Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკერიას თქმით, პლებისციტი იყო „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა თავის დროზეც


გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ თქვა, რომ მცირე ნიუანსების გარდა ოპოზიციას ჰქონდა ფუნდამენტურად საერთო გზავნილი.

„კრიზისი საქართველოში განიმუხტება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პოლიტიკური დევნა შეწყდება. პოლიტიკური პატიმრები [გათავისუფლდებიან], მელია და 8 მარტის შეთანხმებიდან გიორგი რურუა (რომელიც ევროკავშირის შუამავლობით იყო მიღწეული და დაირღვა ივანიშვილის რეჟიმის მიერ). დაჯდომა სასაუბროდ, როგორ მივდივართ ვადამდელ თავისუფალ არჩევნებამდე. ეს არის საერთო კონსენსუსი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მას მოესმინა როგორც დეტალები, ასევე არგუმენტები ჩვენი მხრიდან“, - ამბობს ბოკერია.

ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ოპოზიცია აყენებს, ეხება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ პლებისციტს.

„პლებისციტი იყო "ევროპული საქართველოს" ინიციატივით დაყენებული საკითხი თავის დროზეც, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ჩვენ ამას, როგორც სერიოზულ კომპრომისს. პლებისციტის კითხვა უნდა იყოს, გსურთ თუ არა, ამა და ამ კონკრეტულ თარიღზე, არა შორეულ მომავალში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. რა თქმა უნდა, ეს პლებისციტი უნდა იყოს ჩატარებული თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ეს ნიშნავს პოლიტიკური დევნის შეჩერებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და იმ პაკეტს რეფორმებისა, რომელიც შეტანილია უკვე ოპოზიციის მხრიდან. ამ თავისუფალ ვერდიქტს ჩვენი საზოგადოების, ყველა უნდა დაემორჩილოს“, - აღნიშნა ბოკერიამ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 28 თებერვალს, საღამოს ეწვია. დღეს დილით შარლ მიშელი შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, დღის მეორე ნახევარში კი ოპოზიციას ესაუბრა.

შარლ მიშელის ვიზიტი მიმდინარეობს საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ.

4-პუნქტიან გეგმაში, რომელიც ოპოზიციამ ჯერ კიდევ დეკემბერში წარადგინა, ნათქვამი იყო:

„ვარიანტი 1. ახალი არჩევნების დანიშვნა 2021 წელს;

ვარიანტი 2: პრემიერ-მინისტრი ნიშნავს პლებისციტს 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. პლებისციტი უნდა ჩატარდეს შეკითხვით: „უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2021 წლის შემოდგომაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად“. პასუხის ვარიანტები: „დიახ“ და „არა“.

იმ შემთხვევაში, თუ პლებისციტში მონაწილე საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა დადებითად უპასუხებს პლებისციტში დასმულ კითხვას, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს 2021 წლის შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებთან ერთად. რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს ამ შეთანხმების მე-3 და მე-4 პუნქტების [საარჩევნო სისტემის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმის] გათვალისწინებით“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG