Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკერიას თქმით, ოპოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლების და ახალი არჩევნების საკითხს აყენებს


გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გიგაა ბოკერიამ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ დაასახელა საკითხები, რომელსაც პარტნიორების წინაშე აყენებს ოპოზიცია.

„ჩვენ ყველა ჩვენს პარტნიორთან საკითხი გვაქვს დასმული ასე - კრიზისიდან გამოსავალი არსებობს მხოლოდ ამ გზით, სასწრაფოდ გათავისუფლება ნიკა მელიასი და 8 მარტის შეთანხმებიდან ჩატოვებული გიორგი რურუასი. პრინციპიალური საკითხებია ორივე. შეწყვეტა დევნის. მომზადება ტექნიკურად ახალი ვადამდელი ნორმალური არჩევნების“, - თქვა ბოკერიამ.

პოლიტიკოსი მმართველი პარტიასთან ურთიერთობის შესახებ დასმულ შეკითხვასაც პასუხობს.

„არის ქართული საზოგადოება და მისი ნაწილი პოლიტიკური სპექტრი, რომელსაც სურს აირჩიოს და ჰყავდეს ის მთავრობა, რომელსაც უმრავლესობა უჭერს მხარს და ჰქონდეს ისეთი ცხოვრების წესი, სადაც არცერთ ოლიგარქს არ შეუძლია, რომ გადაწყვიტოს „ამას დავიჭერ“.

20 ივნისის სამარცხვინო ღამის შემდგომ დაისჯებიან ისინი, ვინც მანიფესტაციის მშვიდობიან ნაწილს ესროლა და თვალები დათხარა. პოლიტიკურად დაისჯებიან ისინი, ვინც საქართველოს მტერი ჩამოიყვანა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე დასვა და არა ისინი, ვინც ეს გააპროტესტა. ეს არის შეუთავსებელი პოზიციები, მაგრამ ჩვენ მათ [ხელისუფლებას] ვაიძულებთ, რომ ეს მიიღონ“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება.

ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს. მომდევნო საპროტესტო აქცია-მსვლელობა 26 თებერვალს დაანონსდა.

მანამდე, სამოქალაქო აქტივისტებისა და აქციის მონაწილეების თქმით, პარლამენტის წინ კარვები გაიშლება.

შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

საპოლიციო ძალები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG