Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართულ ოცნებაში" ოპოზიციის პიკეტი პირობის დარღვევად შეაფასეს


პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ პარლამენტთან ორგანიზებულ პიკეტს პირობის დარღვევის პირველ პრეცედენტს უწოდებს.

„გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ყველა მხარეს არწმუნებდა შარლ მიშელი, რომ მოლაპარაკებები უნდა გადასულიყო კონსტრუქციულ რეჟიმში და დღეს ამის საპირისპიროდ, ოპოზიციის უკიდურესად დესტრუქციული მოქმედება ვნახეთ“, - უთხრა პარლამენტში მედიას მამუკა მდინარაძემ.

მისივე შეფასებით, ოპოზიციის საქციელი სწორი არ არის და მხარეებს მოლაპარაკების პოზიტიურ შედეგთან ვერ მიიყვანს: „თუმცა, ამის მიუხედავად ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკების პროცესს ბოლომდე მივყვეთ, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე პოზიტიური შედეგი დაიდოს. თუ მათი მხრიდან დესტრუქცია გაგრძელდება და ერთი რაციონალური ნაბიჯი მაინც არ გადმოიდგმება, შეხების წერტილი ნაკლები იქნება, მაგრამ თუ ისინი, კარგი გაგებით, იძულებული გახდებიან, ერთი რაციონალური ნაბიჯი მაინც გადმოდგან, ამ შემთხვევაში, მარტივი იქნება მედიაცია".

ოპოზიცია დილიდან მართავს პარლამენტის პიკეტირების აქციას. პოლიციამ კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავა.

პარლამენტის პიკეტირების და ამ დღეებში დაგეგმილი სხვა აქციების გეგმა ოპოზიციამ 26 თებერვალს გამართულ მიტინგზე გამოაცხადა.

საპროტესტო აქციების გეგმა არ შეუცვლია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით, 1 მარტს, თბილისში გამართულ შეხვედრას, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდნენ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეხვედრის შემდეგ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველოში შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად პოლიტიკური დიალოგი განახლდა. წინასწარი შეთანხმებით, მხარეებმა მოლაპარაკება უნდა გააგრძელონ არჩევნების და მართლმსაჯულების საკითხებზე.

ოპოზიციის მიერ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებულად გამოცხადების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა 23 თებერვალს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG