Accessibility links

site logo site logo

ელენე ხოშტარია მოითხოვს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის შემდგომი კარანტინის მოხსნას


„ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სახელზე შეიტანა წერილი, რომელიც ეხება ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადასული პირებისთვის პრობლემების შექმნას და კორონავირუსით ინფიცირების ოფიციალურ სტატისტიკაში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მონაცემთა არარსებობას.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, საოკუპაციო ხაზზე გადმოსული მოქალაქეები 5-დღიან კარანტინს ექვემდებარებიან, რაც მათთვის მწვავე პრობლემაა: „ეს არის საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის დაწესებული რეგულაცია, რაც პოლიტიკურად არასწორია, მაგრამ პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, ერთი საათით რომ დასჭირდეს წამალზე გადმოსვლა ან პროდუქტზე, ხუთი დღე კარანტინში უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღარ გადმოდიან იქიდან და ძალიან ბევრი პრობლემა ექმნებათ მათ“.

ხოშტარიას თქმით, გასაგებია, რომ საქართველოს მთავრობა ოკუპირებულ რეგიონებში ეპიდსიტუაციას ვერ აკონტროლებს, მაგრამ მოსაფიქრებელია სხვა მექანიზმი, მაგალითად, სწრაფი ტესტირება.

„ასევე არის მეორე თემა, სტატისტიკის აღრიცხვა, რომელშიც არ არის მოხვედრილი ოკუპირებული ტერიტორიები გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ რომ არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ჩვენ უბრალოდ არ ვაღიარებთ და არ არის ეს ჩვენი ტერიტორია, უნდა გაკეთდეს მითითება, რომ საქართველოს ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული“, - უთხრა მედიას ელენე ხოშტარიამ.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას ადგილობრივი დე ფაქტო მთავრობები აღრიცხავენ. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის სტატისტიკით, კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 12 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის მონაცემებით, 2900-ზე მეტი. აფხაზეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 190-ს აჭარბებს, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთში - 70-ს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG