Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობა დატოვა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახა ქემოკლიძემ 


კახა ქემოკლიძე
კახა ქემოკლიძე

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების შესახებ „ფეისბუკზე" იუწყება კახა ქემოკლიძე. მან განსაკუთრებულად გადაუხადა მადლობა ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და წარმატება უსურვა ახალ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს.

„მინდა გულწრფელად ვთქვა, 10 წლის განმავლობაში მქონდა პატივი (ალბათ უიშვიათესი), რომ მემუშავა განსაკუთრებულ ადამიანებთან, ხელმძღვანელებთან და ლიდერებთან (როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში). ვფიქრობ, ეს 10 წელი იყო, ღირებული იმითაც, რომ ჩემს თვალწინ გაიზარდა ახალგაზრდა პროფესიონალების და გულწრფელი პატრიოტების ისეთი თაობა, რომელიც მომავალში იქნება ქვეყნისთვის მყარი საყრდენი!

არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას!

ადამიანს, რომელსაც, არ დაგიმალავთ ეჭვის თვალითაც კი (პროფესიული ჩვევებიდან და ინსტიქტებიდან გამომდინარე ვუყურებდი დასაწყისში . მადლობა გახარიას, იმისთვის, რომ იყო თავდაუზოგავი (ხშირ შემთხვევაში ფიზიკურად ამოუხსნელი) შრომის, საოცრად სწრაფი ფიქრის უნარის, სწორი სახელმწიფოებრივი ფასეულობების და ღირებულებების მატარებელი და ბევრისათვის სამაგალითო ლიდერი. იყო შინაარსობრივად მერიტოკრატიის რწმენით გამსჭვალული ხელმძღვანელი; ქრონიზმის, ნეპოტიზმის, ზედმეტი ბიუროკრატიის მტერი და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ამღები თანამედროვე მენეჯერი. მადლობა მას, იმისთვის, რომ მომცა საშუალება ვყოფილიყავი სახელმწიფო ინტერესების დაცვის სადარაჯოზე და მემსახურა ჩემი ქვეყნისათვის.

დასასრულს, მინდა სახელმწიფოებრივ საქმეში, გულწრფელად წარმატება ვუსურვო ახალ პრემიერს. საქართველოს, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების, რელიგიური მრწამსის, ეთნიკური კუთვნილების, მსოფლმხედველობის და ა.შ. მიუხედავად სჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია, რადგან წინ ბევრი რთული გამოწვევაა! ამ ქვეყნის ძალა არის მხოლოდ ერთობაში!

მე დროებით გემშვიდობებით. ჩვენ კვლავ შევხვდებით!" - წერს ქემოკლიძე. ის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად მიმდინარე წლის 4 თებერვალს დანიშნეს.

ქემოკლიძე ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი.

18 თებერვალს გიორგი გახარიამ დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.22 თებერვალს რიგგარეშე სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობით მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა (89 ხმით, 2-ის წინააღმდეგ) საქართველოს პარლამენტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG