Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი სპეცრაზმელებზე: ყველას დედასთან და მამასთან უნდა მივიდეთ, აუწიონ ყური

„ივანიშვილის გეგმა არის ნათელი: თავისუფლების მოყვარული ქართველი შეიძლება იყოს ან ციხეში, ან საქართველოს ფარგლებს გარეთ. ოდნავ მაინც ტვინი და სინდისი ვისაც აქვს, შეიძლება იყვნენ ციხეში ან ქვეყნის გარეთ" - თქვა მიხეილ სააკაშვილმა TV Pirveli-ს ეთერში მას შემდეგ, რაც მოსამართლემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.

"ერთადერთი გზა არის ახლა ძალმომრეობის შეკავება, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა ვიმუშაოთ ყველასთან, პოლიციასთან, სპეცრაზმებთან, აპარატის შიგნით ხალხთან. უკაცრავად, სპეცრაზმელები დოქსოპულოები არიან, თუ დედები და მამები არ ჰყავთ? ყველას დედასთან და მამასთან უნდა მივიდეთ, აუწიონ ყური და სახლში მიიყვანონ თავისი შვილები, ისინი ხომ ემსახურებიან საქართველოს დანგრევას და განდგურებას. ესენი არა მხოლოდ საქართველოს აღარ იცავენ, მათი ლოზუნგი, ვემსახურებით საქართველოს, სასაცილოდ ჟღერს უკვე. ესენი ანგრევენ და ანადგურებენ საქართველოს და ემსახურებიან მხოლოდ ერთს, "გაზპრომის" მთავარ აქციონერ ივანიშვილს. უნდა ველაპარაკოთ მათ დედებს, მამებს, მასწავლებლებს, უნდა მივიდეთ მათ სახლებში, თითოეულის მისამართი უნდა იყოს ცნობილი. ამაზეც ვმუშაობთ, რომ თითოეულის მისამართი გამოვაქვეყნოთ, ერთხელ უკვე ტელეფონები გამოვაქვეყნეთ, ყველას უნდა დაველაპარაკოთ. ეზოში რომ ჩავლენ, უნდა დაელაპარაკონ, თუ მაინც გააგრძელებენ, აღარ უნდა დაელაპარაკონ და სალამი არ უნდა მისცენ. ამ ადამიანებს არ უნდა გამოეჩინებოდეთ წესიერ საზოგადოებაში, თუ ჩვენ გვინდა, გვქონდეს მომავალი. ნამდვილი მებრძოლი ერები ასეთ ხალხს თავის რიგებში არ აჭაჭანებენ და უკეთებენ მათ შიდა ბოიკოტს“, –ასე უპასუხა ყოფილმა პრეზიდენტმა ჟურნალისტის კითხვას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმის შესაძლო მისვლასთან დაკავშირებით ნიკა მელიას დასაპატიმრებლად.

თავად მელია ოპოზიციციონერ პოლიტიკოსებთან, აქტივისტებთან და მხარდამჭერებთან ერთად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში იმყოფება - იქ შეკრებილები ამბობენ, რომ მას ფიზიკურად დაიცავენ. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, ჯერ კიდევ სასამართლოს მსვლელობისას ნაციონალური მოძრაობის ოფისთან სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზების შესახებ. შსს-ს განმარტებით, პოლიციის მობილიზება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს არ უკავშირდებოდა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ პარტიის ოფისში, ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ამ განაჩენით ვსამართლდებით ყველა, ვინც ვდგავართ ისტორიის ნათელ მხარეს".

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი (რაც მელიამ გადაიხადა) და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2021 წლის 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას, რომელმაც გირაოს თანხა, 40 000 ლარი არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, დამატებით ერთ კვირას აძლევს მის გადასახდელად. მელიამ იმავე დღეს თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააკავებენ.

ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა თანხმობისთვის, რათა პროკურატურას სასამართლოსგან მოეთხოვა ნიკა მელიას მიმართ გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლა.

16 თებერვალს პარლამენტმა მელიას იმუნიტეტი შეუჩერა, რის შემდეგაც პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს.

XS
SM
MD
LG