Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოსტკოვიდური კვლევა და მკურნალობის პროგრამა - რას უნდა ველოდეთ


რამდენიმე დღის წინ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მედიას აცნობა, რომ მისი გუნდი პოსტკოვიდური სინდრომის დიაგნოსტიკაზე, კვლევასა და მკურნალობის პროგრამაზე იწყებს მუშაობას.

ბრიტანული კვლევის მიხედვით, იმ პაციენტების, დაახლოებით, მესამედი, რომლებიც კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში მკურნალობდნენ, კლინიკაში ხელმეორედ მოხვდნენ. ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოლო კვლევებმა აჩვენა ასევე, რომ კოვიდგადატანილი პაციენტების (შეისწავლეს 240 ათასამდე ადამიანი) 33 %-ს დაუდგინდა ნევროლოგიური დაზიანებები, მათ შორის დემენცია, შფოთი, პარკინსონიზმი. მათგან 12 %-ს სიმპტომები პირველად აღმოაჩნდა, 21 % - ის შემთხვევაში კი ჩივილები არ ჩანდა, სანამ კოვიდმა არ მოახდინა მათი პროვოცირება.

საქართველოში ერთიანი მონაცემები, რაიმე კვლევა პოსტკოვიდური სინდრომის შესახებ (PCS) არ არსებობს, თუმცა არის გამოცდილება ცალკეული ექიმების, რომლებსაც პაციენტები გამოჯანმრთელების შემდეგ მიმართავენ. მაგალითად, ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში კონკრეტულად პოსტკოვიდური ჩივილების მქონე პაციენტებისთვის შეიქმნა ცალკე განყოფილება, სადაც საშუალოდ 10-15 ადამიანი მუდმივად მკურნალობს. მათი უმრავლესობა საშუალო ასაკის ან ხანში შესული პაციენტია, ქრონიკული დაავადებით, თუმცა კლინიკაში ხვდებიან ახალგაზრდებიც. ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პოსტკოვიდური ჩივილების მქონე პაციენტების ისტორია მიუთითებს იმაზე, რომ კოვიდი ძირითადად სუნთქვით სისტემებს აზიანებს და პაციენტებს, როგორც წესი, ფილტვების, თირკმლების, გულსისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს უტოვებს. ბოჭორიშვილის კლინიკის არც ერთი პაციენტისთვის ეს გართულებები ფატალურად არ დასრულებულა.

პოსტკოვიდური სინდრომის დიაგნოსტიკისა და კვლევის გეგმების შესახებ რადიო თავისუფლება ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს, ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: ბატონო თენგიზ, თუკი კლინიკები მართავენ პროცესს და წარმატებით მკურნალობენ პოსტკოვიდურ სინდრომს, მაშინ რატომ გახდა საჭირო პოსტკოვიდური სინდრომის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალური პროგრამა, რომელიც, როგორც თქვენ თქვით, მსოფლიოშიც არ არსებობს?

თენგიზ ცერცვაძე: ახლა, როცა პაციენტი მოგვმართავს ჩვენ და სხვა კლინიკებს, ყველა ექიმი თავისი სტილით და შეხედულებისამებრ უტარებს რაღაც კვლევას და რაღაც მკურნალობას, რაც არ არის სწორი. შეიქმნება კვლევების ფართო ჩამონათვალი და ყველა ამ გამოკვლევას ჩაატარებს ყველა ის კლინიკა, რომელიც სელექციური კონტრაქტირებით მოხვდება ამ სახელმწიფო პროგრამაში, ანუ იქნება ერთიანი მიდგომა და პაციენტებისთვის, მეტწილად, უფასო მომსახურება.

ეს გაიდლაინი [პოსტკოვიდური გართულებების მკურნალობის] უნდა დაწეროს მულტიდისციპლინურმა ჯგუფმა, მაგრამ პროგრამა ამოქმედდება მანამდე, ვიდრე გაიდლაინი შემოვა და ეს პროგრამა იმუშავებს საქართველოს მასშტაბით. გაიდლაინი იქნება ყველაზე მრავალმხრივი, რადგან შევა უამრავი სინდრომი. ბიუროკრტიულად გაიდლაინის შედგენა არის რთული პროცესი, ამიტომ ვერ დავუცდით გაიდლაინს. თუ რამე განსხვავებები იქნება, პროგრამა მოერგება გაიდლაინს.

როგორ ფიქრობთ, რატომ არ არსებობს მსოფლიოში ისეთი პროგრამა, რომელზეც თქვენ საუბრობთ?

თენგიზ ცერცვაძე: არ მიუქცევიათ ამისთვის ყურადღება. ყველა ებრძვის ინფექციის გავრცელებას, წინა პლანზე დგას ვაქცინაცია და ამიტომ პოსტკოვიდური სინდრომი გადავიდა მეორე პლანზე

რას გულისხმობს კვლევა, რომელზეც ისაუბრეთ და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი ჩატარება?

თენგიზ ცერცვაძე: კვლევით გავიგებთ, კოვიდგადატანილების რამდენ პროცენტს უვითარდება სინდრომი - ინგლისში გასაგებია, მაგრამ რა ხდება საქართველოში, ხომ უნდა ვიცოდეთ. რამდენია ქალი, კაცი, როგორია ასაკობრივი განაწილება, როგორი გართულებები მოჰყვება - ნევროლოგიური, გულსისლხძარღვთა თუ სხვა.

ეს საჭიროა იმისთვის, რომ ხარისხიანი სამედიცინო სერვისი შევთავაზოთ პაციენტებს. უკეთესი იქნებოდა ჯერ კვლევა ჩატარებულიყო და ამის საფუძველზე შემდეგ პროგრამა ამოქმედებულიყო, მაგრამ, როგორც გითხარით, დრო უნდა და ამას ვერ დავუცდით

ვინ და როგორ ჩაატარებს კვლევას?

თენგიზ ცერცვაძე: ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ჩაატარებს კვლევას. წამყვანი იქნება ჩვენი ცენტრი, თუმცა სხვა ინსტიტუტებთანაც ვითანამშრომლებთ, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება და ტექნიკური ბაზა ამისთვის.

ჩვენ გვაქვს ბოლო 2 თვეში ყველა კოვიდგადატანილის სია, თბილისის მასშტაბით, ყველა რაიონში. შემთხვევითობის პრინციპით შევარჩევთ. იქნებიან ქალები, კაცები, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი და ა.შ. შეავსებენ კითხვარებს და ჩაუტარდებათ ყველა ის კლინიკური გამოკვლევა, რაც დასჭირდებათ. შეიძლება არც იცის, რომ სინდრომი აქვს და ჩვენ აღმოვაჩინოთ.

ამ პროცესს დასჭირდება 3-4 თვე. ისევ ბიუროკრატიული ეტაპებია გასავლელი. ჯერ ეთიკური კომისია, ტენდერები... - არ გვინდა, რომ სინდრომით დაავადებულები დავტოვოთ მიუხედავი, ამიტომ ჯერ პროგრამა იქნება, შემდეგ კვლევა და გაიდლაინი. ამ ეტაპზე დოკუმენტაციის მომზადების პროცესში ვართ“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან თენგიზ ცერცვაძე.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

XS
SM
MD
LG