Accessibility links

logo-print logo-print

ვერ ვხედავ უკეთესი არჩევნებისთვის საჭირო პოლიტიკურ ნებას - ინტერვიუ ISFED-ის ახალ დირექტორთან


ნინო დოლიძე „სამართლიანი არჩევნების“ ახალი ხელმძღვანელია. საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI) 8-წლიანი მუშაობის შემდეგ იგი ამ პოზიციაზე შეცვლის ელენე ნიჟარაძეს, რომელიც ორგანიზაციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გაპარული შეცდომის შემდეგ გადააყენა. რადიო თავისუფლება ესაუბრა ნინო დოლიძეს და ჰკითხა, თუ როგორ აფასებს მომხდარს, რა ნაბიჯები აქვს დაგეგმილი ნდობის მოსაპოვებლად და რა გამოცდილებას მოიტანს ახალ პოზიციაზე.

ნინო, როგორ აფასებთ ISFED-ის რეაგირებას შეცდომაზე და რამდენად საკმარისია თქვენთვის ის განმარტება, რომელიც ორგანიზაციამ გააკეთა?

ჩემი შეფასებით, ნამდვილად იყო ტექნიკური შეცდომა, რაც, ცხადია, არ იყო კარგი ამხელა რეპუტაციის მქონე ორგანიზაციისთვის, მაგრამ ორგანიზაციამ ამაზე აიღო პასუხისმგებლობა და [ამით] ძალიან მაღალი სტანდარტი გამოავლინა., ამიტომაც ვარ დღეს აქ.

ISFED-ი აუცილებლად გააგრძელებს [არჩევნების] მონიტორინგს და დემოკრატიის ხელშეწყობას ჩვენს ქვეყანაში და მე არ ვფიქრობ, რომ ეს ერთი შეცდომა შეიძლება გახდეს საფუძველი იმის, რომ ISFED-მა ისევ ამაყად არ გააგრძელოს თავისი საქმიანობა. ტექნიკური შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს. ვფიქრობ, იმაზე მეტად მოხდა ამაზე აპელირება, ვიდრე საჭირო იყო. არა მგონია, რომ ამან რაიმე შეცვალა საარჩევნო პროცესებში.

პრობლემა ამ შემთხვევაში უფრო საზოგადოების დაგვიანებით ინფორმირება იყო და ზუსტად იმიტომ აიღო ორგანიზაციამ პასუხისმგებლობა. ამავე მიზეზის გამო დადგა დირექტორის გადაყენების საკითხი. ტექნიკური შეცდომა PVT ჯგუფის იყო და ერთ ადამიანზე ვერ გადატეხდი ისე, როგორც ეს მოხდა.

რა ამოცანები გესახებათ ყველაზე მნიშვნელოვნად ახალ ადგილზე?

სერიოზულად დავიწყებთ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს და სწორად ის მისცემს ორგანიზაციას შესაძლებლობას აღიდგინოს რეპუტაცია, თუ რამდენად კარგად დააკვირდება ამ არჩევნებს. იმ 8 წლის განმავლობაში, რაც IRI-ში ვიყავი, მქონდა მჭიდრო თანამშრომლობა ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და ყველამ იცის, ვინ ვარ და რომ ნეიტრალურად მივუდგები ამ საქმიანობას, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ISFED-ი აქტიურად იმუშავებს არა მხოლოდ ცენტრალურ დონეზე, არამედ რეგიონებშიც.

რას შემატებს ორგანიზაციას თქვენი მისვლა?

მინდა სხვა ხარისხით დავაკვირდე არჩევნებს. ვფიქრობ, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე საჭიროა მონიტორინგის ცვლილება, იმიტომ რომ იცვლება ის ტექნოლოგიები, რომლებსაც პარტიები და ხელისუფლება იყენებენ კამპანიისთვის. უნდა მოვარგოთ მონიტორინგი დღევანდელ პოლიტიკურ გამოწვევებს - ეს ჩემი პირველი ამოცანა იქნება. უფრო სიღრმისეული გავხადოთ, იყოს მეტი ანალიტიკა.

აუცილებლად ვიმუშავებ ამომრჩევლის განათლებაზე. ის შეიძლება ვერ არჩევდეს, რა არის ფეიკნიუსი და არ ჩაეძიოს ბოლომდე ინფორმაციას. ამაზე მეტი უნდა ვესაუბროთ ამომრჩეველს, რომ ამოიცნოს, რა არის ტყუილი და რა - არა. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ამომრჩევლის განათლება ძალიან კარგი იქნება იმ მიმართულებითაც, რომ პერსონებზე აღარ გააკეთონ აქცენტი, არამედ საკითხებზე. იმდენი რამაა გასაკეთებელი ქვეყანაში და ვუყურებთ რამდენიმე ადამიანის “ძიძგილაობას”. ამომრჩეველი თუ მოითხოვს, მოუწევს მერე - ხელისუფლება იქნება თუ ოპოზიცია - ამ მოთხოვნებს უპასუხოს. ამომრჩევლის გაზრდის პარალელურად იმათაც მოუწევთ, რომ გაიზარდონ.

მაგრამ ამომრჩეველი საკმაოდ კრიტიკულადაა ახლა თქვენ მიმართ განწყობილი.

მართალია ეს, ამომრჩეველი ცოტა დაბნეულიც მგონია და დაღლილიც. სამიზნე აუდიტორიები უნდა გვყავდეს, სხვანაირი კომუნიკაცია სჭირდებათ ასაკოვნებს, ახალგაზრდებს, სხვადასხვა მიდგომები. უნდა მოვიფიქროთ. ვის როგორ დაველაპარაკებით. ტელევიზიაც თავ-თავის ამომრჩეველს ესაუბრება მხოლოდ. ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები, უნდა ვზრუნავდეთ არა ვიწროდ რომელიღაც ამომრჩევლის განათლებაზე, არამედ ყველაზე ერთად.

ჩვენ ემოციური ხალხი ვართ და ამ პროცესსაც ემოციურად ვუდგებით. უფრო განვითარებულ ქვეყნებში უფრო მშვიდად მიმდინარეობს ხოლმე საარჩევნო პროცესები. ეს არ არის ჩვენთვის, უბრალოდ, პოლიტიკა. ეს არის რაღაცა შინაური და პერსონალურად აღქმული. რაც ნეგატიურად შემიძლია შევაფასო, არის პოლარიზება, რაც არ ადგება ჩვენს დემოკრატიას. ან ერთი მხარე ხარ, ან მეორე მხარე ხარ - ასე არ შეიძლება. ძალიან ბევრი ადამიანი საერთოდ ვერ აფიქსირებს აზრს მაგის გამო. ტელევიზიებიც, სამწუხაროდ, ამის ნაწილია. სხვა ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა გამოხატონ აზრი და მთელი ქვეყანა ორი ძალის ჭიდილს ეწირება. ეს აისახება სოციალურ ქსელებშიც და სოცმედიაშიც. და ვფიქრობ, ძალიან ბევრია სამუშაო ამ მიმართულებითაც, რომ პროპაგანდამ არ დააზიანოს წინასაარჩევნო გარემო.

ბოლო არჩევნებმა ძალიან გამიცრუა იმედი და ვხედავ, რომ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისგან ქვეყანაში. ვერ ვხედავ უკეთესი არჩევნებისთვის საჭირო პოლიტიკურ ნებას. სხვა მხრივ მგონია, რომ სურვილი თუ იქნება, კანონმდებლობაც იქნება შესაბამისი. ამიტომაც გადავწყვიტე ISFED-ში წასვლა - მინდა, რომ უფრო მეტად ვისაუბრო იმ პრობლემებზე და უფრო ხმამაღლა, რაც არის ქვეყანაში დემოკრატიის მიმართულებით.

უკეთესი არჩევნების ჩატარება რას გულისხმობს?

უკეთეს არჩევნებს ვეძახით იმას, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყოს კონკურენტუნარიანი და ყველა პარტიას შეეძლოს თანაბრად კამპანიის ჩატარება, ზოგი არ იყოს უპირატეს მდგომარეობაში, მმართველმა გუნდმა არ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი (რასაც ძალიან ხშირად აკეთებს) და ყველა პარტიას ჰქონდეს ერთნაირი ხელმისაწვდომობა ყველაფერზე - იქნება ეს მედია თუ საჯარო სივრცეებში შეხვედრა. არ უნდა იყოს ზეწოლა ამომრჩეველზე, არ უნდა ხდებოდეს ამომრჩევლის აღრიცხვა კოორდინატორების მიერ, რაც ჩვენთან ასე ხშირად ხდება. რა თქმა უნდა, არჩევნების დღის სწორი ადმინისტრირებაცაა საჭირო, მაგრამ მთავარი პრობლემა, რაც ახლა გამოიკვეთა, არის არჩევნების მერე შემაჯამებელი ოქმების შედგენა, სადაც ახლა ხარვეზები გამოიკვეთა. უნდა გადათვლილიყო, სადაც იყო ამის საჭიროება, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩენილიყო. არ მოხდა გადათვლა შესაბამისად. ამიტომ საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან უნდა ყოფილიყო სურვილი და ნება ამისთვის. შედეგების შეჯამება იყო ყველაზე პრობლემატური და ამ მიმართულებით გვაქვს სამუშაო - არ აქვს მნიშვნელობა, იყო ეს ტექნიკური შეცდომები თუ მიზანმიმართული შეცდომები კომისიის მხრიდან. საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებაც საჭიროა სათანადო ადამიანებით.

ამ არჩევნებს, ჩამოთვლილი სისტემური პრობლემების გარდა, პანდემიამაც შეუშალა ხელი - არ ვიცით, როგორი იყო კოვიდუბნებზე მდგომარეობა, იმიტომ რომ ვერ დააკვირდა ორგანიზაცია.

როცა დამკვირვებელი ორგანიზაციები უამრავ დარღვევას ინიშნავენ, როგორ ხდება რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობენ, რომ არჩევნებმა ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა?

მოდით, პირდაპირ გეტყვით: როცა IRI-ს სახელით შევდივარ უბანზე, ყველაფერი უცებ წესრიგშია ხოლმე. როდესაც ჩამოდის საერთაშორისო დამკვირვებელი, იმავე კონტექსტს ვერ ხედავს. უცხოელებს რომ ხედავენ, რიდი აქვთ და საარჩევნო პროცესები მიდის ძალიან კარგად იმ მომენტში. თუმცა ადგილობრივებთან ეს მორიდება არ არის ხოლმე. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ადგილობრივ ორგანიზაციებზე უკეთ ვინმემ იცის რამე, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციები სხვანაირიად ახდენენ ამის შეფასებას, უფრო მასშტაბურად უყურებენ ამას ქვეყნის განვითარებისთვის და მათი ენა უფრო დიპლომატიური იქნება, რასაკვირველია. მათ არ შეუძლიათ ჩარევა ქვეყნის ადგილობრივ პროცესებში. ამ ორ ინსტიტუციას სხვადასხვაგვარი როლი აქვს.


თქვენ IRI-ში გენდერული პროგრამის კოორდინატორიც იყავით. ქალთა უფლებების მხრივ, როგორ აფასებთ წინასაარჩევნო გარემოს ქვეყანაში?

ჯერ კიდევ სტერეოტიპებით გაჟღენთილ ქვეყანაში ვცხოვრობთ და თუკი რამდენიმე ქალია ემანსიპირებული დედაქალაქში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეგიონებში ასეთივე მდგომარეობაა. მე ძალიან ხშირად მინახავს პოლიტიკურ ველზეც, რომ ქალები აკეთებენ შავ საქმეს და შემდეგ გამსვლელ პოზიციებზე კაცები გადიან. საზოგადოების მხრიდანაც ქალების მიმართ ყველაზე ბევრი მოთხოვნაა. ის უნდა იყოს წარმატებული ყველა სფეროში, კარიერიდან ოჯახამდე, მაგრამ მაინც ხშირად ხდება კიბერბულინგის მსხვერპლი - ქალი კანდიდატების მიმართ ცალსახად არის ეიჯიზმი, სექსიზმი, როცა კაცთან კვალიფიკაცია არავის ახსენდება. დღეს ცალსახად ქალი და კაცი კანდიდატები აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ქალებს ორმაგი შრომა უწევთ. მე თვითონ ორ შვილს ვუვლი, კარგად ვიცი ეს და კარგად მესმის ყველა იმ ქალის. ჯერ კიდევ დასამსხვრევია მასკულინური მიდგომები. ყველაფერს შევძლებთ ქალები, მაგრამ „შევძლებთ“-ზე არ უნდა იყოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG