Accessibility links

site logo site logo

ამერიკელი კანონმდებლები საქართველოს მთავრობას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ


აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალჩინოსანი წევრი, რესპუბლიკელი ჯიმ რიში, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი ჯინ შაჰინი და წარმომადგენელთა პალატაში „საქართველოს მეგობართა“ ჯგუფის რესპუბლიკელი და დემოკრატი თანათავმჯდომარეები, ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ „ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის ბატონი მელიას და გიორგი რურუას“ დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ.

4 ამერიკელი კანონმდებლის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ძალით შეჭრილიყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მისი ლიდერის ნიკა მელიას და ათობით აქტივისტის დასაკავებლად, ღრმა შეშფოთებას იწვევს: „საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების და სასამართლოს კორუმპირებულად გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების განსახორციელებლად, საფრთხეს უქმნის იმას, რაც საქართველოს დარჩა მისი დემოკრატიისა და ევროატლანტიკური გზისგან".

სენატორები რიში და შაჰინი და კონგრესმენები კინზინგერი და კონოლი ასევე, აცხადებენ, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს და მოლაპარაკება აწარმოოს კრიზისის მშვიდობიანად მოგვარების მიზნით.

23 თებერვალს, საპოლიციო ძალებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია. შენობაში მყოფთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს 21 პირი. სამედიცინო დახმარება დასჭირდა 17-ს.

შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

საპოლიციო ძალები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მეორე დილას. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შეცვალა 18 თებერვალს გადამდგარი გიორგი გახარია, რომელმაც გადადგომის მიზეზად დაასახელა ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა.

გიორგი გახარიას გადადგომამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად პარტიის ცენტრალურ ოფისში მისული შსს-ს თანამშრომლები ოპოზიციის მხარდამჭერებმა შენობაში არ შეუშვეს. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ „ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო“.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

მელიას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო - 40 000 ლარი. მან თანხის გადახდაზე უარი თქვა, რის შემდეგაც პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით. მანამდე პარლამენტმა დააკმაყოფილა პროკურატურის მიმართვა და მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.

საქართველოს სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული არ იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG