Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი დღეს გადაწყვეტს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს


საქართველოს პარლამენტი ჯერ კომიტეტების, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე განიხილავს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს.

საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილება გენერალური პროკურორის მიმართვა, რომლითაც პარლამენტისგან ითხოვს თანხმობას ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე. მომხსენებლად პარლამენტში მივლენილია გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი. სხდომა 10:00 საათზეა დანიშნული.

პარლამენტს გენერალურმა პროკურორმა მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა მელიამ არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო. მელია აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ვერ დაიჭერს.

ნიკა მელიას ინფორმაციით, პროკურორისთვის შეკითხვების დასასმელად დღევანდელ სხდომაზე მივლენ მისი ადვოკატები გიორგი კონდახიშვილი, დიტო საძაგლიშვილი და ბექა ბასილაია, რათა „მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერში ნახოს და კიდევ ერთხელ გაიგოს“, რომ ხელისუფლებას მის წინააღმდეგ არანაირი სამართლებრივი საფუძველი და მტკიცებულება არ გააჩნია.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ნიკა მელიას იმუნიტეტს მოუხსნიან. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა 15 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ როგორც საკომიტეტო დონეზე, ასევე პლენარულ სხდომაზე მიიღებენ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას, რათა არავის მიეცეს შესაძლებლობა, დადგეს კანონზე მაღლა, შეგნებულად და მიზანმიმართულად მოუწყოს პროვოკაცია სახელმწიფო ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობის და თანასწორობის პრინციპებს“.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მხოლოდ მელიას გადასაწყვეტია, "დაემორჩილება კანონის მოთხოვნებს და გადაიხდის მისთვის დაწესებულ გირაოს, თუ პროვოკაციული გადაწყვეტილებით დაიმძიმებს აღკვეთის ღონისძიების პირობებს".

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას, რომელმაც გირაოს თანხა, 40 000 ლარი არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, დამატებით ერთ კვირას აძლევს მის გადასახდელად. მელიამ იმავე დღეს თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააკავებენ.

ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა თანხმობისთვის, რათა პროკურატურამ სასამართლოსგან ითხოვოს ნიკა მელიას მიმართ გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. აქციაზე, რომელიც მთავრობამ სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა, აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილიდან.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

ნიკა მელია საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია. მიუხედავად იმისა, რომ მას ოპოზიციიდან არჩეულ კიდევ 50 დეპუტატთან ერთად პარლამენტისთვის ოფიციალურად აქვს მიმართული უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით, 2 თებერვალს პარლამენტმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მელიას დეპუტატის მანდატი ერთხელ უკვე ჩამორთმეული აქვს. 2019 წლის დეკემბერში, წინა, მეცხრე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების" უმრავლესობამ მას უფლებამოსილება შეუწყვიტა ბანკ „ქართუს“ გაკოტრების მცდელობის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა მელია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, 25 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა და 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG