Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ კონსტიტუციურად მიიჩნია მოქალაქეების ყოფნა კარანტინსა და თვითიზოლაციაში


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიჩნია კონსტიტუციის დარღვევად მთავრობისთვის იზოლაციისა და კარანტინის წესების განსაზღვრისა და რიგი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა.

შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შეიტანა. სწორედ, ამ შესწორების საფუძველზე მიიღო მთავრობამ „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებადა გაატარა მიმოსვლის რეგულირებასთან დაკავშირებული რიგი ღონისძიებები, ასევე განისაზღვრა ის უფლებამოსილი სუბიექტები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას პირის იზოლაციის შესახებ.

მოსარჩელე მხარე საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით დაცული ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევდა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტირებულ პირის თვითიზოლაციაში ყოფნის ვალდებულებას ან მის გადაყვანას საკარანტინო სივრცეში გადაყვანა. „მას არ ეძლევა ამ სივრცის დატოვებისა და სხვა ადამიანებთან ფიზიკური კონტაქტის საშუალება, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით დაცული ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვას“, - განმარტავდა მოსარჩელე მხარე.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ კონტაქტირებული პირისათვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მიზანს წარმოადგენს ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების რისკის შემცირება და ამ პირის მიმართ არ ხორციელდება სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისაკენ მიმართული კანონით დადგენილი ღონისძიებები.

გადაწყვეტილების თანახმად, კარანტინში/თვითიზოლაციაში მყოფ პირს შეუძლია ნებისმიერი მიზნით, შეუზღუდავად ისარგებლოს სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებითა და ინტერნეტით, დაკავდეს ნებისმიერი საქმიანობით და მისი ქცევა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან არ ექვემდებარება რაიმე ტიპის კონტროლს ან კორექციას, განსხვავებით დაკავებული ან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფი პირებისაგან.

საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმებთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ამ დელეგირების ფარგლებში აღმასრულებელ ხელისუფლებას მიენიჭა არა პირთა გადაადგილებასთან, საკუთრების უფლებასა და შეკრების თავისუფლებასთან მიმართებით ყოველგვარი შეზღუდვის შემოღებისა და თავად ამ უფლებათა არსის განსაზღვრის უფლებამოსილება, არამედ განსაზღვრული მიზნების უზრუნველსაყოფად გარკვეული, დროებითი შეზღუდვების დადგენის კომპეტენცია.

საკონსტიტუციო სასამართლომ არც კომენდანტის საათის შემოღება მიიჩნია არაკონსტიტუციურად.

გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს ერთ-ერთი მოსარჩელე, იურისტი გიორგი ჩიტიძე.

არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომელიც საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სამინისტროს ანიჭებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით [შრომის თავისუფლება] დაცული შრომითი უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას.

მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ საქართველოს კონსტიტუცია ადგენს შრომითი უფლებების ორგანული კანონის საფუძველზე მოწესრიგების ვალდებულებას და, ამიტომ, სწორედ ამავე გზით უნდა მოხდეს საქართველოს პარლამენტის მიერ ამ უფლების შეზღუდვის დელეგირება სხვა ორგანოზე. მოსარჩელეთა პოზიციით, საქართველოს მთავრობას, ნაცვლად ორგანულ კანონისა, ორდინარული კანონის საფუძველზე გადაეცა შრომით უფლებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ფორმალურ მოთხოვნებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შრომითი უფლებების მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე არ განხორციელებულა სათანადო ფორმით, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.

არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად არის ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

კონსტიტუციური სარჩელების წარადგინეს პაატა დიასამიძემ, გიორგი ჩიტიძემ, ედუარდ მარიკაშვილმა და ლიკა საჯაიამ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG