Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მარტში შემოვა - შეზღუდვები ამ კვირიდან მოიხსნება


პრემიერმინისტობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „ქართული ოცნების“ ფრაქციის წინაშე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართელოში მარტში შემოვა. ამით მან უპასუხა უმრავლესობის დეპუტატის ლადო კახაძის შეკითხვას.

„რაც შეეხება კითხვას, როდის შემოვა ვაქცინა - პირველი ვაქცინა, როგორც მე მინისტრისგან მოვისმინე, შემოვა მარტის თვეში, და ბატონი ლადო კახაძის კითხვას რაც შეეხება, 60%, რაც არის რეკომენდებული ნიშნული და მიზანი, წლის ბოლოს ჩვენ მოსახლეობის 60%-ს ჩავუტარებთ ვაქცინაციას. რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითია და ყველა მოქალაქეს, ვისაც ექნება სურვილი, უზრუნველვყოფთ ვაქცინაციას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან შემსუბუქების გეგმის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ამ კვირაში ჩატარდება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც გამოაცხადებენ შემსუბუქების კონკრეტულ ღონისძიებებს. „შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს „ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნდობის მისაღებად წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას და 2021-2024 წლების პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს გიორგი გახარიამ დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მთავრობაში მას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე შეცვლის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილს - მინისტრის მოადგილე ირაკლი ქარსელაძე. მთავრობის დანარჩენი შემადგენლობა უცვლელია.

საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობენ "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის", "ევროპული საქართველოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "ლელოს", "ლეიბორისტული პარტიის" და "გირჩის" სიებით არჩეული დეპუტატები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ.

"ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას მოითხოვს, აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის ყველაზე დესტრუქციული კანდიდატი შეარჩია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG