Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელიას გათავისუფლება დეესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება, ფიქრობს სახალხო დამცველი


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მივიდა ადგილზე არსებული ვითარების გასაცნობად. მისი სიტყვებით, უნდა გაარკვიოს, რა ტიპის გაზი გამოიყენეს პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციისას.

„პირველ რიგში დასაზუსტებელია, რა ტიპის გაზი იქნა გამოყენებული, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტით, ადამიანის უფლებათა კომისრის სტანდარტებით, ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიეტეტის, ევროპული სასამართლოს, გაეროს სპეციალური მომხსენებლის სტანდარტებით, წიწაკის სპრეის გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში, იქ, სადაც ადამიანებს არ აქვთ საშუალება, რომ დატოვონ ტერიტორია და მიიღონ დაუყოვნებლივი დახმარება, უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და წამებასაც კი, და განსაკუთრებით აკრძალულია ამ გაზის გამოყენება მათთვის, ვინც არ წარმოადგენს საფრთხეს პოლიციისთვის", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას, ნინო ლომჯარიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სათანადოდ დასაბუთებული არ იყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა.

„წინასწარი პატიმრობის გამოყენება, ეს არ არის დასჯის ფორმა, ის არ უნდა გამოვიყენოთ იმის გამო, რომ თუნდაც მოქალაქემ დაარღვია სხვა სახის აღკვეთის ღონისძიება, ის უნდა იყოს მხოლოდ მაშინ გამოყენებული, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ბრალდებული მიიმალება, გაანადგურებს მტკიცებულებებს და ა.შ. ასეთი მტკიცებულებები სახალხო დამცველმა ვერ დაინახა“, - ამბობს ნინო ლომჯარია.

მისი სიტყვებით, მცდელობის მიუხედავად, საქმის პოლიტიკურ მდგენელს - რომ დაკავებულია ოპოზიციის ლიდერი, ვერ გავექცევით.

„ყველა აფრთხილებდა, სახალო დამცველის და საერთაშორისო საზოგადოების ჩათვლით, ხელისუფლებას, რომ მოვლენების მსგავსი განვითარება დაგვაშორებდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან, მოვლენების ამ განვითარებას მივყავათ ჩიხისკენ, დარწმუნებული ვარ, არც მმართველი ძალის მომხრეებს და არც ოპოზიციის, ბუნებრივია, არ სურთ, ქვეყანაში იყოს ასეთი პოლარიზაცია და რადიკალიზაცია“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას სიტუაციის დეესკალაციისკენ ნაბიჯი და ასეთ ნაბიჯად ნიკა მელიას გათავისუფლება მიაჩნია. იგი იმედს იტოვებს, რომ არსებული სამართლებრივი გზებით სასამართლო გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება. გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია დანიშნა კანცელარიასთან დღის 3 საათზე. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მელიამ თავისი თავი თვითონ დაიკავა და მადლობა გადაუხადა შს მინისტრს ჩატარებული სპეცოპერაციისთვის.

შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

საპოლიციო ძალები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს.

18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა გიორგი გახარია, რომელმაც მიზეზად დაასახელა ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა.

გიორგი გახარიას გადადგომამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად პარტიის ცენტრალურ ოფისში მისული შსს-ს თანამშრომლები ოპოზიციის მხარდამჭერებმა შენობაში არ შეუშვეს.

პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ "ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო". გახარიას გადადგომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკება.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

აქციაზე, რომელიც დემონსტრანტების ერთი ნაწილის პარლამენტში შესვლის მცდელობის შემდეგ მთავრობამ სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა, აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილიდან.

ნიკა მელია აცხადებს, რომ მისი წინააღმდეგ ხელისუფლებას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია და "ქართული ოცნება" გავრილოვის დავალებას ასრულებს.

მელიას ამ საქმეზე აღკვეთის ზომად გირაო ჰქონდა შეფარდებული. ნიკა მელიამ გირაოს თანხის გადახდაზე უარი თქვა, რის შემდეგაც პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით. მანამდე პარლამენტმა დააკმაყოფილა პროკურატურის მიმართვა და მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG