Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ რეაგირებს მართლმსაჯულება სექსუალურ ძალადობაზე


„ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება საქართველოში“ - ეს არის პირველი ანგარიში, რომელიც სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე სისხლის სამართლებრივ პროცედურებს სტამბოლის კონვენციისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების ჭრილში აფასებს.

ანგარიში მოიცავს 2017 წლის პირველი ივნისიდან 2019 წლის პირველ მაისამდე პერიოდს და აანალიზებს ამ პერიოდში წარმოებული სისხლის სამართლის 24 საქმესა და გამოძიების შეწყვეტის შესახებ 17 დადგენილებას.

სექსუალური ძალადობის დანაშაულები

  • გაუპატიურება - სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი
  • სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება - 138-ე მუხლი
  • პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება - 139-ე მუხლი

2017 წელს საქართველომ განახორციელა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) რატიფიცირება და მიიღო ზომები საქართველოს კანონმდებლობის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

ამჟამად კანონმდებლობა განსაზღვრავს ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმას და ითვალისწინებს ძალადობაზე რეაგირების მნიშვნელოვან მექანიზმებს.

თუმცა, როგორც უფლებადამცველები და იურისტები აცხადებენ, მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, არსებითი გამოწვევები რჩება სექსუალურ ძალადობაზე მართლმსაჯულების განხორციელების კუთხით.

საქართველოს კანონმდებლობა კვლავ არ აკმაყოფილებს სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის სხვა დანაშაულების დეფინიციასთან მიმართებით.

ხოლო ამგვარ დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება, ხშირ შემთხვევაში, მოძველებული, დისკრიმინაციული მიდგომებით და გენდერული დანაშაულებისთვის შეუსაბამო მეთოდოლოგიით ხდება, რაც სექსუალურ ძალადობაზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ერთ-ერთ უმთავრეს ბარიერს წარმოადგენს.

პრობლემაა ის, რომ:

  • დამნაშავის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებული ტვირთი თვით ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეკისრებათ.
  • სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების ორგანოებს სექსუალური ძალადობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან დაკავშირებით ზედმეტად მკაცრ მოთხოვნებს იყენებენ. ასეთი მიდგომა ხშირად სექსუალური ძალადობის მხოლოდ უკიდურესი ფორმების დროს და გამონაკლის შემთხვევებში იწვევს მოძალადის დასჯას. ძალადობის სხვადასხვა სერიოზული ფორმა კი მტკიცებულებათა შეუსაბამო სტანდარტის გამო, დაუსჯელი რჩება.
  • სასამართლო პროცესებზე მსხვერპლები ბრალდებულებს, ყველა შემთხვევაში, პირისპირ ხვდებოდნენ და კითხვებს მათ ხშირად თავად ბრალდებულებიც უსვამდნენ. ეს კი დაზარალებულთა დაბნეულობას, გაღიზიანებასა და დისკომფორტს იწვევდა.

მკვლევრების თქმით, სექსუალური ძალადობის საქმეების უმეტესობაში ამგვარი დანაშაულების მიმართ გამოიყენება სხვადასხვა სტერეოტიპული მიდგომა ან მსხვერპლისთვის დამაზიანებელი გენდერული ცრურწმენები, როგორც გამოძიების, ისე სისხლისსამართლებრივი დევნის და სასამართლო განხილვის დროს. არ ხდება შესაბამისი ზომების მიღება მსხვერპლის მეორეული ვიქტიმიზაციისგან დაცვის თვალსაზრისით.

ე.წ. მეორეული ვიქტიმიზაციის ნათელ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს მსხვერპლის სხეულზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, რომელიც სექსუალური ძალადობის გამოძიების „სავალდებულო’’ ნაბიჯად აღიქმება და მსხვერპლისთვის ხშირად უკიდურესად ტრავმული პროცედურაა.

2017 წელს, საქართველოს კანონმდებლობის სტამბოლის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, შეიცვალა სექსუალური ძალადობის შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) შესაბამისი მუხლები, თუმცა კონვენციასთან ამ მუხლების სრული თანხვედრა არ მომხდარა:

  • სექსუალური ძალადობის დანაშაულების დეფინიცია არ ეფუძნება მსხვერპლის თავისუფალი, ნებაყოფლობითი თანხმობის არარსებობას, რომელიც უნდა შეფასდეს მსხვერპლის ნების დამთრგუნველი გარემოებების ფართო სპექტრის გათვალისწინებით;
  • ძალადობა არის გაუპატიურების დეფინიციის შემადგენელი ნაწილი და არა მისი დამამძიმებელი გარემოება, ხოლო მსხვერპლის მიერ წინააღმდეგობის გაწევა პრაქტიკაში გათანაბრებულია დანაშაულის ელემენტთან;
  • სექსუალური ძალადობის გარკვეული ფორმები, რომლებიც თავისი ბუნებით გაუპატიურებას და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ითვალისწინებს, კვალიფიცირდება, როგორც ნაკლებად მძიმე დანაშული (მუხლი 139-ე), რომელიც არ ითვალისწინებს ადეკვატურ სასჯელს.

მკვლევრების მიერ შესწავლილი საქმეებიდან ირკვევა, რომ სექსუალურ ძალადობაზე მართლმსაჯულების განხორციელების დროს, არც ერთ ეტაპზე, გენდერული ხედვის გათვალისწინება არ მომხდარა. სექსუალური ძალადობა საგამოძიებო და სასამართლო ორგანოების მხრიდან არ აღიქმება, როგორც გენდერული დანაშაული, რომლის მსხვერპლები ხდებიან ქალები და გოგოები, მათი სექსის და გენდერის გამო და რომ ამგვარი ქმედება არაპროპორციულად აზიანებს ქალებს.

შესაბამისად, არცერთ საქმეზე, სადაც სექსუალურ ძალადობაზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, არ მომხდარა შესაძლო დისკრიმინაციული მოტივის გამოკვლევა, სასამართლო განაჩენებში გენდერული ხედვის განვითარება და, ამგვარი მოტივის გამოვლენის შემთხვევაში, დამნაშავისთვის სასჯელის დამძიმება.

პირობითი სასჯელი - 43 სახის დაზიანების სანაცვლოდ

შესწავლილ საქმეებში პრობლემად გამოიკვეთა, რომ სტამბოლის კონვენციით და, შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებებზე მითითება არასოდეს მომხდარა იმ შემთხვევებში, როცა საქმის მასალები, შესაძლოა, იძლეოდა ამის საშუალებას.

არასოდეს მომხდარა ძალადობის წინა ისტორიის დამამძიმებელ გარემოებად გამოყენება, მათ შორის, ისეთ საქმეებში, სადაც შემაკავებელი ორდერები ფიგურირებდა მტკიცებულებებად.

ქალთა მიმართ დისკრიმინაციული შემამსუბუქებელი გარემოებებისა და არაპროპორციულად ლმობიერი სასჯელის გამოყენების ცხად მაგალითად აფასებენ მკვლევრები მცხეთის რაიონულ სასამართლოში წარმართულ გაუპატიურების მცდელობის საქმეს (სსკ-ის 19-137-ე მუხლი), სადაც მიუხედავად დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებით სასტიკი მოპყრობისა, დამნაშავე, საპროცესო შეთანხმების მეშვეობით, რეალური სასჯელის გარეშე დარჩა.

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა რ.ი-მ განაცხადა, რომ მას მიყენებული ჰქონდა 43 დაზიანება სახისა და ტანის არეში, ასევე, ძალადობის შედეგად, დანაშაულის ჩადენის დღეს სახე ჰქონდა დასიებული და პირი - სისხლით სავსე.

მისი თქმით, მიღებული დაზიანებების შემდეგ ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუუარესდა. გამოძიების ეტაპზე დანიშნული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რ.ი-ს ტანსაცმელზე არსებული ლაქები წარმოადგენდა ადამიანის სისხლს, სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით, ხოლო ხელის მტევანზე დაჟეჟილი ჭრილობა. მიუხედავად მოწმის ჩვენებისა და დაზიანებების შესახებ ექსპერტიზის დასკვნისა, ბრალდებულს, გაუპატიურების მცდელობისთვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი.

მოსამართლე განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ „დაზარალებული შეურიგდა მოძალადეს და მის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნდა“.

როგორც საქმის მასალების შესწავლისას ირკვევა, ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმების გაფორმების დასაბუთებისას აღნიშნავდა, რომ მსხვერპლსა და მოძალადეს შორის შედგა შეთანხმება და შესაძლო დამნაშავემ მსხვერპლს მიყენებული ზიანი აუნაზღაურა (ფულადი დახმარება).

დაზარალებული და ბრალდებული ერთმანეთის პირისპირ

მკვლევრები წერენ, რომ განსაკუთრებით სტერეოტიპული და მსხვერპლის ღირსების შემლახველი მიდგომები გამოიკვეთა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ მოწოდებულ საქმის მასალებში.

შესწავლილი საქმეებიდან, მხოლოდ ორ დაზარალებულს ჰყავდა ადვოკატი. სხვა დანარჩენ შემთხვევებში, მსხვერპლებს დამოუკიდებლად უწევდათ საკუთარი უფლებებისა და სტერეოტიპული მიდგომებისგან თავის დაცვა.

ასევე, სასამართლო პროცესებზე მსხვერპლები ბრალდებულებს ყველა შემთხვევაში პირისპირ ხვდებოდნენ და ხშირად თვითონ ბრალდებულებიც უსვამდნენ მათ კითხვებს, რაც იწვევდა მსხვერპლთა დაბნეულობას, გაღიზიანებასა და დისკომფორტს. ბრალდებულები დაზარალებულებს გამომცდელ კითხვებს უსვამდნენ: „ეს ხომ ასე იყო? მე შენ რა გითხარი? ეს ასე არ ყოფილა?“

საქმეების გაცნობის შედეგად, დადგინდა, რომ არ ყოფილა მიღებული რაიმე ზომა სასამართლო პროცესზე დაზარალებულისა და ბრალდებულის ერთმანეთთან დაპირისპირების აღსაკვეთად. აღნიშნულ ფაქტებზე არც მოსამართლეს და არც ბრალდების მხარეს ბრალდებულისთვის შენიშვნა არ მიუციათ და არც რამე სახის რეაგირება მოუხდენიათ დაზარალებულის ტრავმირების თავიდან ასაცილებლად.

პატიმრობა, რომელსაც მოსამართლე თავს არიდებს

ანგარიშში ვკითხულობთ იმასაც, რომ პრობლემად რჩება სექსუალური ძალადობის ჩადენაში ბრალდებული პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის არგამოყენება, თან ისეთ სიტუაციაში, როდესაც საქმის მასალების მიხედვით, ცხადი იყო, რომ პირს დაზარალებულსა ან სხვა პირებზე ზემოქმედების მოხდენა შეეძლო.

მაგალითად, ერთ-ერთ საქმეში, ბრალდებულმა ძალადობის გამოყენებით ს.-სთან დაამყარა ორალური აქტი, რის შემდეგაც ის აიძულა, გაეხადა შორტი და საცვალი და ძალადობით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ პირის ღრუსა და უკანა ტანის მიდამოში მექანიკური დაზიანებები არ დაადგინა. დაზარალებულის "შორტზე" აღმოჩნდა ბრალდებულის ბიოლოგიური მასალა. სასამართლომ არ გაითვალისწინა პროკურატურის მოთხოვნა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ და ბრალდებულს შეუფარდა 100 000 ლარიანი გირაო.

ძალადობის გამართლება ქორწინების სახელით

მკვლევრებმა შეისწავლეს საქართველოს სხვადასხვა სასამართლოში წარმოებული საქმეები, რომლებიც ქორწინების იძულების მიზნით ქალის მოტაცებას ეხებოდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში განხილული საქმის მასალების შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ ბრალდებული და მისი ორი მეგობარი (რომლებიც ასევე ბრალდებულები იყვნენ საქმეზე) დაზარალებულის მოტაცებას ცოლად შერთვის მიზნით ამართლებენ იმით, რომ ფ.ზ-სა და ს.ზ-ს „ერთმანეთი უყვარდათ“. იმის მიუხედავად, რომ ბრალდებულის და დაზარალებულის წინარე ურთიერთობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არ ცვლის ჩადენილი დანაშაულის ბუნებას, აღნიშნულ ფაქტზე აპელირებდნენ გამომძიებლებიც და ყველა მოწმეს უსვამდნენ ერთსა და იმავე კითხვას - უყვარდათ თუ არა ერთმანეთი ბრალდებულსა და დაზარალებულს და იყვნენ თუ არა ისინი შეყვარებულები.

ამასთანავე, საქმის მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ბრალდებულები ძალის გამოყენებითა და დაშინებით ზემოქმედებდნენ დაზარალებულზე, რადგან დაზარალებულს არ სურდა ბრალდებულთან ურთიერთობა. ამ საქმეში, როგორც ბრალდებულის ოჯახის წევრები, ასევე ბრალდებულის ინტერესების დამცველი მიუთითებენ, რომ მოტაცება, რომელიც დაკავშირებულია ოჯახის შექმნასთან, არის ტრადიცია და იგი არ უნდა ჩაითვალოს დანაშაულად. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები მკაფიოდ ადასტურებს ე.წ. ტრადიციებით გამყარებული გენდერული დისკრიმინაციის მოტივს, მასზე პროკურორს მითითება არ გაუკეთებია. იმავდროულად, არც მოსამართლეს უმსჯელია დანაშაულის შესახებ გენდერულ კონტექსტში და არ გამოუყენებია ის ბრალდებულების მიმართ, როგორც დამამძიმებელი გარემოება.

მსგავსი პრობლემა გამოიკვეთა ქორწინების იძულების მიზნით მოტაცების კიდევ ერთ საქმეში, სადაც ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, თუმცა აღნიშნა, რომ პრობლემა აღმოფხვრილია, რადგან მან დაზარალებულზე იქორწინა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა - ტრავმული პროცედურა

პრაქტიკის თანახმად, გამოძიების ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელიც დანაშაულის ჩადენას ადასტურებს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაა.

ანგარიშის ავტორების თქმით, სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გამოიკვეთა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლისთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის გავლა ხშირად ტრავმული პროცედურაა.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისას, რიგ შემთხვევაში, აწყდებიან ღირსების შემლახველ და გენდერულ სტერეოტიპებზე დამყარებულ მიდგომას, ახდენს მსხვერპლის მეორეულ ვიქტიმიზაციას.

როგორც მკვლევრები წერენ, ერთ-ერთმა ადვოკატმა აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ქალმა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების პროცესი ხელახალ გაუპატიურებად დაახასიათა მსხვერპლის ღირსების შეუსაბამო გარემოს გამო.

ამასთანავე, კვლევამ ცხადყო, რომ საქალწულე აპკის გამოკვლევა ხდება იმის დადასტურების მიზნით, ჰქონია თუ არა ქალს ვაგინალური სქესობრივი კავშირი. კვლევის ფარგლებში შესწავლილი საქმეებიდან საქალწულე აპკის მდგომარეობის თაობაზე ექსპერტს კითხვა 9 შემთხვევაში დაუსვეს (საქმეები ეხებოდა გაუპატიურებას და გაუპატიურების მცდელობას).

ერთ-ერთ საქმეში, მაგალითად, ექსპერტის მიერ მომზადებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ „საქალწულე აპკის მთლიანობა არ არის დარღვეული, თუმცა საქალწულე აპკის დაჭიმვისას ნასკდომიდან მოჟონავს მცირე რაოდენობით სისხლი“, ასევე მითითებულია, რომ დაზარალებულს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები. დანაშაული დაკვალიფიცირდა, როგორც გაუპატიურების მცდელობა.

მკვლევრები აცხადებენ, რომ ამგვარი დასკვნების გაკეთება საქალწულე აპკის მდგომარეობაზე დაყრდნობით, არღვევს ქალების და გოგოების უფლებებს. მათი თქმით, არ არსებობს მეცნიერული ან კლინიკური გამართლება, რომ იგი გამოიყენებოდეს სქესობრივი კავშირის ან გაუპატიურების დასადასტურებლად.

მკვლევრები კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე ამახვილებენ ყურადღებას - ხშირად სექსუალური ძალადობის მსხვერპლები ექსპერტიზაზე უარს ამბობენ ექსპერტების სქესის გამო. დაზარალებულებს არ აქვს შესაძლებლობა, აირჩიონ ექსპერტის სქესი.

ამ საკითხის სიმწვავეს ადასტურებს ისიც, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ბიუროში დღესდღეობით, საქართველოს მასშტაბით, დასაქმებულია ჯამში 39 სამედიცინო ექსპერტი, საიდანაც მხოლოდ 9 არის ქალი. თბილისში დასაქმებული 20 ექსპერტიდან მხოლოდ 8 ქალია. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა რეგიონებში, სადაც ჯამში დასაქმებული 19 სამედიცინო ექსპერტიდან ერთია ქალი.

შშმ, ლგბტ ქალები, ეთნიკური უმცირესობები - განსაკუთრებული ბარიერები

შშმ პირები, ლბტი ქალები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, მიგრანტები, წამალდამოკიდებული ქალები განსაკუთრებულ ბარიერებს აწყდებიან სექსუალურ ძალადობაზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის კუთხით.

დაბრკოლებებს შორის აღსანიშნავია არსებული საკანონმდებლო რეგულირება, ქალისადმი რეპრესიული კანონმდებლობა პროსტიტუციასთან, ასევე, ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებით, ქალების მიმართ სტიგმა, განსაკუთრებით, სექსმუშაკი, წამალდამოკიდებული, ლბტ და შშმ ქალებთან მიმართებით. განსაკუთრებულ პრობლემად გამოიკვეთა სექსუალური ძალადობის გამოძიების დროს ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე ქალების ჩვენების ეჭვქვეშ დაყენება და არასანდოდ მიჩნევა მათი სტატუსის გამო, რასაც, შესაძლოა, დამნაშავის დაუსჯელობა მოჰყვეს.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არც თუ იშვიათია სექსუალური ძალადობის ფაქტები, მკვლევრები ამბობენ, რომ კვლავ დაბალია მასზე სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინებისა და ამ შემთხვევებზე მართლმსაჯულების განხორციელების მაჩვენებელი.

კვლევის პერიოდში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცხელ ხაზზე, 316 შეტყობინება დაფიქსირდა ქალის მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ. იმავე პერიოდში, გამამტყუნებელი განაჩენი სექსუალური ძალადობისთვის მხოლოდ 20 შემთხვევაში დადგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG