Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები საქართველოში „დემოკრატიისა და თავისუფლების სიმყიფეზე“ ლაპარაკობენ


აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, გრეგორი მიკსი საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ევროპელი და ამერიკელი კანონმდებლების განცხადებას შეუერთდა.

"დღეს გრეგორი მიკსმა, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გვაცნობა, რომ უერთდება ბალტიის ქვეყნების პარლამენტარების, პოლონეთის პარლამენტის, ჩეხეთის სენატისა, გერმანიის ბუნდესტაგის და გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის განცხადებას საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ. კონგრესის ორივე პალატამ გამოგვიცხადა მხარდაჭერა". – წერს სოციალურ ქსელ ტვიტერზე ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი.

ამერიკელმა და ევროპელმა კანონმდებლებმა გამოაქვეყნეს განცხადება, რომლითაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრამ, მისი ლიდერის, ნიკა მელიას დასაკავებლად, „გამოააშკარავა დემოკრატიისა და თავისუფლების სიმყიფე საქართველოში”.

“მოვუწოდებთ ქართველებს, გაერთიანდნენ, რათა მოძებნონ პოლიტიკური გამოსავალი იმ პრობლემების გადასაწყვეტად, რომლებსაც ბოლო წლებში ვხედავთ და არ მიმართონ სხვათა მიერ გამოყენებულ ტაქტიკას ქართველი ხალხის ინტერესების დასაზიანებლად”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები წერენ, რომ დესტაბილიზაციისა და ანტიდემოკრატიული ქმედებები, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული და ბოლო დრომდე გაგრძელებული, „ხაზს უსვამს ძალაუფლების მქონე ყველა პიროვნულ პასუხისმგებლობას თავშეკავებისკენ და შედეგებს მთელი ერისთვის მათთვის, ვინც ამას არ აკეთებს. ეჭვი არ ეპარება საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის თავისუფალ წევრს, მაგრამ საფრთხე ემუქრება თავისუფლების ძალადობასა და შეტევას“.

განცხადებას ხელს აწერენ:

რობერტ მენენდესი – აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;

გრეგორი მიკსი – აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;

პაველ ფიშერი – ჩეხეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე;

მარეკ კუხჩინსკი – პოლონეთის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;

რიჰარდს კოლსი – ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;

მარკო მიხელსონი – ესტონეთის რიიგიკოგუს[პარლამენტის] საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;

ჟიგიმანტას პავილიონისი – ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;

ნორბერტ როტგენი – გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;

ტომ ტუგენდჰატი – გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება.

შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

საპოლიციო ძალები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG