Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს პატიმრობა მიუსაჯეს კორუფციის საქმეში


ნიკოლა სარკოზი სიტყვით გამოდის თბილისში, თავისუფლების მოედანზე, 2011 წლის ოქტომბერში
ნიკოლა სარკოზი სიტყვით გამოდის თბილისში, თავისუფლების მოედანზე, 2011 წლის ოქტომბერში

საფრანგეთის სასამართლომ ამ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ქრთამის მიცემის და გავლენის გამოყენების ბრალდებით. პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილება გულისხმობს ერთწლიან პატიმრობას და ორი წლით პირობით სასჯელს.

პენსიაში მყოფ 66 წლის პოლიტიკოსს, რომელიც უარყოფს ყოველგვარ დარღვევას, ახლა ათი დღე აქვს განაჩენის გასაჩივრებისთვის.

პროკურატურამ მოახერხა დაერწმუნებინა სასამართლო, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეეცადა მოესყიდა სამოქალაქო მოსამართლე, ჟილბერ აზიბერი და მას მონაკოში პრესტიჟული სამუშაო შესთავაზა თავისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსების თაობაზე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიღების სანაცვლოდ.

ბრალდების თანახმად, ეს ცნობილი გახდა სარკოზისა და მის ყოფილ ადვოკატს, ტერი ჰერცოგს შორის გამართული საუბრის მოსმენის შედეგად, მას მერე, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა დატოვა თანამდებობა 2012 წელს ლიბიიდან მისი იმავე კამპანიის დაფინანსების შესახებ ცალკე გამოძიების გამო. სარკოზი სასამართლოს წინაშე წარდგა ჰერცოგსა და აზიბერთან ერთად, რომლებიც ასევე უარყოფენ დარღვევას.

სარკოზის შეუძლია მოითხოვოს ერთი წლის, პატიმრობის ნაცვლად, შინ გატარება ელექტრონული სამაჯურით. მოელიან, რომ გასაჩივრება დაკმაყოფილდება და სასჯელის აღსრულება შეჩერდება, წერს "ნიუ-იორკ ტაიმსი".

საფრანგეთის უახლოეს ისტორიაში, დამნაშავედ სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა საფრანგეთის მხოლოდ ერთი ყოფილი პრეზიდენტი, ჟაკ შირაკი, რომელიც 2011 გაასამართლეს სახელმწიფო სახსრების მიტაცების და არამიზნობრივი ხარჯვისთვის პარიზის მერობის დროს.

შირაკი იყო საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი, რომელიც სასამართლოს წინაშე წარდგა მას მერე, რაც ფილიპ პეტენი ცნეს დამნაშავედ სახელმწიფოს ღალატისთვის მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG