადმინისტრაციასა და უბნის ხელმძღვანელსა და მუშებს შორის მოლაპარაკებაშია. დღეს მე-4 უბანმა ვერ შეასრულა გეგმა, მომდევნო თვეში შეიძლება ჩემს უბანს უთხრან, რომ გეგმა ვერ შესრულდა. ამიტომ აუცილებელია გარკვევა და მოლაპარაკება, რაც მარტივი არ იქნება“- ამბობს მეშახტე ხვიჩა გაბუნია.

გაბუნია არ გამორიცხავს მოლაპარაკების არასასურველ შედეგით დასრულების შემთხვევაში პროტესტს სხვა მეშახტეებიც შეუერთდნენ.

ძიძიგურის შახტში 10-ზე მეტი მუშა 10 თებერვალს მეოთხე ცვლის შემდეგ დარჩა.

ტყიბულის მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტებს 12 წლის განმავლობაში ფლობდა „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“, რომელმაც 2019 წლის შემოდგომაზე აქტივები გადასცა უკრაინულ-ქართულ ბიზნეს-ჯგუფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG