Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კამასუტრა“: რა (არ) ვიცით ეროტიკული სიყვარულის უძველეს სახელმძღვანელოზე


„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება „კამასუტრას“ - ჩვენი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში, ინდოეთში დაწერილ წიგნს. „კამასუტრა“ ეროტიკულ სიყვარულში მსოფლიოს ყველაზე სახელგანთქმულ სახელმძღვანელოდ რჩება - თუმცა, მის შესახებ ძალიან ბევრი არასწორი, ზედაპირული, უხამსი და ვულგარული წარმოდგენა არსებობს.

სალომე ასათიანის პოდკასტი

„კამასუტრა“ - ჩვენი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში, ინდოეთის სალიტერატურო ენაზე, სანსკრიტზე დაწერილი წიგნი - ეროტიკულ სიყვარულში მსოფლიოს ყველაზე სახელგანთქმულ სახელმძღვანელოდ რჩება. და, ამავდროულად, ეს არის წიგნი, რომლის შესახებაც ალბათ ყველაზე ბევრი არასწორი, ზედაპირული, უხამსი და ვულგარული წარმოდგენა მეფობს - საუკუნეების განმავლობაში, მთელს მსოფლიოში.

ყველა, ვისაც ეს სიტყვათშეხამება, „კამასუტრა“, ერთხელ მაინც გაუგია, ალბათ მყისიერად გვეტყვის, რომ ეს არის წიგნი პოზებზე - ხშირად ძალიან რთულ, უხერხულ და აკრობატულ პოზებზე - სექსუალური აქტის დროს. პოსტსაბჭოთა სივრცეში, მახსოვს, ეს წიგნი, უფრო სწორად მისი კუსტარულად გამოცემული, რუსულენოვანი ადაპტაცია გავრცელდა და ჩემზე, მაშინ თინეიჯერზე, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მისმა ილუსტრაციებმაც და ისეთმა უცნაურმა სახელებმაც, როგორებიცაა, მაგალითად, „მთქნარების პოზა“, „ლურსმნის ჩაჭედების პოზა“ და „კიბორჩხალის პოზა“.

არადა, ეს „პოზები“, რეალურად, „კამასუტრის“ შვიდი თავიდან ერთ-ერთის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს. ეს მონაკვეთი, ცხადია, თავისთავად მნიშვნელოვანია - მაგრამ, როგორც პოდკასტის ამ ეპიზოდიდან შეიტყობთ, „კამასუტრა“ გაცილებით მეტს მოიცავს.

ის პოსტსაბჭოთა გამოცემა ერთ-ერთი იყო იმ უამრავი პუბლიკაციიდან, რომლებიც „კამასუტრის“ მიხედვით, თუ მისი ადაპტაციითაა დაბეჭდილი - მაგალითად, „კამასუტრა დამწყებთათვის“, „კამასუტრის აერობიკა“, “კამასუტრა გეებისთვის“ და “კამასუტრა: დასურათებული სახელმძღვანელო“. კოსმოპოლიტანმა - მოდის და გართობის ცნობილმა ჟურნალმა ქალებისთვის - 2012 წელს გამოაქვეყნა „კოსმო კამასუტრა“, რომელიც მყისიერად იქცა ბესტსელერად. ჩემი საყვარელი ვერსია კულინარიული წიგნია, სათაურით „ჯანჯაფილის ნამცხვრების კამასუტრა: სიამოვნების 25 რეცეპტი“. „კამასუტრა ნიშნავს, რომ შემოქმედებითი მიდგომა საძინებელშიც შეგიძლიათ გამოავლინოთ და სამზარეულოშიც. ჯანჯაფილის ნამცხვრების ეს რეცეპტები რომანტიკული ურთიერთობის რეცეპტებია“ - გვამცნობს ამ წიგნის ყდა.

ვენდი დონიგერი
ვენდი დონიგერი

წიგნების გარდა, ამ სიტყვებს - კამა სუტრა - კიდევ უამრავ კონტექსტში შეხვდებით. გუგლი წამზე ნაკლებ დროში მოგიძებნით მილიონობით ვებსაიტს, სადაც ნახავთ ტელესერიალებს, ფილმებს, ბრენდირებულ პრეზერვატივებს, სათამაშოებს, მაჯის საათებს, რომლებიც საათში ერთხელ სექსის სხვადასხვა პოზის ილუსტრაციას აჩვენებენ, სმარტფონების აპლიკაციებს, შოკოლადებს, და ავეჯსაც კი - ტახტებს, საწოლებს და ლეიბებს, რომლებიც, როგორც მათი მაწარმოებლები აცხადებენ, კამასუტრის მიხედვით სექსისთვის არის გაკეთებული.

ნაწილობრივ, ალბათ, სწორედ ამგვარი კომერციალიზაცია და გაუბრალოებაა იმის მიზეზი, რომ „კამასუტრის“ რეპუტაცია შელახული რჩება და მას ხშირად არასერიოზულად აღიქვამენ. თუმცა, ამ ვითარებას სხვა, უფრო ღრმა და ისტორიული ფაქტორებიც იწვევს, რომლებიც უკავშირდება ბრიტანეთის მიერ ინდოეთის კოლონიურ მართვას, როცა ვიქტორიანულმა და პროტესტანტულმა მორალურმა შეხედულებებმა ამ ტექსტის დისკრედიტაცია ინდოეთის საზოგადოების ელიტურ წრეებშიც მოახდინა.

ასათიანის კუთხე

ასათიანის კუთხე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:32 0:00
სალომე ასათიანის პოდკასტში, "ასათიანის კუთხეში", ბინადრობს ბევრი მოსაზრება, წიგნი, ფილმი, მუსიკა, იდეა, პოზიცია, ემოცია და ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერზე გვიყვება. გადაცემის ავტორთან დაკავშირება შეიძლება ელექტონული ფოსტით, მისამართზე asatianis@rferl.org და ფეისბუკით, ამ პოდკასტის გვერდზე.

ამ უსამართლო ვითარების გამოსწორება და „კამასუტრისთვის“ დამსახურებული პატივის მიგება გახდა მთავარი მიზანი, რამაც ინგლისურენოვანი აკადემიური სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს სანსკრიტოლოგს, ამერიკელ მკვლევარ ვენდი დონიგერს თავისი წიგნი, „კამასუტრის გამოხმობა“ დააწერინა. ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ 2016 წელს გამოცემულ ამ წიგნში დონიგერი აღწერს „კამასუტრის“ კომპლექსურობას, მისი დროისთვის უცნაურ დახვეწილობას და წერს იმაზე, თუ რა ფსიქოლოგიურ და მგრძნობელობით ნიუანსებს ეხება „კამასუტრა“ ქალების და კაცების ურთიერთობებში, როგორ ასახავს მგრძნობელობას, სიამოვნებას, ქორწინებას, ოჯახურ ცხოვრებას, ადიულტერს; რაოდენ დახვეწილი და გაბედულია ის ქალის სექსუალობაზე, სიამოვნებაზე, ორგაზმზე ლაპარაკისას და როგორ უცნაურად თანამედროვე, განსჯისგან და მორალიზმისგან შორს მდგომ შეხედულებებს ავლენს როგორც ჰომოსექსუალობასთან, ისე გენდერულ კომპლექსურობასთან, როლების ცვლასთან, „კაცურობის“ და „ქალურობის“ განსაზღვრებებთან მიმართებით.

ვენდი დონიგერი - რომელიც ჩიკაგოს უნივერსიტეტში მირჩა ელიადეს სახელობის პროფესორის საპატიო სტატუსს ატარებს და ინდუიზმის და პარალელური მითოლოგიის ვეტერანი მკვლევარია - „ასათიანის კუთხის“ ამ ეპიზოდის სტუმარია. მასთან ერთად ვსაუბრობთ „კამასუტრის“ მიმართებაზე ინდოეთის კულტურულ და რელიგიურ კონტექსტებთან, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მოიცავდა ერთი მხრივ მგრძნობელობის და სენსუალობის, მეორე მხრივ კი პურიტანიზმის და ასკეტიზმის მძლავრ ტრადიციებს. პროფესორი დონიგერი გვესაუბრება „კამასუტრის“ ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთებზე, გვიყვება, როგორ გამოწვევას უქმნიდა ეს წიგნი მის დროში გამეფებულ ბევრ კონსერვატიულ შეხედულებას და გვიხსნის, მაინც რატომ არის „კამასუტრა“ უნიკალური მნიშვნელობის მატარებელი არა მხოლოდ ინდოეთის, არამედ მსოფლიოს ლიტერატურისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG