Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარტოგრაფების საქმის არსებითი განხილვა 2 მარტს დაიწყება - საქმის შეწყვეტაზე სასამართლომ უარი თქვა


საქმის არსებით განხილვამდე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები ცდილობდნენ, მოსამართლე დაერწმუნებინათ იმაში, რომ საქმე, სადაც არ არსებობს დანაშაული და, შესაბამისად, დანაშაულის ჩადენის მტკიცებულებები და დამნაშავეები, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

„სასამართლომ არსებითად უნდა განიხილოს თუ არა საქმე, სადაც პროკურატურას ამოღებული აქვს სათამაშო თოფი და ამტკიცებს, რომ ეს თოფი ნამდვილია ისე, რომ მასზე ექსპერტიზა არ აქვს ჩატარებული? ჩვენ გვაქვს ექსპერტიზა ჩატარებული, რომელიც ამბობს, რომ ეს თოფი სათამაშოა”, - იკითხა ივერი მელაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ 16 თებერვალს „კარტოგრაფების საქმის” წინასასამართლო სხდომაზე. მოსამართლემ თქვა, რომ თუკი ბრალდების მხარეს მართლაც არ აღმოაჩნდება საკმარისი მტკიცებულებები, მაშინ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მაინც გამართლდებიან და საქმის შეწყვეტის ნაცვლად ის არსებითი განხილვისთვის გადასცა სასამართლოს, მანამდე კი დასაშვებად ცნო ყველა ის მტკიცებულება, რაც დაცვისა და ბრალდების მხარეებმა წინასასამართლო სხდომამდე მოიპოვეს, მათ შორის, ივერი მელაშვილის სატელევიზიო გადაცემებში სტუმრობისას გამოსვლები წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ.

პროკურორმა დავით მუჯირმა დღეს თქვა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებები იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ საქმეზე ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება - დაცვის მხარე ამ მტკიცებულებების დიდი ნაწილის დაუშვებლად ცნობას სთხოვდა სასამართლოს.

აი, ძირითადი საკითხები, რომლებზეც იმსჯელა მოსამართლე ლელა კალიჩენკომ, როდესაც აფასებდა მტკიცებულებების დასაშვებობას.

შეიძლება თუ არა თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი ჩაითვალოს დამოუკიდებელ ექსპერტად გამოძიებისთვის, რომელიც თავად თავდაცვის მინისტრის წერილის საფუძველზე დაიწყო?

ვისი დამოუკიდებლობა უფრო საეჭვოა - ექსპერტის, რომელიც მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა თუ ექსპერტის, რომელმაც საჯაროდ გამოთქვა თავისი მოსაზრება გახმაურებული სისხლის სამართლის გამოძიების შესახებ?

ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ადვოკატები თვლიან, რომ საქმეზე, რომლის გამოძიება თავდაცვის მინისტრის წერილის საფუძველზე დაიწყო, ამ სტრუქტურის თანამშრომლის მიწვევა ექსპერტის რანგში დაუშვებელია.

ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოს სთხოვდნენ, დაუშვებელ მტკიცებულებად მიეჩნია ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა მომზადებაშიც მონაწილეობდა თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი ზვიად თურმანიძე, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება ამ საქმის მნიშვნელოვან მოწმეს და 1:200 000-იანი რუკის საქართველოს სასარგებლოდ გამოყენების იდეის მომხრეს, საქართველოს თავდაცვის ძალების კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსს, ნოდარ ხორბალაძეს. ზვიად თურმანიძე ერთ-ერთია იმ ათამდე ექსპერტს შორის, რომლებიც სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ პროკურატურის მიერ დანიშნული კარტოგრაფიული ექსპერტიზების ჩასატარებლად მიიწვია. პროკურორებმა ადვოკატების ეჭვების პასუხად თქვეს, რომ მათ მიერ დანიშნულ ექსპერტიზებზე ექსპერტთა სიმრავლე სანდოობის გარანტიაა და, თავის მხრივ, ეჭვქვეშ დააყენეს დაცვის მხარის მიერ მოძებნილი დამოუკიდებელი ექსპერტის, ირაკლი უგულავას პროფესიონალიზმი და მიუკერძოებლობა. ირაკლი უგულავას მიმართ უნდობლობას სახელმწიფო ბრალდების მხარეს უჩენს მის მიერ ოქტომბრის თვეში ფეისბუკის პირად გვერდზე გამოქვეყნებული მხარდამჭერი პოსტი დაკავებული კარტოგრაფების მიმართ.

მოსამართლემ მიიჩნია, რომ თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი შესაძლოა იყოს დამოუკიდებელი, თუმცა სასამართლო მის დამოუკიდებლობას და კომპენტეციას წინასასამართლო სხდომაზე ვერ განსაზღვრავს, შესაბამისად, მისი მონაწილეობით შედგენილი ექსპერტიზის დასკვნებიც დასაშვებ მტკიცებულებად ცნო.

არის თუ არა სამართლიანი მოცემულება, სადაც ქვეყნის გარეთ ექსპერტიზის ჩატარების უფლება შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ პროკურატურას და არა ბრალდებულებს?

პროკურატურა ითხოვდა, დაცვის მხარეს არ მისცემოდა საქმეში უცხოელი ექსპერტის ჩართვის უფლება. დაცვა ამ უფლების შეზღუდვას არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა და სასამართლოს სთავაზობდა, შეჩერებულიყო საქმის განხილვა და საკონსტიტუციო სასამართლოს ემსჯელა ამ საკითხზე, თუკი მოსამართლოსთვის პროკურატურის არგუმენტები დამაჯერებელი იქნებოდა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ დაცვის მხარეს შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის დასაცავად უნდა ჰქონდეს უფლება, მოიწვიოს ექსპერტები მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულების მოსაპოვებლად თუნდაც სხვა ქვეყნიდან - საქმეში საკონსტიტუციო სასამართლოს ჩართვა საჭირო არ გახდა.

შეიძლება თუ არა სასამართლომ განჩინება გამოსცეს სასაზღვრო პოლიციის არქივიდან დოკუმენტაციის ამოღებაზე და გამომძიებლებმა დოკუმენტაცია ამავე უწყების სხვა დეპარტამენტიდან ამოიღონ?

მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობები პროცედურული დარღვევებით შეგროვებული მტკიცებულებების დაუშვებლობის შესახებ და თქვა, რომ იმ შემთხვევაშიც, როცა სასამართლოს განჩინებაში მითითებულია დოკუმენტაციის ამოღების ადგილად სასაზღვრო პოლიციის არქივი და საგამოძიებო მოქმედება სხვა დეპარტამენტში, კერძოდ, სასაზღვრო წარმომადგენლობისა და სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამმართველოში ტარდება, პროცედურა არ ირღვევა, მით უფრო, თუ ამ სხვა დეპარტამენტიდან გამოძიება საარქივო მასალას, მაგალითად, ძველ რუკებს იღებს. საუბარია ნატალია ილიჩოვას და მისი კოლეგის, ირმა გაბუნიას საზიარო ოთახიდან კარტოგრაფიული და სხვა დოკუმენტაციის, ნახაზების, ჩანაწერების, სხდომის ოქმების ამოღებაზე, რომლებიც დაკავშირებული იყო საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესთან.

ის, რომ მხოლოდ ადვოკატი ეცნობა მტკიცებულებას და ამის შესაძლებლობა არ აქვს ბრალდებულს, უზღუდავს თუ არა ეს მას უფლებას, სრულყოფილად დაიცვას თავი?

რუკები დოკუმენტია, რომლის ასლის გადაღების და დაცვის მხარისთვის გადაცემის ვალდებულებაც პროკურატურას ჰქონდა თუ ნივთიერი მტკიცებულება, ისეთი, როგორიც, მაგალითად, სისხლიანი ტანსაცმელი, რომლის დათვალიერებაც საკმარისი შეიძლება იყოს ბრალდებულის ადვოკატისთვის?

მოსამართლემ არც ის მიიჩნია დარღვევად, რომ ბრალდებულებს წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას არ ჰქონდათ საშუალება, ადვოკატებთან ერთად ემსჯელათ რუკების შესახებ, რომელიც გამოძიებას ჰქონდა მტკიცებულებების სახით მოპოვებული და რომელთა ასლებიც მათთვის პროკურატურას არ გადაუცია. პროკურორი რადიო თავისუფლებას ჯერ კიდევ ოქტომბრის თვეში ეუბნებოდა, რომ რუკები, რომლებიც პროკურატურის შენობაში ინახება, ნივთიერი მტკიცებულებების, მაგალითად, იარაღის ან ნარკოტიკული მასალის მსგავსია, რომლის ასლების გადაღებაც შეუძლებელია. სასამართლოზე ბრალდების მხარემ თქვა ისიც, რუკების ნაწილი იმდენად მასშტაბურია, რომ მათი ქსეროასლების დამზადება შეუძლებელი იქნებოდაო.

საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულებისთვის ის ფაქტი, რომ გამოძიებამ მათ ადვოკატებს რუკები გასაცნობად აჩვენა, ბევრს არაფერს ნიშნავდა იქიდან გამომდინარე, რომ რუკების წასაკითხად საჭირო ცოდნას ადვოკატები არ ფლობენ, ციხეში კი, სადაც კომუნიკაცია მათსა და ადვოკატებს შორის ისედაც შეზღუდული იყო, რუკების ასლების გარეშე პოზიციის შეჯერება მათ უფლებადამცველებთან რთული აღმოჩნდა და დაცვის მხარემ დაცვის უფლების შეზღუდვად მიიჩნია.

სადავო რუკა და მოწმე ცრუ ჩვენებით

მტკიცებულებებზე საუბრისას, მთავარი აქცენტი ბრალდებულების და მათი უფლებადამცველების მხრიდან, გარდა პროცედურული დარღვევებისა, სადავო რუკა იყო. 1937-38 წელს დაბეჭდილი რუკა 1:200 000-იანი მასშტაბით, რომლის გამოუყენებლობასაც პროკურატურა ივერი მელაშვილს და ნატალია მელაშვილს ედავება ისე, რომ ექსპერტიზისთვის არ დაუსვამს კითხვა მისი გამოსადეგობის შესახებ.

ივერი მელაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ წინასასამართლო სხდომაზე ასევე განმარტა, რომ სადავო რუკა ქართულ მხარეს 2010 წლამდე ფიზიკურად არ ჰქონდა. საქართველოს აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთების უმეტესობა კი 2005-06 წლებშია შეთანხმებული, ანუ იმ დროს, როცა ამ რუკას კომისია ფიზიკურად ვერც გამოიყენებდა, თუნდაც დავუშვათ, რომ მას სამართლებრივი და კარტოგრაფიული ხარვეზები არ აქვს.

„ჩვენ მთელი ამ ხნის მანძილზე ვამტკიცებთ, რომ ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა საზღვარი შეათანხმეს 1942-43 წელში გამოცემული 1:100 000-იანი მასშტაბის რუკებზე დატანილი 1938 წლის საზღვრის ხაზის მიხედვით. 1996 წლის ოქმში, რომლითაც საქართველომ და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა საზღვრის ხაზს, არა 1: 500 000 რუკაზეა მითითება, არამედ 1:500 000-იან რუკაზე დატანილ საზღვრის ხაზზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თავად რუკა, იმ მომენტში, როცა ამას ხელი ეწერებოდა, ქართულ მხარეს საერთოდ არ გააჩნდა და, სავარაუდოდ, არც აზერბაიჯანულ მხარეს არ გააჩნდა. რატომ მოაწერა საქართველოს ხელისუფლებამ ამას ხელი ამ სახით, კარგად ჩანს იმავე 1996 წლის ოქმში. სწორედ 1996 წლის 15 მარტს მხარეები აღნიშნავენ, რომ მათ აქვთ 1:100 000-იანი მასშტაბის რუკა, რომელზეც დატანილია 1938 წლის საზღვრის ხაზი. სწორედ ამიტომ ჩაიწერა აზერბაიჯანთან საერთაშორისო შეთანხმებაში, რომ ამ ხაზით უნდა მომხდარიყო საზღვრის შეთანხმება და არა რუკით. რუკა იმ სახით, როგორითაც ჩვენ ვიცით, დაახლოებით 2010 წელს იქნა მოპოვებული საქართველოს მიერ სომხეთიდან”, - თქვა გიორგი მშვენიერაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ივერი მელაშვილმა საუბარი საჭიროდ ჩათვალა წინასასამართლო სხდომაზე, არქიმანდრიტ კირიონის ჩვენებაა, სადაც, მისი თქმით, ტყუილები წერია.

„მოწმეთა ჩვენებებია მოყვანილი, ისეთი ტყუილებია მითითებული, პირველი კურსის იურისტს ეჭვი შეეპარებოდა, თურმე, აზერბაიჯანის დელეგაცია ჩვენს დელეგაციასთან ერთად შეკრებილა დავითგარეჯის მონასტერში, იქ რუკები გაუშლიათ და მამაოებთან ერთად დაუწყიათ ამის განხილვა, თან აზერბაიჯანის დელეგაციაში ვიღაც ქალბატონი ყოფილა, რომელსაც აქტიურობა გამოუჩენია და უთქვამს, მელაშვილი ჩვენ სასარგებლო არგუმენტებს ამბობსო და თავისი რუკები დაუხურინებია აზერბაიჯანელებისთვის. იცით, რაშია საქმე? აზერბაიჯანელები მუსლიმები არიან, წარმოუდგენელი რამეა, მათი შეკრება მონასტერში მომხდარიყო, ეს იგივეა, აზერბაიჯანში შეხვედრაზე რომ გადავდივართ, მეჩეთებში შევიკრიბოთ და მოლების თანდასწრებით დავიწყოთ მოლაპარაკება და განხილვა.

ამას გარდა, აზერბაიჯანის დელეგაციაში ქალი არ ჰყოლიათ, ძალიან იშვიათად თუ ჰყავთ სამთავრობო დელეგაციაში, ასე, სამუშაო შეხვედრაზე ქალი არასოდეს ყოფილა, 1996 წლიდან ყველა შეხვედრას ვესწრებოდი. პირადად მე ასეთი რამ არ მახსოვს. ამას ხომ მოგონება უნდა, ტყუილი უნდა შეთხზა, გენერალური პროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტი იძიებს, რიგითი პატარა გამომძიებლები ხომ არ არიან?!“, - თქვა ივერი მელაშვილმა. მისი რეპლიკა მიემართება არქიმანდრიტი კირიონის ჩვენების ფრაგმენტს, სადაც ის ჰყვება, რომ საზღვრის დამდგენი კომიისიის წევრების შეხვედრა მონასტრის სატრაპეზოში გაიმართა 2005- 2006 წლებში და იქ ივერი მელაშვილმა „არაჯანსაღი სულისკვეთება” გამოავლინა.

„ზუსტი თარიღის მითითება არ შემიძლია, მოხდა აზერბაიჯანისა და საქართველოს დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიების წევრების შეხვედრა ჩვენს მონასტერში, კერძოდ, მონასტრის სატრაპეზოში. მხარეებმა თავსა და ბოლოში გაშალეს თავიანთი მასალები, ამ დროს ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა, რომ აზერბაიჯანის მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა რუკა, რომელზეც საზღვრის ხაზი აზერბაიჯანის მხარეს თხემის ძირში გადიოდა, რითაც მონასტრები უდაბნო, ვერანგარეჯა და ჩიჩხიტური ჩვენს მხარეს შემოდიოდა, ხოლო ივერი მელაშვილსა და მასთან ერთად მყოფ კომისიის წევრებს წარმოდგენლი ჰქონდათ რუკა, რომელზეც საზღვრის ხაზი ზედ თხემზე გადიოდა. ჯერ შეხვედრა დაწყებული არ იყო, ერთმანეთს შორის სალმის მიცემა, მოკითხვა და საქმის ირგვლივ მცირე საუბარი მიმდინარეობდა. ამ დროს ჩვენ მივედით და ივერი მელაშვილს აღნიშნული ფაქტი ვუთხარით და ვთხოვეთ, რომ მას მისი მხრიდან მის მიერვე წარმოდგენილი რუკა დაეხურა და ეხელმძღვანელა აზერბაიჯანელების მიერ წარმოდგენილი რუკის მიხედვით, ვინაიდან ეს სასარგებლო იქნებოდა ჩვენი სახელმწიფოსთვის. ივერი მელაშვილმა საოცარი პასუხი გაგვცა: მე ამას ვერ ვიზამ, ეს არა ჯენტლმენური საქციელი იქნებაო. ამის შემდგომ დღემდე აზერბაიჯანული მხარე უარყოფს იმ ფაქტს, რომ გააჩნია 1938 წლის რუკა, რომელზეც სახელმწიფოთაშორის მოეწერა ხელი და რომელი რუკაც თითქმის ყველა სადავო მონაკვეთს საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჭრის”, - ესაა ფრაგმენტი 2020 წლის 29 სექტემბერს სასულიერო პირის მიერ მიცემული ჩვენებიდან, რომელსაც გამოეხმაურა ივერი მელაშვილი სასამართლო სხდომაზე.

ვინაიდან მოსამართლემ საქმე არ შეწყვიტა და არსებითი განხილვისთვის გადასცა სასამართლოს, არქიმანდრიტ კირიონს და საქმის სხვა არაერთ მოწმეს ჩვენებების მიცემა ახლა უკვე სასამართლოსთვის მოუწევთ - სასამართლოზე დასაკითხ პირთა სიაში არიან მოქმედი თავდაცვის მინისტრი და პრეზიდენტი. არიან ისეთი მოწმეები, რომლებიც გამოძიების საწყის ეტაპზე პროკურატურას მნიშვნელოვანი ინფორმაციის მქონედ მიაჩნდა, მაგრამ საბოლოოდ სასამართლოსთვის წარდგენილ მოწმეთა სიაში ვერ მოხვდნენ. ასეთები არიან, მაგალითად, მესაზღვრეები, რომლებზეც პროკურორი ამირან გულუაშვილი ჯერ კიდევ დეკემბერში ამბობდა, რომ მათი ჩვენებები ბრალდებულების საწინააღმდეგოა და ადასტურებდა იმას, რომ საზღვრის შეთანხმებამდე დავითგარეჯას სრულად ქართული მხარე აკონტროლებდა. მესაზღვრეები საბოლოოდ პროკურატურამ სასამართლოს მოწმეთა სიაში არ შეიყვანა.

პირველი სხდომა 2 მარტს დაინიშნა.

გამოძიება ისე მივიდა საქმის არსებით განხილვამდე სასამართლოში, რომ კითხვები არ დაუსვამს ბიძინა ივანიშვილისთვის, ვინც ბიზნესმენ დავით ხიდაშელს რუსეთის არქივებიდან რუკების ჩამოტანის დავალება მისცა, და მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, რომლის უწყებაშიც პროკურატურა არაერთი დღის განმავლობაში ფარულად უთვალთვალებდა საჯარო მოხელეებს და რომლის სამინისტროც კურირებს საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობას.

პროკურატურა კვლავ განაგრძობს გამოძიებას იმ პირების მოსაძებნად, „რომელთა დავალებითაც მოქმედებდნენ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ქვეყნის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებისას”.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG