Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თებერვლის შუაც დადგა, ბოლო დეკადაც, ხეში წყალიც ჩადგა, ვაქცინა კი არ ჩანს


თებერვლის შუა რიცხვებმაც გადაიარა და თებერვლის ბოლო დეკადაც დადგა, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, იანვრის ბოლოს გაცხადებული და დაპირებული COVID19-ის საწინააღმდეგო 30 ათასამდე დოზა „პფაიზერის“ ვაქცინა, რომელიც სწორედ „თებერვლის შუა რიცხვებისთვის“ უნდა შემოსულიყო ქვეყანაში, არ ჩანს.

აი, რას ამბობდა 30 იანვარს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, ქვეყანაში „პფაიზერის“ ვაქცინის შემოსვლის შესახებ:

„დღეს მივიღეთ საბოლოო დასტური, რომ ქვეყანა თებერვლის შუა რიცხვებისთვის მიიღებს „პფაიზერის“ ვაქცინას 29 250 დოზის ოდენობით. პირველი ჯგუფი, რომელიც ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფია და ეროვნული გეგმის მიხედვით განსაზღვრულია როგორც მთავარი, პირველი რიგის პრიორიტეტი, ეს გახლავთ ჯანდაცვის სფეროს მუშაკები და ამდენად პირველი დოზები სწორედაც მიმართული იქნება მათკენ. როგორც მოგეხსენებათ, ორი დოზაა საჭირო, ანუ 15 000 სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის აცრა მოხდება“.

მოდით, ახლა ვნახოთ, რა თქვა თამარ გაბუნიამ 4 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოში ვაქცინის შემოსვლის თარიღთან დაკავშირებით:

„ვფიქრობთ, თებერვლის ბოლო კვირიდან გვექნება ვაქცინა ქვეყანაში და შევძლებთ, რომ დავიწყოთ ვაქცინაცია“.

ვაქცინის შემოსვლის დაახლოებით ამ თარიღზე ლაპარაკობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც, რომელიც 9 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ „ვაქცინის ლიმიტირებული 29 250 დოზა, უნდა შემოვიდეს თებერვლის ბოლო დეკადაში“.

რაკიღა თებერვალი წელს სულ რაღაც 28 დღისგან შედგება, გამოდის, რომ ვაქცინის შემოსვლის პირველ თარიღად დასახელებულმა „თებერვლის შუა რიცხვებმა“, 14 თებერვლისთვის უკვე გადაიარა. რაც შეეხება მეორე თარიღს, თებერვლის ბოლო კვირას, ის, სულ რაღაც ორ დღეში, 22 თებერვლიდან დადგება. მესამე თარიღის, „თებერვლის ბოლო დეკადის“ ათვლა კი 18 თებერვლიდან დაიწყო. მიუხედავად, ყველა მოსალოდნელი თარიღის გადაცილებისა თუ მოახლოებისა, ვაქცინის ჩამოტანის ზუსტ თარიღთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ჩამი-ჩუმი არ ისმის.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ამ ეტაპზე, დამატებითი განმარტება ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის ვადებთან დაკავშირებით, არ კეთდება. პრეს-სამსახურის თქმით, განცხადება ამის თაობაზე, სავარაუდოდ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გაკეთდება. კონკრეტულად როდის, არ ვიცითო, გვითხრეს პრეს-სამსახურში.

ამერიკულ-გერმანული წარმოების კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა „პფაიზერს“, საქართველო ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ვაქცინების გლობალური ალიანსის ახალი კორონავირუსის დისტრიბუციის ინიციტავია COVAX-ის პლაფტორმისგან ელის.

ამავე პლატფორმისგან ელის საქართველო „ასტრაზენეკას“ 184 ათას დოზა ვაქცინასაც. AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინა საქართველოში „მარტის პირველ რიცხვებში“ უნდა ჩამოვიდეს. ასე განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თებერვლის შუა რიცხვებში.

ამ განცხადებას ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებაც დაემატა, რომელიც ირწმუნება, რომ საქართველოს პირდაპირი კომუნიკაცია აქვს „ასტრაზენეკას“ მწარმოებელ კომპანიასთან, საიდანაც საქართველოს აქვს დასტური, რომ ქვეყანა 150 ათას დოზა ვაქცინას მიიღებს „ასტრაზენეკასგან“:

„ეტაპობრივად ყველა მწარმოებლისგან და ასევე კოვაქსპლატფორმიდან მოხდება ამ საჭირო რაოდენობების მოწოდება საქართველოსთვის“, - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

ცირა გვასალია, „კაქტუს-მედიისთვის” ჟურნალისტმა, იანვრის ბოლოს მისწერა კითხვები COVAX პლატფორმის მედია-ოფიცერს, თუ რა რაოდენობის ვაქცინას ელოდება საქართველო პლატფორმისგან და როდის ჩამოვა ვაქცინა საქართველოში.

როგორც ცირა ეუბნება რადიო თავისუფლებას, COVAX-ის პლატფორმის მედია ოფიცერის, ანა პიზონერო-ჰერნანდესის პასუხი მან 16 თებერვალს მიიღო. წერილში წერია, რომ ვაქცინის საქართველოში შემოტანის ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა ეს „მალე“ უნდა იყოს:

“COVAX პლატფორმის საშუალებით საქართველო მალე მიიღებს ვაქცინას, - მომავალი კვირების განმავლობაში. საქართველოსთვის განკუთვნილი სავარაუდო ალოკაციებია Pfizer-ის 29.250 დოზა ვაქცინა და AstraZeneca-ს 184.800 დოზა ვაქცინა. დანარჩენი დეტალებისთვის, გთხოვთ, მიმართოთ საქართველოს მთავრობასა და შესაბამის პასუხისმგებელ პირებს”, - ეს პასუხი მიიღო ცირა გვასალიამ COVAX-ისგან.

რაც შეეხება ცირას კიდევ ერთ კითხვას, საქართველოს მთავრობასა და COVAX პლაფტორმას შორის არსებული ხელშეკრულებების გამოთხოვის შესახებ, ჟურნალისტის პლატფორმის მედია-ოფიცერმა საქართველოს მთავრობასთან გადაამისამართა:

„ამ თხოვნის პასუხად, კოვაქსიდან მომწერეს, რომ ნებისმიერი სხვა ინფორმაცია თუ მონაცემი, მათ შორის, ლეგალური დოკუმენტები, საქართველოს მთავრობას უნდა მოვთხოვო“.

ვაქცინაციის შესყიდვებისა და ამ ინფორმაციის გასაჯაროვების მოთხოვნით, რამდენიმე დღის წინ მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციას „ლელო საქართელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

მის მიმართვას მალევე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია და თქვა, რომ ინფორმაციის სამართლებრივი გზით მოპოვება, ყველას შეუძლია, თუმცა, COVAX-სთან გაფორმებული ხელშეკრულებების ნაწილი კონფიდენციალურია:

"ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს საჯარო ინფორმაციას დადგენილი წესით, ინფორმაციის ნაწილი, რომელიც ჩვენ COVAX-ის ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე, მწარმოებლებთან შეთანხმებების ფარგლებში გვაქვს, არის კონფიდენციალური, გაუთქმელობის ხელშეკრულების პირობებში. ის რაც, საჯარო ინფორმაციაა, ამას ჯანდაცვის სამინისტრო ზოგადად გააზიარებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან".

ანა ნაცვლიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ შესაძლოა, ხელშეკრულებების გარკვეული ნაწილი მართლაც ექვემდებარებოდეს არასაჯაროობას, თუმცა, ის ინფორმაცია, თუ რამდენად ეფექტურად მოქმედებდა ამ პროცესში სახელმწიფო, საჯაროა და არანაირ კონფიდენციალობას არ ექვემდებარება.

„ოფიციალური წერილებით მივმართე სახელმწიფო უწყებებს და კონსტიტუციით და კანონით მონიჭებული ყველა უფლების გამოყენებას ვაპირებ, რომ საჯარო გახდეს თითოეული სახელმწიფო უწყების მიერ ვაქცინის მისაღებად წარმოებული მთელი ოფიციალური მიმოწერა. აქ იგულისხმება, მათ შორის, სამსახურეობრივი მეილით ჩატარებული ოფიციალური მიმოწერაც, რადგან ესეც საჯარო ინფორმაციაა. რა თქმა უნდა, კარგად ვიცნობ კანონმდებლობას, რომელიც არეგულირებს საჯარო ინფორმაციას და შესაბამისად, შეიძლება გარკვეული ნაწილი ამ მიმოწერის ექვემდებარებოდეს არასაჯაროობას, რაზეც მიუთითებს კიდეც მინისტრის მოადგილე, თუმცა, ვიტყვი ორ რამეს: პირველ რიგში, ძალიან გამოწვლილვით დავაკვირდები და შევისწავლი, რას მიიჩნევს უწყება კომერციულ საიდუმლოდ, რადგან ის ფაქტი, რომ სახელმწიფო კონკრეტულ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოდ მიიჩნევს, არ ნიშნავს იმას, რომ ამას სწორად მიიჩნევს, სწორად განმარტავს. ამიტომ თუკი გამოიკვეთება, რომ ჩვენი კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტის ფარგლებში არ ჯდება მათი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მივმართავ სასამართლოს, რადგან სახელმწიფო უწყება არ არის ბოლო ინსტანცია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, რა არის საჯარო ინფორმაცია და რა არა. ჩემი მიზანი ამ ინფორმაციის გამოთხოვისა, არის ერთი რამ, მივცე საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად მიიღონ სრული ინფორმაცია და ჰქონდეთ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობა, რამდენად ეფექტურად, დროულად და კოორდინირებულად მუშაობდა საქართველოს ხელისუფლება ვაქცინის მისაღებად. ამ დასკვნის გამოსატანად რა ინფორმაციაც საჭიროა საზოგადოებისთვის, ეს ყველა შემთხვევაში საჯარო ინფორმაციაა და ამას ვერ დამალავენ. ვერ დამალავენ ვინ რამდენი წერილი გაგზავნა, სად გაგზავნა, რა რიცხვებში გაგზავნა, რა თანმიმდევრობით გაგზავნა და ა.შ.“

რა ვიცით დღეს საქართველოში ვაქცინაციის პროცესის დაწყებაზე

საქართველოში ვაქცინის ჩამოტანისა და ვაქცინის მისაღებად ქვეყნის მზაობის შესახებ, ოფიციალური პირების ზეპირსიტყვიერებიდან ვიცით მხოლოდ ის, რომ:

  • „პფაიზერით“ აიცრება 14 ათასამდე სამედიცინო მუშაკი (ექიმი, ექთანი, უმცროსი სამედიცინო პერსონალი);
  • ამას უნდა მოჰყვეს „ასტრაზენეკას“ 340 ათასი დოზა ვაქცინის ჩამოსვლა (170 ათასი ადამიანის ასაცრელი დოზა) და ვაქცინაციის გეგმით გათვალისწინებული ჯგუფების აცრა. კვლავ სამედიცინო მუშაკები, რისკ ჯგუფში შემავალი პირები.
  • ვაქცინაცია ჩატარდება წინასწარ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში. ასეთი დაწესებულებებად შეირჩა: თბილისში 5, ქუთაისში 2 და ბათუმში 1;
  • 10 თებერვლიდან უნდა დაწყებულიყო იმ 40 ბრიგადის გადამზადება, რომლებმაც ექიმები უნდა აცრან. თითო ბრიგადამ უნდა აცრას დღეში 42 ადამიანი;

რიგითი ექიმის ასაცრელად - ანუ, რა იცის ვაქცინაზე სამედიცინო პერსონალმა

ნინო ბერაია სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მეთერთმეტე ქვესადგურის ექიმია. მათთან შეტყობინება ვაქცინაციის შესახებ გასულ კვირაში მივიდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალი, ვაქცინაციის პროცესში, ერთ-ერთ პრიორიტეტულ ჯგუფს წარმოადგენს. ნინო ამბობს, რომ სავარაუდოდ, ჯანდაცვის უწყებამ, მათი დაწესებულებიდან იმ სამედიცინო პერსონალის სია მოითხოვა, რომლებიც ვაქცინის ჩამოსვლის შემდეგ, თანახმანი არიან აცრა ჩაიტარონ.

ნინო ამბობს, რომ მის გარშემო არ არის ბევრი სამედიცინო მუშაკი, რომლებიც თანახმანი არიან ვაქცინაციაზე. თავად ისიც ორჭოფობს. თუმცა, ჯერჯერობით, მისი სახელი და გვარი მაინც იმ ექიმების სიაში ჩააწერინა, ვინც აცრას აპირებს. სასწრაფოს ექიმი იმასაც კი ფიქრობს, იქნებ, სანამ აცრა მოუწევს, კორონოვირუსით დაინფიცირდეს და ამ ეტაპზე, აცრა აღარ მოუწევს. ნინოს თქმით, გაცილებით გაუადვილდებოდა აცრის ჩატარების გადაწყვეტილების მიღება, თუკი უფრო მეტად იქნებოდა ინფორმირებული ვაქცინაციის შედეგებზე:

„იცით, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. ჩვენგან მოითხოვეს იმ პერსონალის სიების გადაგზავნა, რომლებიც მზად არიან აიცრან. როგორც ვიცი, ასევე გაიგზავნება იმ პერსონალის სიაც, რომლებიც უარს ამბობენ აცრაზე. ძალიან კარგი იქნებოდა, მოსულიყო ვინმე და აეხსნა ჩვენთვის, როგორ აგვცრიან, რა გვერდითი ეფექტები შეიძლება ჰქონდეს აცრას, რას ველოდოთ, მაგრამ ჯერ არავინ გამოჩენილა. ჯერჯერობით, იმ აზრზე ვარ, რომ როცა მოვა ვაქცინა, გავიკეთო, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ჩამოვყალიბდი. ჩემს გარშემო, ექიმებისა და ექთნების ნახევარი ასეა. ზოგმა უკვე დააფიქსირა საკუთარი გადაწყვეტილება, რომ ისინი დანამდვილებით არ აიცრებიან. არ ვიცი, იქნებ, ამასობაში დავინფიცირდე კიდეც და აღარ მომიწიოს აცრა. ხანდახან ვფიქრობ, იქნებ ასეც ჯობდეს“.

პირიქით ფიქრობს ანი ქავთარაძე, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი, რომელიც ამბობს, რომ ვერაფრით შეედრება COVID19-ით ინფიცირებისგან მომდინარე საფრთხე, ვაქცინაციის შესაძლო უიშვიათეს გართულებას, ანაფილაქსიურ შოკს, რომელიც ალერგიულ ადამიანს, შესაძლოა, მისთვის საფრთხის შემცველი საკვების მიღების დროსაც კი დაემართოს. ანი ქავთარაძე თვლის, რომ პანდემიის დასრულება, მხოლოდ და მხოლოდ, მასობრივ ვაქცინაციას შეუძლია.

ანი ქავთარაძისა და მისი შვიდი კოლეგის მონაცემები უკვე გადასცა კლინიკამ ჯანდაცვის სამინისტოს, როგორც აცრის მსურველთა სია. ახლა ანისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ არის ქვეყანაში მომზადებული ის ტექნიკური პერსონალი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ვაქცინაციის ე.წ. ცივი ჯაჭვი, დასაწყობება და შენახვა, რათა ვაქცინამ თვისებები არ დაკარგოს და როგორ არიან მომზადებულები ის ადამიანები, რომლებმაც ვაქცინაცია უნდა ჩაატარონ:

„ახლა, ჩემთვის, როგორც ექიმისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა ტიპის ტრენინგები გაიარა ტექნიკურმა პერსონალმა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამ პროცესის ლოჯისტიკა, მაგალითად, მაცივრების გამართული ფუნქციონირება, რადგან ჩვენ ვიცით, რომ „პფაიზერის“ შენახვას -80 გრადუსიანი მაცივრები სჭირდება. როგორ მოხდება ამ ვაქცინების მაცივრებიდან გადანაწილება, რომ ვაქცინამ არ დაკარგოს ფუნქცია და მის ნაცვლად წყალი არ გავიკეთო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დაირღვეს ცივი ჯაჭვის პრინციპი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ყველგან, სადაც ვაქცინაცია ჩატარდება, როგორც სხვა ქვეყნებში ხდება, ჩვენთანაც ადგილზევე იყვნენ ჯგუფები, რომლებიც თუკი განვითარდება ალერგიული რეაქცია, შემთხვევა დროულად მართონ. ამცრელ კაბინეტებს მსგავსი ტრენინგები ვიცი, რომ გავლილი აქვთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო დიდი მობილიზება იქნება საჭირო. თუნდაც ერთ ადამიანს მაინც რომ ჰქონდეს რეაქცია ვაქცინაზე, რომელსაც არ მოჰყვება დროული რეაგირება, ეს ძალიან ავნებს და დააზარალებს მთელ პროცესს. კარგი იქნება, თუკი ამ დეტალებზე უფრო ღიად და ბევრს ილაპარაკებენ გადაწყვეტილების მიმღები პირები. სწორედ ინფორმაციის სიმწირეა იმის მიზეზი, რომ დღეს, სამედიცინო პერსონალის ნაწილიც კი ეჭვის თვალით უყურებს ვაქცინაციის პროცესს, რაც ნამდვილად არ აისახება კარგად, ზოგადად საზოგადოების განწყობებზე“.

ოქსფორდი/AstraZeneca და Pfizer-BioNTech COVAX-ზე

გეტყვით, რომ COVAX-ის ვაქცინების განაწილების შუალედური გეგმა, რომელსაც დამტკიცებული დოკუმენტის სტატუსი არ აქვს და მხოლოდ სცენარს წარმოადგენს, 240 მილიონ დოზა ოქსფორდი/AstraZeneca-ს ვაქცინის დოზის დისტრიბუციას ითვალისწინებს. ეს დოზები 2021 წლის პირველი და მეორე კვარტლებისთვის არის განკუთვნილი.

გეგმა ასევე ითვალისწინებს 1.2 მილიონი Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის განაწილებას, რომელიც 2021 წლის პირველ კვარტალში, იანვარ-მარტში უნდა გაიცეს.

დოკუმენტის თანახმადვე, ამ მწარმოებლებისგან 2021 წელს COVAX-ისთვის დამატებითი დოზების მიღებაცაა მოსალოდნელი.

დღევანდელი მდგომარეობით, COVAX-ის პლატფორმიდან 141 ქვეყანა ელოდება ვაქცინებს. ეს ქვეყნები „ასტრაზენეკასა“ და „პფაიზერის“ ვაქცინებს მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ დღეს არსებილი სცენარით, ყველა აპლიკანტი მიიღებს „ასტრაზენეკას“ გარკვეულ ოდენობას, მაგრამ ყველა მათგანი ვერ მიიღებს „პფაიზერის“ ვაქცინებს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ „ასტრაზენეკა“, როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 16 თებერვლას დაამტკიცა.

საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, ვაქცინა შეესაბამება უსაფრთხოების აუცილებელ კრიტერიუმებს, მისი ეფექტიანობა რისკებზე მაღალია და ამ ვაქცინით შესაძლებელია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების აცრა. WHO-ს თანხმობის შემდეგ, AstraZeneca-ს ვაქცინა გავრცელდება საერთაშორისო პროგრამა COVAX-ით, რომლის მიზანია განვითარებად ქვეყნებს გაუმარტივოს კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებზე წვდომა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლის, მარიანჟელა სიმაოს განცხადებით, ქვეყნები, რომლებსაც დღემდე არ ჰქონდათ ვაქცინებზე წვდომა, უკვე შეძლებენ სამედიცინი სფეროს და რისკ-ჯგუფების წარმომადგენელთა ვაქცინაციის დაწყებას.

WHO-ს ინფორმაციით, AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის ChAdOx1-ის ეფექტურობა 63.09%-ია, მის შენახვას განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება (მის შესანახად საჭიროა -2 -7 გრადუსიანი მაცივრები) და ამიტომ, ხელსაყრელია დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებისთვის.

2020 წლის 31 დეკემბერს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაამტკიცა ამერიკულ-გერმანული Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა, რომელსაც -80 გრადუსზე შენახვა სჭირდება და მისი ეფექტიანობა დაახლოებით 95%-ს შეადგენს. საქართველოს, ამ ეტაპზე, „პფაიზერის“ 200 ათასი დოზის დასაწყობების შესაძლებლობა გააჩნია.

19 თებერვლის მონაცემებით, რომელსაც Bloomberg აქვეყნებს, მსოფლიოს 87 ქვეყანაში, 193 მილიონი დოზა ვაქცინაა გაკეთებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG