Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს


ზაალ უდუმაშვილი
ზაალ უდუმაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც მისი დაწყების წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, შეხვედრა საორგანიზაციო საკითხებზე მსჯელობას დაეთმობა:

„დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრაა. როგორც თქვენ იცით, გუშინ ჩვენ დავაანონსეთ ის გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ამ ორი კვირის განმავლობაში ვაპირებთ მოქმედებას. ეს იქნება როგორც დიდი და მასშტაბური აქცია თბილისში, ასევე შედარებით მცირერიცხოვანი, მაგრამ ასევე მასშტაბური აქციები სახელმწიფო უწყებებთან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი დეტალია გასავლელი, მათ შორის, საორგანიზაციო და ყველაფერ ამ თემებზე დღეს ჩვენ ოპოზიციურ ფორმატში ვიმსჯელებთ“, - აღნიშნა მედიასთან ზაალ უდუმაშვილმა.

გუშინ, 26 თებერვალს, ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები 13:00 საათზე შეიკრიბნენ ფილარმონიასთან. მათი „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ იქიდან დაიწყო და საქართველოს პარლამენტთან გადაინაცვლა. პოლიტიკური განცხადებები პარლამენტთან გამართულ მიტინგზეც გაკეთდა. გამოცხადდა მომავალი სამოქმედო გეგმაც, რომელიც 2 კვირაზე გაიწერა. ხანმოკლე გამოსვლების შემდეგ, პოლიტიკური ლიდერების მეთაურობით, მოქალაქეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს და შემდეგ ისევ პარლამენტთან დაბრუნდნენ, სადაც ამ დროისათვის პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების 12 კარავია გაშლილი.

საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა 23 თებერვალს, საპოლიციო ძალების მიერ ნიკა მელიას დაკავებამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG