Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა სისტემა დუმს, ბავშვები ქრებიან


14 წლის გოგოს, რომელიც ბაბუამ 9 თებერვალს, სახლთან ახლოს, გარდაცვლილი ნახა, ხვალ, 13 თებერვალს დაკრძალავენ. ქობულეთელი არასრულწლოვნის გარდაცვალების საქმეზე ოფიციალურად მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ შსს-მ იმავე დღეს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მომდევნო დღეს, 11 თებერვალს კი დააკავა 23 წლის კაცი, რომელსაც ბრალად ედება 14 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირი. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში და რაც შვიდიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

კიდევ ერთი ოფიციალური ცნობა 14 წლის ნინის გარდაცვალების საქმეზე, 12 თებერვალს გავრცელდა. პროკურატურამ 23 წლის კაცს ბრალი წარუდგინა ორი, 115-ე და 140-ე მუხლებით.

როგორც პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, „ბრალდებულმა ნ.ტ.-მ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ნ.ც. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი იყო, 2020 წლის ივნისსა და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც მასთან გაწყვიტა კონტაქტი. მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა. აღნიშნულით დაამცირა მისი ღირსება. ნ.ც.-მ, 2021 წლის 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა“.

აი, ეს არის ის, რაც 14 წლის გოგოს გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად ვიცით: ერთი, რომ არასრულწლოვან გოგოსთან 23 წლის კაცმა სექსუალური კავშირი დაამყარა. და მეორე - გოგომ თავი მოიკლა.

ცნობები, უფრო ზუსტად კი, მოარული ხმები

არაოფიციალური ცნობები კი, რომელსაც მედია ორი დღეა ოჯახის წევრებისგან, მეზობლებისგან, ახლობლებისგან, მასწავლებლებისგან თუ უბნის მაღაზიის გამყიდველებისგან აგროვებს, მრავალფეროვანია.

ოჯახის წევრის, უფრო ზუსტად კი გარდაცვლილის ბაბუის ინფორმაციით, მოზარდზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ მათ პოლიციას ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში შეატყობინეს. გოგო პოლიციაში გამოკითხეს და, სავარაუდოდ, დაიწყო გამოძიება, რადგან ბაბუის ინფორმაციით, მოზარდს ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის პასუხმაც, მისივე თქმით, დაიგვიანა. დაგვიანებული პასუხის მოლოდინში კი 14 წლის მოზარდმა თავი მოიკლა.

ბაბუისა და ოჯახის სხვა ახლობლების ცნობით, 23 წლის კაცმა გოგოზე ორჯერ, გასული წლის ზაფხულში და დეკემბრის დასაწყისში იძალადა. მათი თქმით, გოგომ ძალადობის შესახებ ოჯახს სწორედ დეკემბრის დასაწყისში შეატყობინა.

დაკავებული კაცის მშობლები არ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ მათი შვილი და 14 წლის გოგო ერთმანეთს იცნობდნენ. თუმცა, გამორიცხავენ ყოველგვარ ძალადობას და აქეთ ადანაშაულებენ გოგოს ბაბუას ძალადობაში. მათი თქმით, ნასვამი ბაბუა სისტემატურად ძალადობდა შვილიშვილზე. დაკავებულის მამა ირიბად იმასაც მიუთითებს, რომ მის შვილს არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა და მას შემდეგ, რაც გოგო სრულწლოვანი გახდებოდა, დაქორწინებას აპირებდა, თუმცა, მისი თქმით, მოზარდის ოჯახისგან ამ შეთავაზებაზე უარი მიიღეს.

ნინის სკოლის დირექტორის თქმით, მათ არაფერი იცოდნენ ბავშვზე განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. მისი თქმით, არც ოჯახს, არც პოლიციასა და არც სოციალურ მუშაკს სკოლა საქმის კურსში არ ჩაუყენებია.

12 თებერვალს გაირკვა, რომ შვილზე განხორციელებული ძალადობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა დედას, მერი რომანაძე-ცეცხლაძეს, რომელიც წლებია თურქეთში ცხოვრობს და საქართველოში შვილის დაკრძალვამდე ერთი დღით ადრე ჩამოვიდა. ის ჟურნალისტებთან საუბრისას ირწმუნება, რომ მის შვილზე ფიზიკურად იძალადეს ოჯახის ნათესავებმაც, კონკრეტულად კი, მისი ყოფილი მამამთილის ძმისშვილებმა:

„როცა ჩემი შვილი გააუპატიურეს, იმ დღეს, სანამ პოლიციაში წამოიყვანდნენ, ჩემი შვილი უმოწყალოდ სცემეს, ჩემი მამამთილის ძმისშვილებმა, სულ წიხლქვეშ იგორეს ჩემი შვილი. ეს ყველაფერი ჩემმა შვილმა მომიყვა. სად არის ექსპერტიზის პასუხი, გამაგებინეთ?! თბილისში ექსპერტიზაზე რომ წაიყვანეს - ბავშვი გაუპატიურებული იყო თუ არა [ამის გასაგებად], თან ნახეს, რომ ბავშვს მთელი სხეული ჰქონდა დალურჯებული“.

14 წლის ნინი და მისი უფროსი და-ძმა წლების განმავლობაში ბაბუასთან იზრდებოდნენ. მამა ადრეულ ასაკში დაეღუპათ, დედა თურქეთში გადავიდა საცხოვრებლად და იქ დაოჯახდა. სავარაუდოდ, ექვსი წელია, გოგო და მისი ოჯახი სოციალური მუშაკის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ბოლო ორი წელია, მას შემდეგ, რაც ნინის უფროსი და სრულწლოვანი გახდა, მოზარდის ოფიციალურ მეურვედ ის დაინიშნა.

სწორედ ნინის დის ინტერესებს დაიცავს სასამართლოში ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი ანა თავხელიძე. მან უკვე მიმართა პროკურატურას, რომ ნინის 20 წლის დას მიენიჭოს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი. პროკურატურის გადაწყვეტილებას ანა მომდევნო 48 საათის განმავლობაში, სავარაუდოდ, 14 თებერვალს, დღის ბოლოს ელის.

ამის შემდეგ კი მათ, როგორც დაზარალებულ მხარეს, საქმის მასალები სრულად უნდა გადაეცეთ და ანა უფრო დეტალურად შეძლებს ილაპარაკოს 14 წლის მოზარდის საქმეში არსებულ ხარვეზებზე. თუმცა, მანამდე, ანა თავხელიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ, როგორც ამ გადასახედიდან ჩანს, გამოძიებას საქმე თაროზე ჰქონდა შემოდებული და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოზარდმა თავი მოიკლა, პროკურატურას „საზოგადოების აგრესიის შეეშინდა“ და სავარაუდო მოძალადე რამდენიმე საათში დააკავა.

რა უნდა გაეკეთებინა გამოძიებას და რა არ გააკეთა

როდის დაიწყო გამოძიება? რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა? ვინ გამოიკითხა საქმეზე? ბავშვი რა პირობებში და ვისი თანდასწრებით გამოკითხა გამოძიებამ? როდის ჩატარდა ექსპერტიზა? რა სახის ექსპერტიზები ჩატარდა? როდის მიიღო გამოძიებამ ექსპერტიზის პასუხები? ინფორმირებული იყო თუ არა ბავშვი სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობაზე? იყო თუ არა ჩართული პროცესში ფსიქოლოგი? - ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ანა თავხელიძეს საგამოძიებო უწყებებთან აქვს.

სანამ საქმის მასალებს გაეცნობა, ანა იმ ძირითად ხარვეზებზე გვესაუბრება, რომლებიც შორიდანაც ნათლად ჩანს 14 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეში:

„ჩვენი ინფორმაციით, პოლიციამ მინიმუმ ორი თვის წინ იცოდა სავარაუდო ძალადობის ფაქტის შესახებ. სექსუალური ძალადობის საქმეებზე, გადამწყვეტია ძალიან სწრაფი რეაგირება, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ბავშვმა პოლიციას შეატყობინა, რომ მის მიმართ მოხდა სექსუალური ძალადობა და დადგინდა გარკვეული კავშირი სავარაუდო მოძალადესა და მსხვერპლს შორის, პოლიციას, ცხადია, უნდა გაეკეთებინა დაშვება, რომ ბავშვი ამბობს სიმართლეს. გამოძიების ამ ეტაპზე მოქმედებს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი და ბავშვის ჩვენება სავსებით საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისათვის, რომ პოლიციას მაშინვე მიემართა შემზღუდავი ღონისძიებისთვის - ერთი, შეეძლო განეხორციელებინა გადაუდებელი აუცილებლობით დაკავება და არ დალოდებოდა სასამართლოს ნებართვას და მეორე, თუკი დაკავების გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული რამდენიმე დღის შემდეგ, პროკურორს უნდა მიემართა სასამართლოსთვის და სასამართლოს განჩინების საფუძველზე უნდა მომხდარიყო პირის დაკავება. ჩვენ რამდენადაც ვიცით, ასეთი მიმართვა სასამართლოსადმი არ ყოფილა და მათ არ აუღიათ განჩინება პირის დაკავების თაობაზე, რაც პროკურორის მხრიდან დარღვევაა“.

ძალიან უცნაურ და სერიოზულ დარღვევად მიაჩნია ანა თავხელიძეს ის ფაქტიც, რომ მოზარდი გამოძიებამ არ ცნო დაზარალებულად:

„რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ ბავშვს არ დაუჯერა და ამიტომ ელოდებოდნენ ექსპერტიზის დასკვნას. ექსპერტიზის დასკვნით შეეცდებოდნენ დარწმუნებულიყვნენ, ბავშვმა სიმართლე თქვა თუ მოიტყუა. პოლიციამ კი სხვა მტკიცებულებები არ მოიპოვა. ამ საქმეში მთავარი პრობლემა ისაა, რომ დროულად არ შეგროვდა მტკიცებულებები და რა მტკიცებულებებიც ჰქონდა გამოძიებას, იმასაც არ დაუჯერეს. ძალიან საინტერესოა, ჰქონდა თუ არა გამოძიებას ექსპერტიზის დასკვნა მიღებული პირის დაკავებამდე? ამ საკითხთან დაკავშირებით, დადასტურებული ინფორმაცია ჯერ ვერ ვნახე, სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. თუკი ეს პირი ჯერ დააკავეს და შემდეგ მივიდა ექსპერტიზის დასკვნა გამოძიებაში, ეს იმას ნიშნავს, რომ გამოძიებას მანამდეც შეეძლო მისი დაკავება და თუკი ექსპერტიზის პასუხი გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თებერვლის დასაწყისში მივიდა გამოძიებაში, მაშ, რაში დასჭირდა გამოძიებას ერთი კვირა პირის დასაკავებლად? და ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბავშვმა თავი მოიკლა?“

ანა თავხელიძე ხაზგასმით ამბობს, რომ ექსპერტიზის პასუხის მოლოდინი გამოძიების ერთ-ერთ მთავარ ხარვეზზე მიუთითებს:

„ზოგადად, ექსპერტიზის დასკვნა არ არის გადამწყვეტი მტკიცებულება, ამაზე ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რადგან ექსპერტიზის დასკვნები, შესაძლოა, საერთოდ არ არსებობდეს საქმეში, ფიზიკურად ვერ ჩატარდეს ექსპერტიზა. აქ გადამწყვეტი მტკიცებულებაა ის, თუ რას გეუბნება დაზარალებული. რამდენად დეტალურად აღწერს გარემოებებს, რამდენად თანმიმდევრულად აკავშირებს მოვლენებს და ა.შ. აქ საქმე გვაქვს გარკვეულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებთან. მაგალითად, რომ მისულიყო პოლიციაში სრულწლოვანი კაცი და ეცნობებინა ყაჩაღობის ფაქტის შესახებ, ამაზე სულ სხვა რეაგირება ექნებოდა პოლიციას, მაგრამ რაკიღა იყო სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმე, მოზარდი გოგო, ისედაც დაბალი მგრძნობელობა ამ თემის მიმართ, ნაკლებად სენსიტიურია ამ თემის მიმართ პოლიცია, განსაკუთრებით, რეგიონებში და მარტივად რომ ვთქვათ, მათ საქმე უბრალოდ თაროზე შემოდეს“.

სად იყო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო და განათლების სამინისტრო?

მხოლოდ გამოძიების ნაწილი არ არის ის სუსტი რგოლი, რომელსაც ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ამ საქმეში ხედავს. ორგანიზაციის კიდევ ერთი იურისტის, ანა აბაშიძის მთავარი კითხვები, გარდა საგამოძიებო ორგანოებისა, მიემართება სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და განათლების სამინისტროსკენ. მისი თქმით, ამ უწყებებმა, დიდი ალბათობით, არაფერი გააკეთეს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების დასაცავად. ანა აბაშიძის თქმით, ახლა მათი მიზანია, გაარკვიონ, შეეძლო თუ არა სახელმწიფოს ბავშვის დაცვა:

„რა გააკეთა სკოლამ? რა გააკეთა სოციალურმა მუშაკმა? სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს როლი ძალიან დიდია, როდესაც მსხვერპლი არასრულწლოვანია. ჩვენ ვიცით, რომ ეს რგოლი ჩართული იყო საქმეში, მაგრამ ფაქტია, ვერც ამ სისტემამ შეძლო ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის კონტროლი და დახმარება. რაც ეს დღეებია გვესმის, იკვეთება, რომ შესაძლოა, ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის გამო, გარკვეულ ბულინგს და სხვა სახის ძალადობასაც ჰქონდა ადგილი, ვისგან და როგორ, ეს დეტალებია, რომლებიც უნდა დავადგინოთ, მაგრამ ფაქტია, საუბარია იმაზე, რომ ბავშვს, გარდა სექსუალური ძალადობისა, ჰქონდა დამატებითი წნეხიც. კიდევ ერთი მთავარი უწყება ამ სუსტ რგოლში, განათლების სამინისტროა. მათთან გვაქვს კონკრეტული კითხვები, ესწრებოდა თუ არა მოზარდი ბოლო თვეების განმავლობაში ონლაინგაკვეთილებს რეგულარულად? და მას შემდეგ, რაც პირველი თებერვლიდან სასკოლო სივრცეში გადაინაცვლა საგაკვეთილო პროცესმა და, ჩვენი ინფორმაციით, ბავშვი სკოლაში არ გამოცხადდა, რა გააკეთა სკოლამ რეალური მიზეზის გამოსარკვევად?“

ბავშვები, რომლებიც სისტემამ ვერ დაიცვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, ზოგადად, სოციალური მუშაკების ინსტიტუტის საქმიანობა, უფლებადამცველების კრიტიკის ობიექტი ხდება.

ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევის შემდეგ, რომელსაც 2019 წელს თბილისში, 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა, თანამდებობა დატოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. თანამდებობიდან გათავისუფლდა სოციალური სამსახურის 4 მუშაკი. მაშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ბავშვის გარდაცვალების საქმეში გამოიკვეთა „ბავშვის მართვის მენეჯმენტთან“ დაკავშირებული ხარვეზები, რომელიც დაკავშირებული იყო სოციალური სამსახურის მუშაკების საქმიანობასთან.

ვერც 16 წლის გიორგის საქმეში გამოიჩინა თავი სოციალურმა სააგენტომ, როდესაც 2019 წლის ივლისში, გიორგი სოფელ გვიმრიანიდან თბილისში წამოვიდა, მშენებლობაზე დასაქმდა და სამუშაოს შესრულებისას დაიღუპა. არადა, სოციალური მომსახურების სააგენტოს მტკიცებით, 2015 წლიდან, გიორგისთან და დედამისთან, ინტენსიურად მუშაობდა სოციალური მუშაკი და მათთან ყოველთვიური კონტაქტი ჰქონდა.

მაგალითად, არაფერი იცოდნენ სოციალური ზრუნვის სააგენტოში არც 2020 წლის აგვისტოში, როცა 11 წლის ავთომ სოფელ ძევრში თავი მოიკლა. მიზეზად მამის მხრიდან განხორციელებული ძალადობა დასახელდა.

არსებობს თუ არა მიზეზი, რის გამოც სოციალურმა მუშაკებმა შესაძლოა ვერ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა?

ერთ-ერთ ასეთ მიზეზად სახელდება ქვეყანაში სოციალური მუშაკების არასაკმარისი რაოდენობა. უკვე წლებია, სოციალური მუშაკები ხმამაღლა მიუთითებენ თავიანთ სისტემაში არსებულ პრობლემებზე, იქნება ეს ერთ მუშაკზე დაწერილი 70-80 საქმე, დაბალი ხელფასი, გადაადგილების სირთულეები თუ ა.შ. თუმცა, როგორც მაია მგელიაშვილი, World Vision-ის ბავშვთა დაცვის მომსახურებათა და ადვოკატირების პროგრამის მენეჯერი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამ ეტაპამდე, სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა ვერ მოხერხდა.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“ ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ თითოეული სოციალური მუშაკი შესაძლოა მუშაობდეს მაქსიმუმ 50 საქმეზე, თუმცა, მაია მგელიაშვილის თქმით, ფაქტები სულ სხვა რეალობაზე მიუთითებს:

„ქობულეთში, სადაც 14 წლის მოზარდმა რამდენიმე დღის წინ თავი მოიკლა, დღესდღეობით მხოლოდ ერთი სოციალური მუშაკი მუშაობს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ხარვეზების აღმოფხვრამდე ჯერ კიდევ შორი გზაა გასავლელი. გოგონა, რომელიც სუიციდის ზღვარზე იყო, მას არა მხოლოდ სოციალური მუშაკის დახმარება სჭირდებოდა, არამედ მისთვის უკიდურესად აუცილებელი იყო ფსიქოლოგის ჩართულობა. მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ დღეს, სახელმწიფოს ფსიქოლოგების დეფიციტი აქვს და თითო რეგიონზე მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი მოდის. მაქვს ინფორმაცია, რომ ეს პრობლემა დგას დღის წესრიგში და აპირებენ ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდას, მაგრამ, სამწუხაროდ, როცა ფატალური შედეგი დგება, ამ ბავშვებისთვის აღარ არის ეს უკვე გამოსავალი, ბავშვი აღარ არის. კი, ამ პრობლემაზე შესაძლოა სახელმწიფო სტრუქტურებიც ლაპარაკობდნენ, არასამთავრობო სექტორიც ლაპარაკობდეს, ვსახავდეთ გეგმებს, მაგრამ რეალურად, ამასობაში, ბავშვები კვდებიან“.

დღეს, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მხოლოდ 250 სოციალური მუშაკი ჰყავს და ეს მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 2009 წელს, ევროკავშირის დახმარების პროგრამის (ტასისის) რეკომენდაციით, ქვეყანას მინიმუმ 400 სოციალური მუშაკი მაინც უნდა ჰყოლოდა, რათა სათანადოდ მომხდარიყო შემთხვევების მართვა. სოციალური მუშაობის თეორიაში კი განსაზღვრულია, რომ თითო სოციალურ მუშაკზე საქმეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30-ს.

რადიო თავისუფლება ორი დღეა ცდილობს, მოიპოვოს კითხვებზე პასუხები სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოდან - რამდენი წელია, რაც 14 წლის ნინის ოჯახი სოციალური მუშაკის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება? რამდენ ხანში ერთხელ აკითხავდა სოციალური მუშაკი ოჯახს? ჰქონდა თუ არა მოზარდს პრობლემები ოჯახში? იცოდა თუ არა სოციალურმა მუშაკმა მოზარდის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტის შესახებ? მუშაობდა თუ არა მოზარდთან ფსიქოლოგი? რა ტიპის დახმარება გაუწია სოციალურმა მუშაკმა მოზარდს საგამოძიებო სტრუქტურებში? და სხვა. თუმცა, ამ კონკრეტულ კითხვებზე რადიო თავისუფლებამ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოდან პასუხი ვერ მიიღო. როგორც უწყების პრესსამსახურში განგვიმარტეს, თუკი სააგენტო ან ჯანდაცვის სამინისტრო გადაწყვეტს 14 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე განმარტების გაკეთებას, შეგვატყობინებენ.

#ნინისგამო

14 წლის ნინის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები. ისინი აცხადებენ, რომ არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის არაერთი ტრაგიკული შემთხვევის მიუხედავად, სახელმწიფოს არსებული პოლიტიკის რადიკალური ცვლილებების ნება არ გამოუვლენია, სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ყურადღება ეთმობა ზოგადად სუიციდის პრევენციის სტრატეგიის შემუშავებასა და იმპლემენტაციას და სისტემა უკიდურესად გულგრილი რჩება მოზარდებზე ზრუნვის პოლიტიკის, სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავების კუთხით.

ქალთა მოძრაობამ დაიწყო ასდღიანი კამპანია „ნინის გამო“. როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ამ მოძრაობისა და გზავნილის მიზანია სხვადასხვა ორგანიზაციის, პოლიტიკური პარტიისა თუ რიგითი მოქალაქეების გაერთიანება, რათა სახელმწიფომ გაიგოს საზოგადოების ხმა და გაატაროს ის რეფორმები, რომლებიც სისტემას შეცვლის.

12 თებერვალს ქალთა მოძრაობამ პროკურატურის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ხელისუფლებას ხუთი მთავარი მოთხოვნა წაუკითხა:

  • პარლამენტმა შეცვალოს გაუპატიურების კანონი და ცენტრალური ასპექტი გახადოს თანხმობის არარსებობა;
  • შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზებული დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს სექსუალური ძალადობის საქმეებს;
  • ფორმალური განათლების ნაწილი გახდეს ბავშვებისთვის სქესობრივი ძალადობის ამოცნობა, რომ ბავშვებმა შეძლონ სქესობრივი ძალადობისაგან თავის დაცვა;
  • გაიზარდოს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა, რომ ძალადობის მსხვერპლ ბავშვს ენიშნებოდეს ფსიქოლოგი.
  • გარდა ამისა, ქალთა მოძრაობის წევრები მოითხოვენ იმ პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომელიც 14 წლის ნინის სავარაუდო ძალადობის საქმეზე მუშაობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG