Accessibility links

site logo site logo

მსოფლიოში იზრდება კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამო შეშფოთება


სამხრეთი აფრიკა ასუსტებს რამდენიმე კვირის განმავლობაში მოქმედ შეზღუდვებს, მაშინ, როცა ბრაზილიის დედაქალაქის გარშემო რეგიონსა და ევროპის ნაწილებში მძიმე მდგომარეობაა. კორონავირუსის პანდემიას ამძაფრებს ვირუსის ახალი ვარიანტების გავრცელება.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოზამ გამოაცხადა, რომ 1 მარტიდან ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული აკრძალვების შემსუბუქება იწყება დაავადების გავრცელების „დრამატული კლების“ შემდეგ.

სამხრეთ აფრიკაში გავრცელდა კორონავირუსის ე.წ. სამხრეთაფრიკული ვარიანტი, რომელიც, როგორც ითვლება, უფრო სახიფათოა და ეს შეშფოთებას იწვევს მთელ მსოფლიოში.

პანდემიის მთელი ხნის განმავლობაში ყველაზე მძიმე პერიოდს განიცდის ბრაზილია, ვინაიდან ვირუსის ვარიანტი, რომელიც თავდაპირველად ქალაქ მანაუსში აღმოჩნდა, მთელ ქვეყანაში ვრცელდება. შეშფოთებული ეპიდემიოლოგების თქმით, მანაუსში ჩატარებული გამოკვლევები მიანიშნებს, რომ კორონავირუსის ახალ ვარიანტს უნარი შესწევს, თავი აარიდოს გამომუშავებულ ანტისხეულებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი ინფექციები აძლიერებს უკანასკნელ ტალღას.

მეცნიერთა თქმით, მანაუსში გამოვლენილი ვარიანტი გარკვეულად ჩამოჰგავს სამხრეთაფრიკულ მუტაციას და, შესაძლოა, უფრო სუსტად რეაგირებდეს ამჟამად არსებულ ვაქცინებზე.

გასული კვირის ბოლოს ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში ორკვირიანი ლოკდაუნი დაიწყო მას შემდეგ, რაც რამდენიმე შტატმა და ქალაქმა გამოაცხადა ახალი მკაცრი ზომები. ეს ზომები რეაქციაა ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევების, ჰოსპიტალიზებული პაციენტებისა და გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდაზე.

იმ ქვეყნებს შორის, სადაც გამოვლინდა ბრაზილიური მუტაცია, უკანასკნელია დიდი ბრიტანეთი. შარშან ბრიტანეთში გამოვლინდა კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც უფრო გადამდებია. ვარაუდობენ, რომ ის ლონდონის მახლობლად გაჩნდა. მას შემდეგ ბრიტანული ვარიანტი ევროპის დიდ ნაწილში გავრცელდა. ამან პანდემიის მესამე ტალღის შიში გააჩინა და ევროპის ქვეყნებს პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ზომების კიდევ უფრო გამკაცრებისკენ უბიძგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG