Accessibility links

site logo site logo

ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირების აქციას გამართავს


ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირების და სხვა აქციების გეგმა 26 თებერვალს გამართულ მიტინგზე გამოაცხადა

„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები დღეს დილიდან გეგმავენ პარლამენტის შენობის პიკეტირებას. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ აქციის მიზანია დეპუტატებისთვის დისკომფორტის შექმნა მშვიდობიანი ფორმით და არა შენობაში შესვლის შეზღუდვა.

პარლამენტის პიკეტირების და ამ დღეებში დაგეგმილი სხვა აქციების გეგმა ოპოზიციამ 26 თებერვალს გამართულ მიტინგზე გამოაცხადა.

საპროტესტო აქციების გეგმა არ შეუცვლია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით, 1 მარტს, თბილისში გამართულ შეხვედრას, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდნენ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეხვედრის შემდეგ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველოში შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად პოლიტიკური დიალოგი განახლდა. წინასწარი შეთანხმებით, მხარეებმა მოლაპარაკება უნდა გააგრძელონ არჩევნების და მართლმსაჯულების საკითხებზე.

ოპოზიციის მიერ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებულად გამოცხადების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა 23 თებერვალს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG