Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: ნაც. მოძრაობის ოფისიდან სერვერები მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოვიღეთ


შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიკა მელიას დაკავების პარალელურად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან ამოიღეს გარკვეული სახის ტექნიკა, კერძოდ კი, სერვერები, თუმცა არ დაგვიკონკრეტეს, რა საფუძვლით იქნა ამოღებული ოპოზიციური პარტიის ოფისიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი ტექნიკა და არსებობდა თუ არა შესაბამისი სასამართლო განჩინება. შსს-ს პრესსამსახურმა გვითხრა მხოლოდ ის, რომ ტექნიკა "მიმდინარე გამოძიების" ფარგლებში იქნა ამოღებული და არ დაგვიდასტურა სერვერების გარდა სხვა კომპიუტერული ტექნიკის, მათ შორის ნიკა მელიას სამუშაო კომპიუტერის და სხვა კომპიუტერების პროცესორების ამოღების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება. გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია დანიშნა კანცელარიასთან დღის 3 საათზე. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მელიამ თავისი თავი თვითონ დაიკავა და მადლობა გადაუხადა შს მინისტრს ჩატარებული სპეცოპერაციისთვის. ნიკა მელიას დაკავების შემდეგ განცხადება გაავრცელეს საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც დაგმეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ნიკა მელიას დაკავების შესახებ.

XS
SM
MD
LG