Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი: დავითგარეჯის პრობლემა დღეს არ წარმოქმნილა


"2014 წელს, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, მაშინ დაიწყო ამ საკითხზე მსჯელობა და მაშინ მოვითხოვეთ ჩვენ ამ კომისიის საქმიანობის შედეგები და იქიდან მოყოლებული მიდის მუშაობა, რომ მოგვეპოვებინა დამატებითი მასალები, დამატებითი კარტოგრაფიული საშუალებები იმისთვის, რომ ჩვენი არგუმენტები ყოფილიყო გამყარებული. ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია, იცით თქვენ, ადვილი არ არის იმ რუკებისა და კარტოგრაფიული მასალების მოპოვება", - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას, რომელიც ახალი მთავრობის და პრემიერ-მინისტრისთვის საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან ნდობის გამოცხადებას უძღვის წინ.

ზალკალიანს დეპუტატებმა ჰკითხეს დავითგარეჯის საკითხთან დაკავშირებით, როგორ აპირებს საგარეო უწყება იმ პრობლემის მოგვარებას, რომ სამონასტრო კომპლექსის ნაწილთან ქართული მხარის მისვლა შეზღუდულია, რაზეც მან უპასუხა, რომ დავითგარეჯის საკითხი ახალი პრობლემა არ არის, სათავეს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იღებს და 25 წელზე მეტია მოუგვარებლად რჩება. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ დავითგარეჯის საკითხი საბჭოთა კავშირის მძიმე მემკვიდრეობაა.

„საგარეო საქმეთა მინისტრი ვარ 2018 წლიდან, ამ სამინისტროს შემადგენელი ნაწილი ვარ და ჩემამდე ბევრი ადამიანი იყო, ვინც ამ სამინისტროს ხელმძღვანელობდა. დავითგარეჯის საკითხი ყველა მინისტრისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული იყო, მაგრამ აქ არის ობიექტური, სუბიექტური ფაქტორები. როგორ გგონიათ, ის, რომ დღეს გამოვლინდა ის ბევრი პრობლემა, ეს ხომ არის იმ მუშაობის შედეგი, რომელიც წინა წლებში განხორციელდა. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ, 2018 წელს როდესაც დავინიშნე, ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთეთ, მოვიკითხეთ კომისიის საქმიანობა და როგორ მუშაობდა კომისია.

ამ პროცესზე ჩვენ დიდი ხანია, ვმუშაობთ და ეს არ ნიშნავს, რომ ეს სადღაც თაროზე გვქონდა შემოდებული ან ამის შესახებ არ ვესაუბრებოდით ჩვენს პარტნიორებს. მუდმივად ვსაუბრობდით ამაზე, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია, საქმე სტრატეგიულ პარტნიორთან გვაქვს და სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე ვცდილობთ, მიღებული იქნას ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მისაღები იქნება ორივე ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის და იმ ისტორიისთვის. ახსნა არ სჭირდება ამას, ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი თვითმყოფადობის, იდენტობის შემადგენელი ნაწილია ეს.

სტუდენტი ვიყავი და სტუდენტურ მოძრაობასთან ერთად დავდიოდი, 9 აპრილს აქ ვიყავი ამ პარლამენტის წინ და დავითგარეჯით დაიწყო, თუ გახსოვთ, მაშინ ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. აბსოლუტურად განვაახლეთ კომისიის შემადგენლობა, დავიწყეთ ექსპერტებთან, საერთაშორისო ექსპერტებთან მუშაობა, რათა მათი საერთაშორისო ექსპერტიზა გვქონოდა, რამდენად სწორად იყო გამოყენებული ეს რუკები და რა შეცდომები იყო, ეს საექსპერტო დასკვნები არსებობს. ვინ მოიპოვა, ჩვენმა ხელისუფლებამ მოიპოვა ხომ ეს საექსპერტო დასკვნები და ახალი რუკებიც, რომელიც გვაქვს. მერწმუნეთ, ეს მთავარ პრიორიტეტულ საკითხებს შორის არის, მუდმივად, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა და დაამატა, რომ სექტემბერში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში ვიზიტისას მასთან ძალიან გულწრფელი და ღია საუბარი ჰქონდა.

„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი გაგებით მოეკიდა ჩვენს პოზიციას. ახალი მასალები გადაცემულია მათთვის და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერსპექტივაში კომისია განახლებული შემადენლობით შეიკრიბება და დეტალურად დაიწყებს მსჯელობას ზუსტად ამ საკითხზე. დარწმუნებული ვარ, საკითხი იქნება მიღებული ისე, როგორც შეეფერება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან, ისე როგორც ეს შეეფერება ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

„კარტოგრაფების საქმის“ მასალები დავით ზალკალიანის ნათქვამს ადასტურებს - კერძოდ, იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაისვა კითხვები კომისიის მუშაობასა და საზღვრის დადგენის პროცესთან დაკავშირებით და ყოფილი და ახლა უკვე შესაძლო პრემიერ-მინისტრი პირადად იყო დაინტერესებული ამ თემით და დავითგარეჯის თემაზე სახელმწიფო უწყებებში შეხვედრებიც იმართებოდა. თუმცა, ამავე საქმის მასალებიდან ჩანს, რომ საქართველომ აზერბაიჯანს გადასცა ახალი პოზიციების გასაძლიერებლად რუსეთიდან ჩამოტანილი რუკები, თუმცა აზერბაიჯანული მხარე საქართველოს ახალ პოზიციას არ დათანხმდა და უარი თქვა პროცესში ამ რუკების გამოყენებაზე.

ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა და მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გიორგი გახარიამ 18 თებერვლის დილას თქვა, რომ დაკავებულ თანამდებობას ტოვებდა გუნდში აზრთა სხვადასხვაობის გამო, რაც ნიკა მელიას დაპატიმრებაზე მსჯელობისას გამოიკვეთა. იმავე დღეს მან "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო და თავად პარტია დატოვა, მმართველმა გუნდმა კი პრემიერობის კანდიდატურად მოქმედი თავდაცვის მინისტრი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

ირაკლი ღარიბაშვილმა 19 თებერვალს თავისი სამთავრობო შემადგენლობა გააცნო საზოგადოებას - ახალ მინისტრთა კაბინეტში ფაქტობრივად ყველა მოქმედი მინისტრი ხვდება, მთავრობას ტოვებს მხოლოდ ინფრასრტუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის მინისტრის პოსტზე მისი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე ცვლის. ყოფილი მოადგილე დაიკავებს მთავრობის ამ სახით დამტკიცების შემთხვევაში მაია ცქიტიშვილის ადგილს - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ირაკლი ქარსელაძეა დასახელებული.

საერთაშორისო პარტნიორები და ოპოზიცია მთავრობას დიალოგისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებენ და ქვეყანაში არსებულ კრიზისზე საუბრობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG