Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

ვახო სანაიასა და მის ოჯახის წევრებზე თავდასხმას მიუღებლად მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა! ძალადობა, არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია და მას არანაირი გამართლება არ აქვს! მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა!" - წერს „ფეისბუკზე" პრეზიდენტი.

ტელეკომპანია „ფორმულის" ჟურნალისტს ვახო სანაიას და მის რძალს თავს გუშინ ღამით სახლში დაბრუნების დროს დაესხნენ. ჟურნალისტი ამბობს, რომ მას თავისა და ფეხის არეში დაზიანებები მიაყენეს:

„[ერთ-ერთმა პირმა] შემოუარა მანქანას და ვიგრძენი, რომ მიახლოვდებოდა სირბილით. მუშტებოღერებული უნდა დამსხმოდა თავს, როცა ინსტიქტურად გავიწიე და ეს პირი წაიქცა. მოყინული იყო და მეც ამისრიალდა ფეხი და წავიქეცი. ამ დროს დანარჩენი ორი მოვიდა და დაიწყეს ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება... ჩემს რძალასაც დაზიანებები აქვს, მასაც კი დაარტყეს".

ჟურნალისტი ამბობს, რომ თავდამსხმელებს მის მიმართ, როგორც ჟურნალისტის მიმართ აგრესია ჰქონდათ. მისი თქმით, თავდამსხმელები მისი ვინაობის დადგენამდე ცდილობდნენ მოყინულ გზაზე მანქანის გადაადგილებაში დახმარებოდნენ, მისი ამოცნობის შემდეგ კი სიტუაცია შეიცვალა:

"მიცნეს და ამის შემდეგ დაიწყეს ეს პროვოცირება. გინება ჩვენ მიმართ ["ფორმულა"], "TV პირველის" მიმართ ჰქონდათ ეს აგრესია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის იმის ასახვა, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ".

ვახო სანაიაზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით საპატრულო პოლიციამ სამი პირი დააკავა.

ვახო სანაიას დაუდასტურდა ტვინის შერყევა.

XS
SM
MD
LG