Accessibility links

logo-print logo-print

ცერცვაძე: ორ-სამ კვირაში, სავარაუდოდ, ყველა შეზღუდვა მოიხსნება


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ამბობს, რომ კომენდანტის საათთან დაკავშირებით განიხილება ცვლილებები და ეტაპობრივად, ორ-სამ კვირაში, სავარაუდოდ სხვა შეზღუდვებიც მოიხსნება.

„მე უშუალოდ არ ვარ ჩართული საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში, რომელი შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას განიხილავს, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ყოველ კვირაში რაღაც ახალი შემსუბუქება განიხილება. ბევრი შეზღუდვა მოიხსნა, დღის წესრიგში დგას სარესტორნო ბიზნესზე შეზღუდვების შემსუბუქება; განიხილება ყველაზე მტკივნეული ნაწილი – ზამთრის კურორტების სეზონის დარჩენილ ნაწილში ამოქმედება და კომენდანტის საათის მხრივ ცვლილებები" - ამბობს ცერცვაძე და დასძენს, რომ მთავარია არ დაიკარგოს დადებითობის მაჩვენებლის 3 პროცენტზე ქვემოთ ჩამოსვლის მიღწევა, რათა შეზღუდვების აღდგენა არ გახდეს საჭირო.

15 თებერვლიდან საქართველოში ნაწილობრივ მოიხსნა კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით დაწესებული სანქციები. განახლდა სწავლა საკლასო ოთახებში და კვების ობიექტებს შეუძლიათ კლიენტები ღია სივრცეში მიიღონ, შაბათ-კვირის გარდა.

ჯერჯერობით ძალაში რჩება საღამოს 9-დან დილის 5-თ საათამდე მოქმედი კომენდანტის საათი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG