Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წელს დემოკრატიულმა მოძრაობამ გაათავისუფლა ქვეყანა ნეობოლშევიკური რეჟიმისგან


2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაწყებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ გაათავისუფლა ქვეყანა ნეობოლშევიკური რეჟიმისგან, მაშინ ჩვენი ამოცანა კონსტიტუციიდან გასული უზურპატორების კანონის ჩარჩოში დაბრუნება იყო და ეს მისია ქართველმა ხალხმა წარმატებით შეასრულა" - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე, საქართველოს პარლამენტში.

ღარიბაშვილის თქმით, ახლაც იმავე ამოცანის წინაშე დგანან.

„ჩვენ ვხედავთ, როგორ მოქმედებს დამნაშავე ძალა, მათ უარი განაცხადეს არჩევნების შედეგების აღიარებაზე, გამოიგონეს არარსებული გაყალბების მითი, დაიწყეს საბოტაჟი, გამოაცხადეს ბოიკოტი, რადგან ვერ შეძლეს ჩვენი ხელისუფლების შერყევა, დაიწყეს კანონისა და მართლმსაჯულების მიმართ დაუმორჩილებლობა. დღეს, ზუსტად ისე, როგორც 9 წლის წინ, ეს ძალა გასულია საკონსტიტუციო წესრიგიდან, დღეს 21-ე საუკუნის შულავერის კომიტეტი, ზუსტად ისევე, როგორც 100 წლის წინ, ქვეყნის კონსტიტუციის დამხობას ცდილობს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს. მან თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მმართველობის დროს ფეხქვეშ ჰქონდა გათელილი კონსტიტუცია და მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძეს კონსტიტუციის განახლებაზე მუშაობისთვის.

„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან, კონსტიტუციამ, რომელიც საამაყო უნდა იყოს ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის, იმდენი ტრანსფორმაცია განიცადა, რომ გადაიქცა ტექსტად, რომელმაც დაკარგა ეროვნული შეთანხმების მნიშვნელობა. 2012 წლის 1-ლ ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვება მოიპოვა სწორედ ისეთი ძალის დამარცხებით, რომელსაც, პირდაპირ უნდა ითქვას, უზურპირებული ჰქონდა ხელისუფლება, მიტაცებული იყო როგორც მთელი ძალაუფლება, ასევე კონტროლი იყო ყველა სახელისუფლებო თუ საზოგადოებრივ ინსტიტუტებზე. მეგობრებო, პირდაპირ უნდა ითქვას, ამ ძალას ფეხქვეშ გათელილი ჰქონდა კონსტიტუცია. 1995 წელს მიღებული კონსტიტუცია ერთი ადამიანის ნება-სურვილს დაექვემდებარა და მას მოერგო.

ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ქვეყნის მმართველობის ფორმის გადაყვანა საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელიდან საპარლამენტო მმართველობის მოდელზე მხოლოდ იმ ერთადერთი მიზნით მოხდა, რომ უვადოდ გაგრძელებულიყო მოძალადე ხელისუფლების მმართველობა. სწორედ ამგვარად იყო დაჭრილი და დაჩეხილი ის დოკუმენტი, როდესაც ქართველი ხალხის ნებით ანტიკონსტიტუციური მმართველობა შეიცვალა.

2016 წლიდან, როდესაც მორიგ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენ დავიწყეთ მმართველობის მოდელთან კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანა. ამ უდიდეს საქმეში წამყვანი როლი შეასრულა ბატონმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც გამართა და დასამტკიცებლად წარადგინა ეს დოკუმენტი. დოკუმენტი, რომელმაც მიიღო ისეთივე თანამედროვე, ევროპული სტანდარტის შესაბამისი ფორმა, როგორიც მისი 100 წლის წინამორბედი იყო. ამიტომ, მინდა მივულოცო ბატონ ირაკლის ის დამსახურებული ჯილდო, რაც დღეს მან საქართველოს პარლამენტის სახელით მიიღო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG