Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელიას დაჭერის დილემა - იმუნიტეტის მოხსნამდე ერთი დღე რჩება


2019 წლის შემდეგ, ნიკა მელია უკვე მეორედ დგას დაპატიმრების საფრთხის წინაშე, ამჯერად - გირაოს გადაუხდელობის გამო.

„ქართული ოცნება“ მზად არის, რომ გენერალური პროკურორის 12 თებერვლის მიმართვის საფუძველზე, მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნას და ამით მხარი დაუჭიროს ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავებას. ოპოზიციური პარტიები პროცესს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ და ფიზიკური წინააღმდეგობის გასაწევად ემზადებიან - ჩვენც დაგვიჭირონ, აცხადებენ პარტიების ლიდერები.

„ოცნება“ მზად არის

იმისათვის, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართოს, პროკურატურას პარლამენტის ნებართვა ესაჭიროება და ამისათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებაა საჭირო. პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ეს საკითხი 15 თებერვალს განსახილველად ორ საპარლამენტო კომიტეტს გადაეცა. მაგრამ „ქართული ოცნება“ არ აპირებს, გამოიყენოს საკითხის შესასწავლად კანონის მიერ დაწესებული 5-დღიანი ვადა.

როგორც რადიო თავისუფლებას პარლამენტში უთხრეს, მელიას საკითხი პლენარულ სხდომაზე უკვე ხვალ, 16 თებერვალს გავა.

„ჩვენი გუნდის პოზიცია მკაფიოა - კანონზე მაღლა არავინ დგას და სადეპუტატო იმუნიტეტი იმისთვის არ არსებობს, რომ მართლმსაჯულების აღსრულება შეაფერხოს და დეპუტატი, რომელიც სრულიად ღიად, ცალსახად და შეგნებულად გადის კანონის ჩარჩოებიდან, ხელი დააფაროს მას. შესაბამისად, როგორც საკომიტეტო დონეზე, ასევე პლენარულ სხდომაზე, ჩვენ მივიღებთ იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა 15 თებერვალს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

საკითხი მანამდეც გადაწყვეტილი იყო. ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 13 თებერვალს იმსჯელეს. უმრავლესობის სხდომის შემდეგ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ნიკა მელია „მიზანმიმართულ პროვოკაციას უწყობენ მართლმსაჯულების სისტემას“ და თუკი მელია გირაოს გადასახდელად დარჩენილ დღეებს არ გამოიყენებდა, უმრავლესობა მწვანე შუქს აუნთებდა მის დაკავებას:

ჩვენ, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხის განხილვა აღარ გადავდეთ, რათა მან წინასწარ იცოდეს გუნდის საერთო პოზიცია, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს მისთვის იმუნიტეტის მოხსნას.

შესაბამისად, მას კიდევ აქვს დრო და შესაძლებლობა, მიიღოს არა პროვოკაციული დღის წესრიგით ნაკარნახევი, პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ პატივი სცეს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას და გადადგას სამართლებრივად სწორი, კანონის მოთხოვნების შესაბამისი ნაბიჯი.

„ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, წინასწარი განცხადებებით, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარს არ დაუჭერენ ფრიდონ ინჯიას „ევროპელი სოციალისტები“ და ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“.

2 თებერვალს, პარლამენტის სხდომაზე, „ქართული ოცნების“ ძალისხმევით, სადეპუტატო მანდატები მათი ნების საწინააღმდეგოდ შეუნარჩუნდა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს და მათ შორის იყო ნიკა მელიაც.

რაზე ამბობს უარს მელია?

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებას გენერალური პროკურატურა 40-ათასლარიანი გირაოს გადაუხდელობის გამო ითხოვს. პროცესი ისევ უკავშირდება 20-21 ივნისის მოვლენების (ე.წ. გავრილოვის ღამის) საქმეს.

  • 2019 წელს, ნიკა მელიას პარლამენტმა ერთხელ უკვე შეუწყვიტა სადეპუტატო უფლებამოსილება, თუმცა მაშინ ეს პროცესი მისი დაპატიმრებით არ დასრულდა;
  • 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, სასამართლომ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30-ათასლარიანი გირაო და ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯურის ტარება;
  • 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე, ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური და მომიტინგეებში გადააგდო;
  • სამაჯურის მოხსნის გამო, პროკურატურამ მანამდე შეფარდებული და გადახდილი გირაოს (30 ათასი ლარი) 100 ათას ლარამდე გაზრდა მოითხოვა;
  • 2020 წლის 3 ნოემბერს, სასამართლომ მელიას დამატებით 40 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

ნიკა მელია ამ თანხის დაკისრებას აბსოლუტურ უსამართლობად მიიჩნევს და, შესაბამისად, უარს ამბობს გადახდაზე. ამასთანავე, ის ხშირად იმეორებს, რომ 2019 წლისგან განსხვავებით, თავისი ფეხით არ მივა სასამართლოში და დაჭერის გადაწყვეტილების შემთხვევაში, ხელისუფლებას ციხეში მისი ძალით წაყვანა მოუწევს.

„ვერ დამიჭერთ“ - ბოლო დღეებში ამ სიტყვებით მელია ხშირად მიმართავდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და ეს გაიმეორა 15 თებერვალსაც, ოპოზიციური პარტიების თავყრილობაში მონაწილეობის შემდეგ:

„გამორიცხულია - კალაძე, კობახიძე, მურუსიძე, გავრილოვი, ივანიშვილი - არ ვიცი, ვინც არის „ქართულ ოცნებაში დღეს, მათ მოახერხონ ჩემი დაჭერა. ელემენტარულად, ამისი საფუძველი არა აქვთ. ეს არის ჩემი ძალიან ჩამოყალიბებული პოზიცია, რომლისაც მჯერა და თუ ვინმეს არ სჯერა, რამდენიმე დღის წინანდელი ჩემი პოზიცია გაიხსენონ, როდესაც ვამბობდი - არ გადავიხდი (გირაოს), „ქართული ოცნება“ ამბობდა - გადაიხდისო... ხომ არ გადავიხადე?! ახლა „ქართულ ოცნებას“ ვეუბნები კვლავ საპირისპიროს - ნუ იყენებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში“.

იმ მიზეზით, რომ გირაოს მოცულობის გაზრდა ერთხელ უკვე მოითხოვა და მელია არ იხდის, გენერალური პროკურორი პარლამენტისთვის გაგზავნილ წერილში მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახლა მელიას წინააღმდეგ „უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება“, ანუ პატიმრობა უნდა იქნას გამოყენებული.

ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი კანონიერად დაკავების ვერანაირ საფუძველს ვერ ხედავს და რადიო თავისუფლებასთან საუბრისას პროცესს „სრულად პოლიტიზირებულს“ უწოდებს.

„თავი რომ დავანებოთ თავდაპირველი ბრალდების შინაარსს, რომ ის თითქოს ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორი და მონაწილე იყო, კანონდარღვევებია გირაოს საკითხთან დაკავშირებითაც... სიახლე მოიგონეს, როცა გადახდილ გირაოზე ადამიანს უთხრეს - შენ ცუდად იქცევი, კანონს არღვევ და გირაო უნდა გაგიზარდოთო... მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში. იურისტების წრეში ეს საქმე ერთგვარად გაშარჟებულია, იმდენად ახალი პრაქტიკა დანერგეს ნიკა მელიას შემთხვევაში.

გირაოს გადაუხდელობაზე ყველა სხვა შემთხვევაში პატიმრობაა და აქ (ნოემბერში, სამაჯურის მოხსნის შემდეგ) ჩაითვალა, რომ აღკვეთის ღონისძიების გამკაცრებად მიიჩნიონ გირაოს თანხის დამატება, ანუ გირაოზე გირაო. თვითონაც კარგად იციან, ყველაფერი ამ საქმეში არის ფიქცია. პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით იქცევიან და როგორც აწყობთ, ისე იყენებენ კანონსა და ინსტიტუტებს... როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ, მითითებიდან გამომდინარე იქნება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი კონდახიშვილმა.

2019 წელს, სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მეორე დღეს მიმართა. კონდახიშვილი ფიქრობს, რომ დაახლოებით ასე იქნება ამჯერადაც.

ექსპერტი, ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია ფიქრობს, რომ საქმე ნიკა მელიას დაჭერამდე არ მივა, რადგან ეს ფაქტი წაგებიან პოზიციაში ჩააყენებს „ქართულ ოცნებას“; ხოლო მოგებიან პოზიციაში - თავად მელიას.

„შეცდომა დაუშვა „ოცნებამ“ და თავი აიტკივა ნიკა მელიას წინააღმდეგ ამ საქმის გაცოცხლებით... „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს ნიკა მელიასთვის „პრომოუშენში“ ხელშეწყობა... მელია არ არის ის პირი, რომელზეც ნეგატიური პროპაგანდის აგება და მისი მარგინალიზება ადვილად იქნება შესაძლებელი. ფაქტია, რომ ნიკა მელია უფრო ვითარდება და ის სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერითაც სარგებლობს... ფაქტია, რომ მოდუნებული პოლიტიკური ცხოვრება მელიას ფაქტორმა გამოაცოცხლა...

თუმცა „ქართულ ოცნებას“ აქვს სხვადასხვა ინსტრუმენტიც - ვთქვათ, ჩააგდოს ეს საკითხი პარლამენტში, ანდა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტოს, მაგრამ მერე შეიძლება პროცესი გააჯანჯლონ... შეიძლება შეხედონ, გაზომონ საზოგადოების რეაქციები“, - უთხრა რადიო თავისუფლებას არჩილ გამზარდიამ.

გამზარდიას თქმით, მელიასთვის მიმდინარე პროცესი მოგებიანი იმითაც არის, რომ მას ახლა აქვს შანსი, მოიპოვოს „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ელექტორატის სიმპათიებიც, რომელმაც ხმა ამ პარტიას არა მის, არამედ მიხეილ სააკაშვილის გამო მისცა. პარალელურად, გამზარდიას აზრით, ძლიერდება მელიას პოზიციები ოპოზიციური სპექტრის რეალურ ლიდერად ქცევის კუთხითაც.

ოპოზიციის მხარდაჭერა

პარტიების უდიდესი ნაწილი პროცესს პოლიტიზებულად მიიჩნევს და ნიკა მელიას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. 15 თებერვალს ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიციონერები აცხადებდნენ, რომ ისინი ფიზიკური წინააღმდეგობის გასაწევადაც არიან მზად და მელიას დაკავების შემთხვევაში, ხელისუფლებას მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს.

  • „თუ შეეხებიან ნიკას და დაიჭერენ, რისი თავიც არა აქვთ, მოუწევთ ჩემი დაპატიმრებაც... გულწრფელად ვამბობ, არ გავატანთ... პირადად მე ვაპირებ, რომ არ გავატანო ნიკა მელია. მე ვფიქრობ, რომ ვერ დააპატიმრებენ, მაგრამ თუ ამას გადაწყვეტენ, გავუწევ ფიზიკურ წინააღმდეგობას და მოუწევთ ჩემი დაპატიმრებაც“ - ხატია დეკანოიძე, „ნაციონალური მოძრაობა“;
  • „თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ნიკა დაიჭიროს და ამით თავი პრაქტიკულად ჩიხში მოაქციოს, პირდაპირ ვამბობთ - ფიზიკურად დავიცავთ ნიკა მელიას და მაშინ მოუწევთ ყველას დაკავება“ - ელენე ხოშტარია, პოლიტიკოსი;
  • „ხელისუფლებამ იცოდეს, რომ წინააღმდეგობა იქნება სრული და პროპორციული. მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს? დავარტყამ! პირდაპირ გეუბნებით. ხელისუფლება კანონის ფარგლებიდან გავიდა, ხელისუფლება გველაპარაკება, რომ უნდა დაგაჩმოროთო... როდესაც სახელმწიფო არ მიცავს და არ ახორციელებს თავის კანონიერ უფლებამოსილებას, როდესაც სახელმწიფო იქცევა მოძალადედ, მოქალაქემ თავი უნდა დაიცვას“ - გიგი უგულავა, „ევროპული საქართველო“;
  • „იმედს ვიტოვებ, ხელისუფლება არ გადადგამს ისეთ უგუნურ ნაბიჯს, რომ დააკავოს პირველი ოპოზიციური პარტიის ლიდერი. თუ გადადგამს ასეთ ნაბიჯს, ძალიან ძვირად დაუჯდება როგორც მორალურად, ასევე პოლიტიკურად... მე და ჩემი თანაპარტიელები, რა თქმა უნდა, ვიქნებით ნიკა მელიას გვერდით“ - ნინო ბურჯანაძე, „ერთიანი საქართველო“.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა წევრმა, ნიკა ობოლაძემ 15 თებერვალს უთხრა რადიო თავისუფლებას, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს საერთაშორისო პარტნიორებს და საქმის კურსში არიან ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებიც. ობოლაძე ფიქრობს, რომ საქმე დაკავებამდე არ მივა, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, მოელიან საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერასაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG