პრემიერმინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს, "ქართული ოცნების" საპარლამენტო ფრაქციის წინაშე გამოსვლისას, უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ლადო კახაძემ მიმართა და განუცხადა, რომ მხარს უჭერს მის კანდიდატურას, პროგრამასა და გუნდს.
"მინდა ჩემი მხარადაჭერა გამოგითქვათ თქვენ პირადად და თქვენს გუნდს, მრავალნაცად გუნდს, გამობრძმედილ გუნდს. თქვენს ერთიანობას მინდა მივესალმო და იმ ბრძოლის უნარს, რომელიც განათლებაზე და საკუთარ ცხოვრებისეულ პრაქტიკაზეა აწყობილი", - განაცხადა ლადო კახაძემ.
მან ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიმართვისას მის დამსახურებებზე ისაუბრა.
„თქვენ პირადად ძალიან ნაყოფიერი, რთული, წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრება გამოგატარათ გამჩენმა, ბევრი საქმის თაოსანი ბრძანებოდით და არასოდეს ახალი ინიციატივების აღების არ შეგშინებიათ, მარტო ელიმინაციის პროგრამა რად ღირს C ჰეპატიტის, მაშინ ძნელი გადასაწყვეტი იყო ყოველივე ეს. ზუსტად თქვენი ხელმოწერა ამშვენებს ევროპასთან პირველ ნაბიჯებს, ვიზალიბერალიზაციას, თავისუფალი ვაჭრობის ელემენტებს, ნდობის ფაქტორის გაჩენას. და დაგვირგვინდა ის, რომ ნატოსთან ასოცირების, ნატოსთან ურთიერობის სამაგალითო ნიშნულზე აყვანილი ჯარი, როგორც ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსი, ისე საგანმანათლებლო და პროფესიული განათლება, ეს ყველაფერი დასაფასებელია“, - განაცხადა ლადო კახაძემ.
მან ორი კითხვა დაუსვა ირაკლი ღარიბაშვილს. პირველი - როგორ ფიქრობს, რას შეცვლის მისი მოსვლა პრემიერ-მინისტრის პოსტზე პანდემიის დროს და რა არის შესაცვლელი? „რაღაცა არის შესაცვლელი ნამდვილად“, - თქმა მან და დაინტერესდა ირაკლი ღარიბაშვილის ხედვით პოსტპანდემიურ პერიოდთან დაკავშირებით, მათ შორის - „სითავისუფლის და ღირსების უკან დაბრუნების გზაზე, რომელიც საკუთარ პოტენციალზე იქნება დაყრდნობილი“, ასევე იმით, როდის შემოვა საქართველოში ვაქცინა, რა რაოდენობით და რას მოიმოქმედებს ირაკლი ღარიბაშვილი ამ პროცესის დასაჩქარებლად და „საინფორმაციო ველის სრულად მოცვისათვის“, ასევე, როდის აიცრება მოსახლეობის 60%.
პრემიერმინისტრობის კანდიდატი დეპუტატებს ამჟამად გამოცხადებული შესვენების შემდეგ უპასუხებს.
საქართველოს პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს „ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნდობის მისაღებად წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას და 2021-2024 წლების პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.
მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს გიორგი გახარიამ დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის.
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მთავრობაში მას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე შეცვლის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილს - მინისტრის მოადგილე ირაკლი ქარსელაძე. მთავრობის დანარჩენი შემადგენლობა უცვლელია.
საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობენ "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის", "ევროპული საქართველოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "ლელოს", "ლეიბორისტული პარტიის" და "გირჩის" სიებით არჩეული დეპუტატები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ.
"ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას მოითხოვს, აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის ყველაზე დესტრუქციული კანდიდატი შეარჩია.