Accessibility links

site logo site logo

არაოფიციალური ინფორმაციით, ნავალნი პოკროვის კოლონიაში ჩაიყვანეს


რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც მიმდინარე კვირაში იქნა ეტაპირებული მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორიდან, ვლადიმირის მხარის კოლონიაში ჩაიყვანეს. ამის შესახებ rbc.ru იტყობინება მოსკოვის საზოგადოებრივ სადამკვირვებლო კომისიაზე დაყრდნობით.

ნავალნი დიდი ალბათობით იმყოფება კოლონია ИК-2-ში ქალაქ პოკროვში, მაგრამ ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.

იმის შესახებ, რომ ნავალნის პოკროვის კოლონიაში გამგზავრებას უპირებდნენ, 27 თებერვალს იტყობინებოდა საიტი yarnovosti.com საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. 28 თებერვალს ამ გამოცემამ პატიმრებისგან მომდინარე ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადასტურა, რომ ნავალნი პოკროვის კოლონიაში იმყოფება. როგორც უფლებადამცველი რუსლან ვახაპოვი აცხადებს, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც ნავალნისთან მის ადვოკატებს დაუშვებენ.

ვახაპოვის თქმით, პატიმრებს, რომლებიც ნავალნისთან ერთად ჩაიყვანეს ეტაპით პოკროვის კოლონიაში, უჩვეულოდ კორექტულად ეპყრობოდნენ წესების დაცვით და „არავინ უცემიათ“.

როგორც ამბობს აქტივისტი კონსტანტინ კოტოვი, რომელსაც ამ კოლონიაში აქვს პატიმრობა მოხდილი, კოლონია საერთო რეჟიმისაა, მაგრამ უფრო მკაცრი რეჟიმისას ჰგავს. კოტოვის ადვოკატის, მარია ეისმონტის თქმით, კოლონია ძალზე „რეჟიმულია“, რომელშიც ყველაფერი იმაზეა მიმართული, რომ ადამიანი განუწყვეტლივ გრძნობდეს ადმინისტრაციაზე დამოკიდებულებას და არ ჰქონდეს თავისუფალი დრო.

სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ვალდებულია, ნავალნის ნათესავებს ათი დღის განმავლობაში შეატყობინოს კოლონიაში ჩაყვანა.

2 თებერვალს მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის ე.წ. „ივ როშეს“ საქმესთან დაკავშირებით ადრე მისჯილი პირობითი პატიმრობა რეალური სასჯელით შეუცვალა. მან პატიმრობაში კიდევ 2 წელი და 5 თვე უნდა გაატაროს.

თავად ნავალნი, მრავალრიცხოვანი უფლებადამცველები და დასავლეთის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG