Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთ პირველ ვიზიტს პრემიერის რანგში აზერბაიჯანში გეგმავს


პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში ექნება, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების დროს საერთო ენის გამონახვას ეცდება.

მისი სიტყვებით, აზერბაიჯანი არის საქართველოს ძალიან ახლო მეგობარი სტრატეგიული ქვეყანა, რომელსაც „მართავს ბრძენი მმართველი ბატონი ალიევი“, რომელთანაც „ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს“.

„ჩვენ გვექნება დიალოგი აზერბაიჯანთან, ჩვენს მოძმე სახელმწიფოსთან, მე მჯერა, რომ ბატონი ალიევი და ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანული მხარე მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებებს, ჩვენ შევძლებთ მოლაპარაკებას და საერთო ენის გამონახვას, ჩვენ ეს არ გაგვიჭირდება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა დავითგარეჯის საკითხზე საუბრის კონტექსტში.

„აქაც თვალსაჩინო მაგალითი ღალატის და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებების მიღების სააკაშვილის მიერ, უშუალოდ მის მიერ“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ პრემიერობის კანდიდატმა.

მისი განმარტებით, სიცრუის პროპაგანდის კლასიკური მაგალითია ის, რომ თითქოს დავითგარეჯის საქმე მოგონილია, მაშინ როცა, მისი თქმით, „თავად შემსრულებლები ვინც არიან, აღიარეს, რომ თურმე ეს არ ყოფილა ჩვენი ტერიტორიის ნაწილი, რაც პირდაპირი ღალატია, აბა, რა არის, თუ არ ჰქვია ღალატი“.

მისი თქმით, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და უნდა დასრულდეს, რადგან ეს იყო ჩადებული ნაღმი აზერბაიჯანთან გაუგებრობის ჩამოსავარდნად, რაზეც საუბრობდა ეკლესიაც, რომ „არასწორი გადაწყტილებები იყო მიღებული ამ კომისიის მიერ 2012 წლამდე“, როცა დახშული იყო მედიასივრცე.

„მთავარი ერთ-ერთი გამოკვეთილი დამნაშავე, კრიმინალი, არარაობა [ნიკა] გვარამია გვევლინება მედიის მამად და ტელევიზიის დირექტორადაც, პროკურორი კაცი, რომელმაც „იმედის“ დარბევა და „იმედის“ ძალადობრივი გზით დახშობა, პირადად მის დროს განხორციელდა. ამაზე გვაქვს საუბარი, მეგობრებო, აი, აქ ვართ დღეს და ამაზე ვსაუბრობდი, რომ სად გვინდა, რომ ვიყოთ ხვალ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ასე მდორედ ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება და საპარლამენტო გუნდთან ერთად 24 საათის განმავლობაში უნდა იმუშაონ რეალური პრობლემების გადასაჭრელად.

საქართველოს პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს „ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნდობის მისაღებად წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას და 2021-2024 წლების პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს გიორგი გახარიამ დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მთავრობაში მას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე შეცვლის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილს - მინისტრის მოადგილე ირაკლი ქარსელაძე. მთავრობის დანარჩენი შემადგენლობა უცვლელია.

საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობენ "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის", "ევროპული საქართველოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "ლელოს", "ლეიბორისტული პარტიისა" და "გირჩის" სიებით არჩეული დეპუტატები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ.

"ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას მოითხოვს, აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ პრემიერმინისტრობის ყველაზე დესტრუქციული კანდიდატი შეარჩია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG